ანგარიშები
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები ნოემბრის ანგარიში
24.12.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდებისა და ონლაინ მედიაში მათი აქტიურობის/გაშუქების დაკვირვებას.

ნოემბერში განხორციელებული მედიამონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა საქართველოში ულტრამემარჯვენე რიტორიკის დამახასიათებელი გზავნილები. შესწავლილი სამიზნე ჯგუფები, ყველაზე ხშირად არიან ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მათი ლიდერების აგრესიის სამიზნე.

ნოემბერში, როგორც წინა თვეების განმავლობაში, ულტრამემეარჯვენე ჯგუფები და მათი ლიდერები საპროტესტო აქციებისთვის მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით,  სოციალურ ქსელებს იყენებდნენ. შეკრებების დაგეგმვა, ორგანიზება და ინფორმაციის გავრცელებაც ძირითადად ფეისბუქის მეშვეობით ხდებოდა.

მადისკრედიტირებელი კამპანია და ნოემბრის საპროტესტო აქციები

ნოემბერში, მედიამონიტორინგის[1] ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათ შორის, „ქართული იდეა“, „ქართული მარში“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „ახალგაზრდული მოძრაობა - ზნეობა“ ძირითადად, სამიზნე ჯგუფების დისკრედიტაციის მიზნით, კოორდინირებულად შეიმუშავებდნენ და ავრცელებენ  გზავნილებს..  ნოემბერში ულტრამემარჯვენე ჯგუფების მთავარი ინტერესი იყო: 1) ქვიარ თემატიკის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლა და 2) ნოემბრის საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია.

ნოემბერში კინოფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლის მიზანმა, ტრადიციულად ერთმანეთთან დაპირისპირებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები: „ქართული მარში“ და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერი „ალტ-ინფო“ გააერთიანა. მათ გურამ ფალავანდიშვილთან[2]  ერთად, კინოფილმის პრემიერის ჩაშლისათვის ერთობლივი კამპანია წამოიწყეს. ულტრამემარჯვენე ლიდერები ფილმის დახასიათებისას იყენებდნენ იდენტურ, სიძულვილის ენის შემველ ტერმინებს: „გარყვნილების პროპაგანდა“, „სიბინძურის ჩვენება“ და „მამათმავლური ცოდვა“.

8, 9 და 10 ნოემბერს აღნიშნულმა ჯგუფებმა ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის  ჩაშლა სცადეს.

ულტრამემარჯვენე რიტორიკის მქონე ფეისბუქ გვერდები, როგორებიცაა : „GEO Pepe”, “ნუ გამოლიბერალდები, იაზროვნე.”, „ქართული გვერდი“ და „ანტი-პარადოქსი” აზიარებდნენ კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პროდიუსერების მადისკრედიტირებელ გზავნილებს და ცდილობდნენ მათ დაკავშირებას ნაციონალურ მოძრაობასთან.

მეორე მნიშნელოვანი საკითხი, რომელმაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ნაწილი გააერთიანა,   „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებით გამოწვეული ნოემბრის საპროტესტო აქციები იყო. ფეისბუქ გვერდები: „კარდჰუ“, „მეხუთე კოლონა“, „ნუ გამოლიბერალდები, იაზროვნე“, „ქართული გვერდი“ და “Geo pepe” საპროტესტო აქციების წინააღმდეგ  დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და დემონსტრანტებს „მკრეხელურ სექტად’’ მოიხსენიებდნენ. გარდა ამისა, ისინი აქტიურად ცდილობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკავშირებას საპროტესტო აქციებთან. მიმდინარე აქციებს იდენტური გზავნილებით გამოეხმაურნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებიც. 

ნოემბერში საპროტესტო აქციების დისკრედიტაცია შესამჩნევი იყო  ისეთ პრორუსულ მედია საშუალებებშიც, როგორებიცაა:  “საქართველო და მსოფლიო” და „საქინფორმი”.

ნოემბერში ულტრამემარჯვენე დისკურსში გააქტიურდა ახალგაზრდული ცენტრის „ზნეობის“ ლიდერი დავით ლორთქიფანიძე. მან 21-22 ნოემბერს გურამ ფალავანდიშვილთან ერთად  საპროტესტო აქციები გამართა ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ წინააღმდეგ. მათი ძირითადი გზავნილები მიმართული იყო ლგბტ თემის, ფემინისტებისა და ლიბერალების წინააღმდეგ. „არა გენდერს სკოლაში - ჩვენი შვილები საფრთხეში არიან“ - სკანდირებდნენ დემონსტრანტები აქციებზე. ლიბერალიზმის გაიგივება ქრისტიანობის მტრობასთან და პედოფილიასთან „ზნეობის“ ჯგუფს სხვა ულტრამემარჯვენე ძალებისგან გამოარჩევს.

 

 „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მონიტორინგს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ახორციელებს.

 

 

[1] იგულისხმება სოციალური მედიის მონიტორინგი  

[2] „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავჯდომარე

 
სოფელი ბერშუეთი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები
21 მარტს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი მოინახულეს. სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
23.03.2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (კირბალი, ციცაგიანთკარი და დირბი)
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე შესწავლის მიზნით DRI 10 მარტს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფლებს კირბალს, ციცაგიაანთკარსა და დირბს ესტუმრა.  სოფელ დვანში შესვლის უფლება კი ქართველმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
16.03.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საპროტესტო აქციების დაკვირვების მეორე ანგარიშს აქვეყნებს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის 8 აქციას დააკვირდნენ.
04.03.2020