ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები: ვაკე, ზადიანთკარი, სარიბარი)
30.01.2020

27 იანვარს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მკვლევარები საოკუპაციო ხაზთან მდებარე კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის და კოდისწყაროს თემის, ეთნიკურად ოსი მოსახლეობით დასახლებულ სოფლებში - ვაკე, სარიბარი და ზადიანთკარი მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნენ.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, ქვემო ჭალის თემის სოფელ ვაკეში 86 ადამიანი ცხოვრობს. დასახლებაში სანიაღვრე არხები გაყავთ და მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა. გამოკითხული რესპონდენტები საუბრობენ, რომ დაახლოებით 2 წლის წინ სოფელში სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრისთვის სამუშაოები დაიწყეს, თუმცა, სოფელი ისევ დგას როგორც სასმელი, ისე სარწყავი წყლის პრობლემის წინაშე. ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ სასმელი წყალი ხშირი წყვეტით და არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდებათ. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ზაფხულში, როდესაც გვალვების პერიოდში წყლის დონე იკლებს. უწყლობის გამო, საშინაო მეურნეობაში ქალების შრომითი ტვირთი იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელი საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს, გამოკითხული ცხრა რესპონდენტიდან, უსაფრთხოების თვალსაზრისით შიშზე არავინ საუბრობს. ამბობენ, რომ იციან, სად გადის საოკუპაციო ხაზი და, შესაბამისად, მას არ კვეთენ. სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს. შესაბამისად, სოფლის მაცხოვრებლები ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირისთვის 200 ლარიან ვაუჩერს იღებენ. აქვთ შეღავათები ელექტროენერგიის კუთხითაც, თუმცა, აცხადებენ, რომ გათბობისთვის ძირითადად შეშას იყენებენ. სასმელი წყლის გარდა, გამოკითხული რესპონდენტები უმუშევრობაზე და დასახლებაში ახალგაზრდებისთვის არსებულ უპერსპექტივო გარემოზე საუბრობენ.                          

გამყოფ ხაზთან ყველაზე ახლოს მდებარე კოდისწყაროს თემის სოფელ ზადიანთკარში,  მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, 37 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში შესასვლელად აუცილებელია ყარაფილას პოლიციის გამშვები პუნქტის გავლა. საბუთების შემოწმების პროცედურების გავლის შემდეგ, პოლიციამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის მანქანა გამოგვაყოლა.

ზადიანთკარში არაერთი მიტოვებული სახლია. მათი ნაწილი თითქმის დაშლილია. სოფლის გზაზე, რომელიც არ არის მოასფალტებული, ადგილ-ადგილ წაქცეულია განათების ბოძები.

მავთულხლართები ზადიანთკარის მინდვრებთანაა  გავლებული. სოფლიდან რამდენიმე მეტრშია რუსეთის ფედერაციის ე.წ. სასაზღვრო დანიშნულების ორჭოსანის სამხედრო ბაზა. გამოკითხული სამი რესპონდენტი დასახლებაში არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს, უნდობლობას იჩენს და გვთხოვს, საუბარი არ ჩავიწეროთ. განმარტავენ, რომ მართალია, სოფელში არის სასმელი წყლის პრობლემა, მაგრამ უკვე „კეთდება“. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არ აქვთ გააზრებული/შეფასებული ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემა. რესპონდენტები, რომელთაც ვესაუბრეთ, მათ სიახლოვეს განთავსებული მავთულხლართების ფონზე განმარტავენ, რომ არ აქვთ შიშის განცდა რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიმართ და „ცხოვრობენ მშვიდობიანად.“ საუბრობენ, რომ არაერთხელ გადავიდა მათი საქონელი ე.წ. „საზღვარის“ იქით, თუმცა, უკან დაუბრუნეს. ასევე ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი სოფლიდან რუსეთის ფედერაციის სამხედროებს არავინ დაუკავებიათ.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერით, კოდისწყაროს თემში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ სარიბარში  19 ადამიანი ცხოვრობს. ზადიანთკარის მსგავსად, აქაც თითქმის ყოველი მეორე სახლი მიტოვებულია. სოფლამდე მიმავალი გზა არ არის დაგებული, დასახლებას აქვს სასმელი წყლის პრობლემაც. ადგილზე არსებულ სირთულეებზე ოთხ ადგილობრივთან მოხერხდა საუბარი. ოთხივემ განაცხადა, რომ სამუშაოები მალე დაიწყება, ელიან სასმელი წყლის საკითხის მოგვარებას და გზის დაგებას. ადგილობრივებს სურვილი აქვთ სოფელში მოეწყოს მცირე საბავშვო ატრაცქიონი.

გვიხსნიან, რომ უსაფრთხოების კუთხით არ აქვთ პრობლემები და თავს დაცულად გრძნობენ. რესპონდენტები უკმაყოფილოები არიან მედიის მუშაობით და ამბობენ, რომ ხშირად „მათ“ შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. „ახლაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც წინათ ხდებოდა. ერგნეთში მევალეები დახოცავდნენ ერთმანეთს და ვალის ამბავს არავინ ახსენებდა. იტყოდნენ, რომ ოსებმა და ქართველებმა იჩხუბეს. ახლაც ასეა, მე ოსი ვარ და ვამაყობ ამით. ჩვენ ხალხს არ გვაქვს ერთმანეთთან ამისი პრობლემა. ისინი, რომ დგანან „საზღვართან“, ეგენი არავის აკავებენ, თუ არ გინდა დაგაკავონ, ნუ გადახვალ! “ - ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.

აღნიშნულ დასახლებაშიც სახეზეა სიღარიბე, უწყლობა, გზის პრობლემა და რესპონდენტების უნდობლობა. ადგილობრივები ცდილობენ თავი აარიდონ კითხვებს. გვიხსნიან, რომ პრობლემებზე საუბრით არაფერი მოგვარდება და ამითი პირიქით, ახალს [პრობლემას] გაიჩენენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვაკე, ზადიანთკარი და სარიბარი, ვიზიტი შესაძლებელი გახდა დემოკრატიის ევროპული წვლილის (EED) ფინანსური დახმარებით.

 

ანგარიშში ასახულია რესპონდენტების მოსაზრებები, რომლებიც არ გამოხატავს და არ შეიძლება აღქმული იქნას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ პოზიციად.


„რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

21.09.2020
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
31.08.2020
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმოხილვა
წინამდებარე მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების მოკლე ანალიზს.
31.08.2020