სიახლეები
DRI: უახლოეს დღეებში შესაძლოა სოფელ პერევთან არსებული ერთადერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიც დაიკეტოს
24.02.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საოკუპაციო ძალებმა  შესაძლოა სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტიც ჩაკეტონ. რუსმა სამხედროებმა პერევის გზის სავარაუდო ჩაკეტვის შესახებ ახალგორში რამდენიმე ადგილობრივი გააფრთხილეს.

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერევის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ერთადერთი იმედია, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ახალგორიდან საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ. უცნობია, რას უკავშირდება ეს სიახლე, თუმცა ორგანიზაციის ინფორმაციით, ბევრმა ადამიანმა ახალგორის დროებით დატოვება გადაიფიქრა, იმის შიშით, რომ  ერთადერთი გზის ჩაკეტვის შემთხვევაში, სახლებში ვეღარ დაბრუნდებიან.

2019 წლის 4 სექტემბერს, საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონთან არსებული მოსაბრუნის (რაზდახანი) საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჩაკეტეს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა დროული სამედიცინო დახმარების და მედიკამენტების გარეშე დარჩა. რაზდახანის ჩაკეტვას ადამიანების სიცოცხლეც ემსხვერპლა.[1] მოსახლეობა იძულებული გახდა, დროებით გაეწყვიტა კავშირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ ოჯახის წევრებთან.

ახალგორის იზოლირების საკითხი დღესაც მოუგვარებელია. საოკუპაციო ძალებმა, მიმდინარე წლის 24 იანვარს ე.წ. საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ იმ პენსიონერებს მისცეს, რომელებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და იღებენ საქართველოს მოქალაქის პენსიას. გადმოსვლის უფლება მისცეს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე მდგომარეობის მქონე მოქალაქეებსაც.[2] დე ფაქტო მთავრობამ კი გაავრცელა განცხადება, რომ მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მომავალში ორ თვეში ერთხელ გაიხსნება და ისიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პენსიის მქონე პენსიონერებისთვის.

ახალგორის იზოლაციის დაწყებიდან დღემდე, ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში მცხოვრები ადამიანებისთვის ერთადერთ შვებას სოფელ პერევთან (სინაგურთან) არსებული  საკონტროლ-გამშვები პუნქტი წარმოადგენდა.[3] გზის ჩაკეტვის შემდეგ, პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტით გადმოსვლა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელებისთვის შეძლეს. ასევე გადმოვიდნენ პაციენტები. აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლეს ადამიანებმა, რომელთაც ახლობლები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან სინაგურამდე გზა არც ისე უსაფრთხოა და ფინანსური თვალსაზრისით, ყველასთვის ხელმისაწვდომიც არაა -  მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ გამშვები პუნქტის კვეთის შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნულ გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით  მიიღო.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თვლის, რომ პერევის (სინაგურის) გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, მკვეთრად გააუარესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობას. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, საერთაშორისო-სამშვიდობო მიმართულებით არსებული ფორმატების ჩათვლით, და უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვა.

 

 

[1] გადაადგილების კუთხით დაწესებულ შეზღუდვებს, სავარაუდოდ, მორიგი მსხვერპლი ჰყავს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, 7 ნოემბერი, 2019, http://www.democracyresearch.org/geo/85?fbclid=IwAR1VDp67pL41k8IPkltUB9iSEDqbprsRlE178fS71SJO4RuTvhvzfGBBQuQ

[2] თამარ გიგაური, არაერთი მცდელობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორიდან გამოვიდა, რადიო თავისუფლება, 5.02.2020

[3] შენიშნვა: სინაგურის გამშვები პუნქტი დე ფაქტო მთავრობამ, ოთხი დღით, გასული წლის 30 დეკემბერს ჩაკეტა.  civil.ge, 30.12.2019

DRI: ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.
20.03.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ
ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ.
17.03.2020
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია

DRI ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს.

05.03.2020