სიახლეები
DRI: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების ქმედებას სამართლებირვი საფუძველი არ გააჩნია
27.02.2020
26 თებერვალს,  „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელთან, სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეს“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.

შეკრების მონაწილეებს ქონდათ მცდელობა, საქართველოს პარლამენტის კანცელარიის საშუალებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკისთვის სიმბოლურად შექმნილი საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი გადაეცათ. 

სამოქალაქო აქტივისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა არ მისცეს პარლამენტის შენობის საჯარო ნაწილში განთავსებულ პარლამენტის კანცელარიასთან მისვლის და „პასპორტის“ უშუალოდ ჩაბარების შესაძლებლობა. რის გამოც, შეკრების მონაწილეები იძულებულნი გახდნენ, არაფორმალურ გარემოში - პარლამენტის უკანა შესასვლელთან აღმართულ რკინის კონსტრუქციაზე შეევსოთ განცხადების ფორმა, რომელიც კანცელარიის თანამშრომელმა გამოუტანათ. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა კანცელარიაში  შესვლასა და განცხადების ჩაბარების შესაძლებლობაზე უარი უთხრეს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენლებსაც. 

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას: საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები, მათი მიმდებარე ტერიტორია და წესრიგი ამ ტერიტორიებზე  თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, შეკრების მშვიდობიანი ხასიათის, მასში მონაწილე პირთა რაოდენობისა (10 ადამიანი) და მათ მიერ განხორციელებული ქმედებების შინაარსის გათვალისწინებით, არ არსებობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების/წესრიგის დარღვევის რეალური და კონკრეტული საშიშროება. შესაბამისად, შეკრების მონაწილეთა ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მოქმედება, რითაც აქციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის საჯარო ნაწილში განთავსებულ კანცელარიასთან მისვლა შეუზღუდეს, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.
 
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის №259/3 ბრძანების 34-ე პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ პარლამენტის აპარატის უფროსს წერილობით მიმართა და 2020 წლის 26 თებერვალს, 15:05 საათიდან 15:35 საათამდე დროის პერიოდში საქართველოს პარლამენტის შენობაში (მათ შორის კანცელარიაში) მოქალაქეების შესვლის შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლების განმარტება მოითხოვა. 
DRI: ოკუპირებულ ტერიტორიებზე პანდემიასთან გასამკლავებლად, აუცილებელია უფრო ეფექტიანი მუშაობა
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, პანდემიის პირობებში ოკუპირებილ რეგიონებში ვითარება კრიტიკულია.
20.03.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები აჭარის მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს კოლექტიურად მიმართავენ
ადამიანის უფლებების და მედიის თავისუფლების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე საგანგაშო პროცესების შესახებ.
17.03.2020
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მედიის დაშვების შეზღუდვა გაუმართლებელია

DRI ეხმაურება უკანასკნელ პერიოდში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების სოფლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მედიის დაშვების შეზღუდვის შემთხვევებს.

05.03.2020