ანგარიშები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საპროტესტო აქციების დაკვირვების მეორე ანგარიშს აქვეყნებს
04.03.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის 8 აქციას დააკვირდნენ.

იანვრთან შედარებით, თებერვალში  საპროტესტო აქციების რაოდენობა შემცირდა.

ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციები ძირითადად კანონის ფარგლებში, მშვიდობიანად მიმდინარეობდა. თებერვალში ჩატარებული აქციების მიმდინარეობისას დემონსტრანტები არ დაუკავებიათ, რის გამოც სასამართლო პროცესების მონიტორინგი არ ჩატარდა.

რამდენიმე შემთხვევაში აქციაზე დამსწრე სამართალდამცავთა რაოდენობა  აქციაში მონაწილეთა რაოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე რამდენჯერმე შენიშნეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირთა ჯგუფი, რომელთა ხშირი და უშუალო კომუნიკაცია სამართალდამცავებთან, იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ აღნიშნული პირები თავადაც სამართალდამცავ სტრუქტურებს წარმოადგენდნენ.

თებერვლში, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად, საქართველოს პარლამენტის შენობაში მოქალაქეთა და სპეციალური საშვის მქონე პირთა შესვლა შეზღუდული იყო. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა შესაბამისი საშვის მქონე მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლის შესაძლებლობა სამ შემთხვევაში არ მისცეს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის’’ მონიტორების დაკვირვებით, თებერვალში ჩატარებული აქციები მონაწილეთა რაოდენობის და შეკრების მშვიდობიანი ხასიათის გათვალისწინებით, არ ქმნიდნენ საფრთხეს, რაც აუცილებელს გახდიდა სამართლებრივი სიკეთის დასაცავად პარლამენტის შენობაში მოქალაქეების დაშვების შეზღუდვას. საფრთხის არარსებობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ადგილზე მყოფმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რასთან დაკავშირებით იყო შენობაში შესვლა შეზღუდული.

გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების/წესრიგის დარღვევის რეალური და კონკრეტული საშიშროება, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტის შენობაში შესაბამისი საშვის მქონე პირთა დაშვების შეზღუდვას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ ზომას წარმოადგენდა.      

ერთ შემთხვევაში, 18 თებერვალს, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამართულ შეკრების რეგულირების დროს, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული საპოლიციო ღონისძიება - საზოგადოებრივ სივრცეში შესასვლელი გზის სრულად ბლოკირება, თავისი ხასიათით, არ იყო აუცილებელი და პროპორციული, ვინაიდან პოლიციის მიერ სავარაუდოდ ნაგულისხმევი „საზოგადოებრივი უსაფრთხოების“ მიზნის მიღწევა სხვა, უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებითაც თავისუფლად შეიძლებოდა.[1]

საპროტესტო აქციების მონიტორინგისას ასევე გამოიკვეთა შეკრებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის თაობაზე პირთა ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობა. ცალკეულ აქციებზე დემონსტრანტებმა საჯარო დაწესებულებების შენობებზე გააკრეს პოსტერები და სურათები, მოხატეს ტროტუარები, ადგილი ჰქონდა ნივთისთვის სიმბოლურად ცეცხლის წაკიდების ორ შემთხვევასაც, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის რეალური საფრთხე. 

ანგარიშის სრული ვერსია 

 

[1] http://www.democracyresearch.org/geo/232

სოფელი ბერშუეთი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები
21 მარტს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი მოინახულეს. სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
23.03.2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (კირბალი, ციცაგიანთკარი და დირბი)
ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე შესწავლის მიზნით DRI 10 მარტს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე  სოფლებს კირბალს, ციცაგიაანთკარსა და დირბს ესტუმრა.  სოფელ დვანში შესვლის უფლება კი ქართველმა სამართალდამცავებმა არ მისცეს.
16.03.2020
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები - იანვრის ანგარიში
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვებას სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში.
21.02.2020