ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (კირბალი, ციცაგიანთკარი და დირბი)
16.03.2020
10 მარტს  საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფლები - კირბალი და ციცაგიაანთკარი მოვინახულეთ. შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი ქარელის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში - დირბსა და დვანშიც. თუმცა, მცდელობის მიუხედავად, არ მოგვეცა სოფელ დვანში შესვლის და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობა.  

სოფელი კირბალი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის[1] მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ზეღდულეთის თემის სოფელ კირბალში 517 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში დაახლოებით 165 კომლია.
სოფელი კირბალი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. ზერტი-კირბალის საგზაო მონაკვეთზე ქართული პოლიციის საგუშაგო არ არის განთავსებული. 2013 წლიდან დღემდე, რუსმა სამხედროებმა სოფლის განაპირას ლენტები გაჭიმეს და ბანერები დააყენეს, რაც მოსახლეობას დაუცველობის განცდას უმძაფრებს. ადგილობრივი მაცხოვრებლების განცხადებით, აღნიშნულ  ტერიტორიასთან მიახლოვება რისკთანაა დაკავშირებული.   
სოფელი კირბალი, ღვთისმშობლის ეკლესიის  მიმდებარე ტერიტორია, წითლად აღნიშნული ტერიტორიის ზედა ნაწილი რუსი სამხედროების მიერ ლენტითაა მონიშნული.

სოფელში ჩვენს მიერ გამოკითხული ადამიანები სასმელი წყალის ხარისხზე ჩივიან, რომელიც დღეგამოშვებით და ერთი საათით მიეწოდებათ. მათი განცხადებით, წყალი სასმელად უვარგისია, რაც წყლის სინჯების ლაბორატორიული შემოწმებით დასტურდება. ადგილობრივებს სურთ, რომ წყლის ვარგისიანობა სახელმწიფომაც შეამოწმოს.
მოსახლეობა მეორე მნიშვნელოვან პრობლემად სანიაღვრე არხების გაუმართაობას თვლის. უხვი ნალექის და უამინდობის დროს სოფლის სანიაღვრე არხის მოუწესრიგებლობა ბავშვებს სკოლაში სიარულში უშლის ხელს და გლეხებს ბაღების მორწყვასთან დაკავშირებით პრობლემას უქმნის. მოსახლეობა იმასაც აღნიშნავს, რომ მცირე შემოსავლის გამო, ბაღების სრულყოფილი დამუშავება უჭირთ.
სოფელი კირბალი გაზიფიცირებულია. რადგან სოფელი მაღალმთიანი დასახლების  სტატუსით სარგებლობს, ზამთრის პერიოდში, თითოეულ ოჯახს გათბობის ხარჯების დასაფარად 200 ლარიანი ვაუჩერი ეძლევა. თუმცა, თვლიან, რომ გამოყოფილი თანხა  საკმარისი არ არის. ამიტომ, ისევ შეშით გათბობას ცდილობენ.
სოფელში ოჯახების უმრავლესობას მსხვილფეხა რქოსანი საქონელი არ ჰყავს. ადგილობრივების გადმოცემით, 2013 წლის შემდეგ, მცოცავი ოკუპაციის დაწყების გამო, სოფელმა 62 ჰექტარი მიწა, მათ შორის, საძოვრებიც დაკარგა. ამბობენ, რომ  მარტო გასულ წელს 18 სული საქონელი დაკარგეს ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე, საიდანაც მხოლოდ 6 სულის თანხა აუნაზღაურდათ.

სოფელ კირბალის საძოვრები, რომლითაც ადგილობრივები ოკუპაციამდე სარგებლობდნენ

სოფლის მოსახლეობა განსაკუთრებულად სასაფლაოს ნაწილის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს მოქცევას  განიცდის. ხელი ადგილობრივი სალოცავების მონახულებაშიც ეშლებათ. ლომისის  წმინდა გიორგის  ეკლესიის ნიში, რომელიც სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაზეა აშენებული, ოკუპირებულ ზონაში მოექცა და შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას სალოცავში სიარულის უფლება შეეზღუდა. თუ 2018 წლამდე ჰქონდათ შესაძლებლობა, ეკლესიის მოსალოცად დღესასწაულის დღეს მაინც გასულიყვნენ, 2019 წელს ეს შესაძლებლობაც წაერთვათ. რაც შეეხება ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ადგილობრივებს მასთან მიახლოება უსაფრთხოების მოსაზრების გამო პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ, რადგან ეკლესიას ე.წ. საოკუპაციო ზოლთან მხოლოდ 100 მეტრი აშორებს.
სოფელში ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასიანი) სკოლა ფუნქციონირებს, რის დამთავრების შემდეგადაც მოსწავლეები სწავლას ზერტის საჯარო სკოლაში აგრძელებენ. ამჟამად, სოფელს ცხრა კლასს ზემოთ მხოლოდ 4 მოსწავლე ჰყავს, რომლებიც ზერტის საჯარო სკოლაში დადიან.
სოფელის მოსახლეობა ძირითადად უკიდურესად შეჭირვებულია და უმუშევრობის პრობლემაზე ჩივის. გამოთქვამენ სურვილს, ახალგაზრდები მაინც დასაქმდნენ კირბალ-ბერშუეთის გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც ამაჟამად მიმდინარეობს.
სოფელში ვიზიტის დროს მრავალშვილიანი ა.შ.-ს ოჯახს გავესაუბრეთ, რომლის არასრულწლოვანი შვილი შეშის მოპოვების დროს საოკუოპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაყვანეს. მოგვინებით კი, არასრულწლოვანობის გამო გაათავისუფლეს.

სოფელი ციცაგიაანთკარი

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის[2] მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის ახალუბნის თემის სოფელ ციცაგიაანთკარში 243 ადამიანი ცხოვრობს. სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სოფლის შესასვლელში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ქართული პოლიციის საგუშაგოები არ არის.

სოფელი ციცაგიაანთკარი, ე.წ. საოკუპაციო ხაზთან

ადგილობრივების გადმოცემით, სოფელი განსაკუთრებულად განიცდის სარწყავი წყლის პრობლემას. რაც შეეხება სასმელ წყალს, სამი უბნიდან მხოლოდ ერთ უბანს არ მიეწოდება. სოფლის მაცხოვრებლები ამბულატორიის და აფთიაქის უქონლობაზეც წუხან. სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი და დაწყებითი სკოლაც კი, რის გამოც ბავშვები მეზობელ სოფელ ახრისში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტით დაყავთ.
ჩამოთვლილი პრობლემების გამო სოფლი იცლება. ადგილობრივების თქმით, სოფელში 60-70 კომლი დარჩა.  ჩვენს იქ ყოფნას დაემთხვა სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლის კედლის ჩამონგრევა, რამაც შენობა საცხოვრებლად უვარგისი გახადა.





სოფელი ციცაგიაანთკარი, ტ.ც.-ს სახლი

სოფელი დირბი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი დირბი სოფელ დვანისა და ტახტისძირის მოსაზღვრედ მდებარეობს. ოკუპირებულ ტერიტორიას სოფლის მაცხოვრებელთა რამოდენიმე ბაღი ესაზღვრება.. 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელს 2569 მაცხოვრებელი ჰყავს. სოფელში მშვიდი და უსაფრთხო გარემოა. მოსახლეობა ამჟამად საკუთარ ბაღებში საგაზაფხულო სამუშაოების შესასრულებლადაა გასული. ადგილობრივები ძირითადად მოსავლის რეალიზაციის პრობლემასა და ახალგაზრდების დაუსაქმებლობაზე საუბრობენ. განსაკუთრებით აქცენტს კი უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებზე აკეთებენ, რომლებიც სოფელს ტოვებენ.
ადგილობრივი ქალები ძირითადად საოჯახო საქმეებით, ბაღებისა და საქონლის მოვლით არინ დაკავებული.

სოფელი დვანი
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში პოლიციის საგუშაგოსთან გაგვაჩერეს და სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ იყო ინფორმირებული დაგეგმილი ვიზიტის შესახებ.




ციცაგიაანთკარი, ადგილობრივი მაცხოვრებელი საოკუპაციო ბანერთან სიახლოვეს

[1] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, ხელმისაწვდომია http://census.ge/ge/results/census1

[2] მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები, ხელმისაწვდომია http://census.ge/ge/results/census1

სოფელი ბერშუეთი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები
21 მარტს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ გუნდის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბერშუეთი მოინახულეს. სოფელში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
23.03.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) საპროტესტო აქციების დაკვირვების მეორე ანგარიშს აქვეყნებს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მონიტორები 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით თბილისში, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის 8 აქციას დააკვირდნენ.
04.03.2020
სოციალური და ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები - იანვრის ანგარიში
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვებას სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში.
21.02.2020