ანგარიშები
ულტრამემარჯვენე ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები მარტის ანგარიში
03.04.2020

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აგრძელებს ულტრამემარჯვენე ჯგუფების, მათი ლიდერების და ულტრამემარჯვენე პრორუსული მედია საშუალებების მონიტორინგს და სოციალურ მედიაში მათი აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვებას.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიდასავლური გზავნილები

მარტში, COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული მოვლენების გამო, პრორუსული მედია საშუალებების მთავარი სამიზნე ევროპული ინსტიტუტები და ლუგარის ლაბორატორია გახდა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, დეზინფორმაციისა და მითების გავრცელება ღიად ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ღიად პრორუსულმა სააგენტოებმა „News Front Georgia“ და „საქართველო და მსოფლიომ“ არაერთხელ გამოაქვეყნეს სტატიები ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის შესახებ, სადაც ევროკავშირი სუსტ ძალად, ხოლო რუსეთი ძლიერ მფარველად არის წარმოჩენილი.

როგორც მოსალოდნელი იყო, კორონა ვირუსმა გააქტიურა პრორუსული დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგაც. „News Front Georgia“-მ 12 მარტს გამოაქვეყნა სტატია „ერთუჯრედიანი ნაცები და „ლუგარის ლაბორატორია”, სადაც ეჭვქვეშ არის დაყენებული დიაგნოსტიკური ცენტრის პოზიტიური როლი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხაზგასმულია, რომ ნებისმიერი ლაბორატორია შეძლებდა დიაგნოზის დასმას. აღნიშნულ ვებგვერდზე 21 მარტს ასევე გამოქვეყნდა სტატია „ლუგარი” კი არა, ჩინეთი გვეხმარება!“, სადაც ხაზგასმულია, რომ მთელი აჟიოტაჟი ლუგარის ლაბორატორიის გარშემო ემსახურება მხოლოდ აშშ-ს „სოროსისტულ-პროპაგანდისტული“ ძალების ინტერესებს და სინამდვილეში კორონა ვირუსის წინააღდეგ ბრძოლაში საქართველოს დახმარებას უწევს ჩინეთი. იდენტური ანტიდასავლური გზავნილები გავრცელდა ისეთ ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდებზე, როგორებიცაა: „ანტი პარადოქსი“, „ანტილიბერალური ლიგა“ და „კარდჰუ“.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ჰომოფობიური გზავნილები

10 მარტს ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერები „TV პირველის“ შენობის წინ შეიკრიბნენ. აქცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენლმა დავით ლორთქიფანიძემ დაგეგმეს. მათ 9 მარტს ფეისბუქ გვერდზე „ზნეობა დაიცავი“ დაანონსეს მიმდინარე აქციის დეტალები და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 

აქცია მიმართული  იყო „TV პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ და მკვეთრად ჰომოფობიური შინაარსით გამოირჩეოდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდამჭერები აპროტესტებდნენ სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორის ხატია ახალაიას სტუმრობას „TV პირველში“, რაც, მათი განცხადებით, პედოფილიისა და „გარყვნილების პროპაგანდის“ მხარდაჭერას ნიშნავს.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტილიბერალური გზავნილები

24-25 მარტს ულტრამემარჯვენე ჯგუფების კოორდინირებული დეზინფორმაციის სამიზნე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე აღმოჩნდა. „ქართული მარშის“  წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ და „ქართული იდეის“ ლიდერმა ლევან ჩაჩუამ  გაავრცელეს  ინფორმაცია, თითქოსდა EMC-იმ წარადგინა სარჩელი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინააღმდეგ, რომლითაც მარნეულის  მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მღვდლების მიერ მარნეულის ქუჩების წყლით კურთხევის ფაქტს ასაჩივრებდა. აღნიშნული ინფორმაცია ასევე გაავრცელეს ისეთმა ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდებმაც, როგორებიცაა: „ანტილიბერალური ლიგა“„კარდჰუ“ და „ანტი-პარადოქსი“.  სანდრო ბრეგაძე კი ვიდეო-მიმართვაში ამტკიცებდა, რომ თამთა მიქელაძის უკან პოლიტიკური პარტიის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და სხვა ლიბერალური ძალები დგანან, რომელთა მიზანიც მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციაა. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კერძოდ, EMC-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ სარჩელი 2020 წლის 17 თებერვალს შეიტანა. შესაბამისად, თებერვალში შეტანილი სარჩელით ორგანიზაცია 23 მარტს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მარნეულის ქუჩების კურთხევას ვერ გაასაჩივრებდა. 

                                                                 * * * *

ძირითადი დაკვირვების სახით შეიძება ითქვას, რომ, ისევე, როგორც გასული თვეების განმავლობაში, მარტშიც გამოიკვეთა, რომ  ულტრამემარჯვენე ჯგუფები სოციალურ და ონლაინ მედიას იყენებენ, როგორც ხელსაყრელ პლატფორმას ანტილიბერალური დღის წესრიგის შესაქმნელად. მათი რიტორიკა კი ხასიათდება  მკვეთრად ჰომოფობიური, პრორუსული და ანტიდასავლური განწყობებით.

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (თვაურები, ოძისი)
ივნისის დასაწყისში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები თვაურები და ოძისი მოვინახულეთ.
26.06.2020