ანგარიშები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში“
08.04.2020
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს, უსაფრთხოების არაერთ გამოწვევასთან ერთად,  თავისუფლად გადაადგილების უფლებაც ეზღუდებათ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას აფხაზეთის შემთხვევაში - გალში, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარეს - ახალგორის რაიონში. ახალგორში მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხანგრძლივი დროით ჩაკეტვამ, რაიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დააყენა. გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მიუხედავად, ადამიანებმა ვერ შეძლეს ახალგორის დატოვება, რაც რამდენიმე შემთხვევაში, ფატალური შედეგებით დამთავრდა.
 
ორივე კონფლიქტურ რეგიონში დე ფაქტო უწყებების სასაზღვრო პოლიტიკა მძიმე ფინანსურ ტვირთად აწევს მოსახლეობას. თითოეული საბუთის მომზადება თანხებთანაა დაკავშირებული, დამატებითი ხარჯია საბუთების უქონლობაც, რომელსაც უსაბუთოდ დარჩენილი დაკავებული მოქალაქეები თავისუფლების სანაცვლოდ იხდიან. ამ ტიპის დაკავებებთან ერთად, ადგილი აქვს მოსახლეობის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე გატაცებას, განსაკუთრებით, სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის გასწვრივ. ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ქალებიც და არასრულწლოვნებიც. აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა 2017-2019 წლებში  106 პირი დააკავეს, ხოლო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით 312. მათ შორის, აფხაზეთში დააკავეს 13 ქალი და 16 არასრულწლოვანი, ხოლო სამხრეთ ოსეთის მხარეს - 48 ქალი და 12 არასრულწლოვანი.
ხელოვნური დაბრკოლებები ყოველდღიურობაა ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე ყველა დასახლებისთვის. ამ პოლიტიკის ნაწილია ე.წ. ბორდერიზაციაც, რომელიც ახლაც გრძელდება.
რუსეთის ფედერაციის არაჰუმანურ ქმედებებს ემატება საქართველოს ხელისუფლების არაეფექტიანი, არათანმიმდევრული პოლიტიკა. მიუხედავად ჯანდაცვის და განათლების კუთხით მოქმედი მთელი რიგი პროგრამებისა, საქართველოს ხელისუფლებას სრულად არ აქვს შეფასებული ამ ტერიტორიებზე არსებული რისკები, შესაბამისად, ზოგიერთ შემთხვევაში არც მათთან გამკლავების მექანიზმები არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა მეტწილად „დუმილის პოლიტიკით“ გაყვება რუსეთის მიერ შექმნილი დინების მიმართულებას, სულ უფრო გაუარესდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
  • აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით არსებული რთული ვითარების გამო, საჭიროა საქართველოს ხელისუფლების მუშაობა გახდეს პროაქტიული და ძირითადი რისკების საპასუხოდ შემუშავდეს სამოქმედო გეგმები;
  • აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის დროულ და ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, წინასწარ იქნება შეთანხმებული და მოლაპარაკებების რეჟიმში გავლილი კონფლიქტის ყველა მხარესთან, რათა მოხერხდეს პაციენტების დღე-ღამის ნებისმიერ დროს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოყვანა.
  • შეიქმნას სხვადასხვა დარგის ექიმების ჰუმანიტარული სია, რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოდ გადაადგილების და სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა ექნებათ.
  • ახალგორსა და გალის რაიონში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით მომუშავე ექიმთა გადამზადების მიზნით შემუშავდეს და დაინერგოს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები. გადაიდგას ნაბიჯები გალის რაიონის სამედიცინო დაწესებულებების სათანადო სამედიცინო ტექნიკით აღსაჭურვად.
  • აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელი მოსახლეობის უფლებების განგრძობითი დარღვევის შესაჩერებლად, დღის წესრიგში დადგეს სამართლებრივი მექანიზმების, მათ შორის, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა.
  • ახალგორის ჰუმანიტარული კრიზისის მოსაგვარებლად, გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა ახალგორში საოკუპაციო ძალების მიერ შემოღებული რაიონის იზოლაციის პრაქტიკა მისაღებ ნორმად არ დამკვიდრდეს.
  • აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, არსებულ საგანმანათლებლო და ჯანდაცვის პროგრამებთან ერთად, შეიქმნას განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმები.
  • გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ოჯახებს ომის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად დროულად გადაეცეთ ადეკვატური კომპენსაციები.
###
ანგარიში მომზადდა დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) პროექტის „ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა „საზღვრის“ წინა ხაზზე“ ფარგლებში  „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ (EED) ფინანსური მხარდაჭერით. ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია აქ
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (თვაურები, ოძისი)
ივნისის დასაწყისში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები თვაურები და ოძისი მოვინახულეთ.
26.06.2020