ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (სოფელი ყარაფილა)
15.04.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების შესწავლას განაგრძობს. აპრილის დასაწყისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაზე ინფორმაცია ონლაინ რეჟიმში მოვიპოვეთ. შესაძლებლობის ფარგლებში გავესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც.
მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით[1], გორის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს თემის სოფელ ყარაფილაში 88 ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების განცხადებით, სოფელში 18 კომლია. ყარაფილა ესაზღვრება სოფელ ორჭოსანს, რომელსაც დღეს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ორჭოსანში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზაც.
ყარაფილაში შესვლა და გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. საგზაო მონაკვეთზე ქართული პოლიციის საგუშაგო არ დგას. სოფელსა და ე.წ. „საზღვარს“ შორის არც  მავთულხლართია გავლებული.


სოფელი ყარაფილა

სოფელს არ აქვს აფთიაქი და ამბულატორია. თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, სოფლის მაცხოვრებლებს მომსახურების მისაღებად დაახლოებით ხუთი კილომეტრის გავლა მოუწევთ. ყარაფილაში არც სასურსათო მაღაზიაა. პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების საყიდლად, ყარაფილელები მეზობელ სოფლებში - სარიბარსა და ზადიაანთკარში მიდიან.


ადგილობრივი მოსახლეობა

მოსახლეობის თქმით, სოფელს დაწყებითი სკოლა არ აქვს. თუმცა მოსწავლეების კოდისწყაროს სოფლის სკოლაში ტარებას სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უზრუნველყოფს. ისევე, როგორც ყველგან, უმუშევრობა სოფლის მთავრი პრობლემაა. სოფელში 18 ახალგაზრდაა, თუმცა ამჟამად არცერთი მათგანი არ არის დასაქმებული. სოფელში წლებია არ დადის სამარშრუტო ტრანსპორტი, რომელიც მოსახლეობის თუნდაც კასპში გადაადგილებას უზრუნველყოფდა.
ყარაფილას არც გარე განათება აქვს. პრობლემას ამძაფრებს ის, რომ სოფელი ოკუპირებულ ორჭოსანს ესაზღვრება. მოსახლეობის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც შებინდებულზე, ადამიანები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ფიქრობენ, რომ უკანონო დაკავებების პრევენციის და მოსახლეობაში დაცულობის განცდის გასაძლიერებლად, გარე განათების დამონტაჟება აუცილებელია.


ადგილობრივი მოსახლეობა

როგორ შეიცვალა ცხოვრება პანდემიის შემდეგ? გვითხრეს, რომ წლებია, სოფლის ძირითად გასაჭირს სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა წარმოადგენს. თუმცა, ვირუსული ინფექციის გავრცელების შემდეგ, პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დადგა. სოფელში სასმელი წყალი მხოლოდ ერთ უბანშია დამონტაჟებული და სოფელს არ ყოფნის. აქაურები სასმელი წყლის ხარისხზეც ჩივიან და თვლიან, რომ მისი ლაბორატორიული შემოწმება აუცილებელია. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვამ  კიდევ უფრო გაურთულათ მედიკამენტებზე და პირველადი მოხმარების საშუალებებზე წვდომა; რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოცხადებული შეზღუდვები იმ ოჯახებსაც შეეხო, რომლის წევრებმაც სამსახურები დაკარგეს და უმუშევრობის გამო სოფელში დაბრუნება მოუწიათ.

*  *  *

პროექტი „ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა „საზღვრის“ წინა ხაზზე“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ ფინანსური მხარდაჭერით.



[1] მოსახლეობი 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები ხელმისაწვდომია  http://census.ge/ge/results/census1

 

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (თვაურები, ოძისი)
ივნისის დასაწყისში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები თვაურები და ოძისი მოვინახულეთ.
26.06.2020