სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებს
13.05.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის დაუსაბუთებელი და არაერთჯერადი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ძირს უთხრის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მაუწყებლის მიერ მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების იდეას და ხელისუფლების მიერ მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობას წარმოადგენს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხაზს უსვავს, რომ ადამიანის სამსახურიდან დათხოვნა სიტყვის, აზრის, ან/და მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და შესაბამის ორგანოთა შეფასებას საჭიროებს. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არხის დირექტორის - გიორგი კოხრეიძის მიერ ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე გამოთქმული ბრალდებების დროული და ობიექტური გამოძიება.[1] 

დაახლოებით 1 წელია, რაც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭო ახალი წევრებით დააკომპლექტა, რომლის უმრავლესობასაც პარტია „ქართული ოცნების“ ქვოტით წარდგენილი წევრები წარმოადგენდნენ.[2] განახლებულმა მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის შემოდგომაზე ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატად მიიჩნეოდა.

ახალი დირექტორის არჩევას ტელევიზიაში რადიკალური ცვლილებები მოჰყვა. დირექტორმა არაერთხელ გააკრიტიკა არხის სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტები, ხოლო 2020 წლის 8 აპრილს, ერთპიროვნულად დაამტკიცა „სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები.“[3] აღნიშნული დოკუმენტი თანამშრომლებს ავალდებულებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ ხელმძღვანელობას ინტერნეტში/სოციალურ ქსელში კომპანიის გაკრიტიკების თაობაზე და ინტერნეტში/ სოციალური ქსელებში არ გაავრცელონ არხის  რეპუტაციისათვის შეუსაბამო ინფორმაცია. აღნიშნული და სხვა ცვლილებებიდან გამომდინარე, ჟურნალისტების ნაწილი თვლის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკას საფრთხე ემუქრება და ახლადარჩეული დირექტორი ტელევიზიის მიერ მომზადებულ ახალ ამბებს დღემდე აკონტროლებს.

2020 წლის 11 მაისს, კრიტიკული შეხედულებების დაფიქსირების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს გადაცემა „ჰეშთაგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი. ტელეკომპანიის დირექტორმა გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად დისკრედიტაციისა და ცილისწამების ფაქტები დაასახელა, რაც, არ წამოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს და ცალსახად ეწინააღმდეგება აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს.   

ასევე, სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, ეთერიდან მოხსნეს აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა თურმანიძე, რომლის მიმართაც დისციპლინური წარმოებაა დაწყებული.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების გათავისუფლების, ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლის და სხვა პოზიციაზე გადაყვანის შემთხვევები, არ შეჩერებულა სამოქალაქო სექტორის პროტესტის მიუხედავად. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამდებობიდან გაათავისუფლეს ის ჟურნალისტები, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში ახალ ამბებს და შესაბამისად, კრიტიკულ ინფორმაციას ქმნიდნენ, მათ შორის: ახალი ამბების უფროსი, რედაქტორი, წამყვანები და რეპორტიორი, დისციპლინური წარმოების გზით - დირექტორის მოადგილე.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები, ასევე არ გამორიცხავენ, რომ მაისის ბოლოს დაიხურება სამი დიდი გადაცემა - „ჰეშთეგი“, „დილის ტალღა“ და „რადიოვიზია“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, თანამშრომელთა სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული პრაქტიკა და ხელშეკრულების მოულოდნელი შეცვლით სხვა პოზიციაზე გადაყვანის შემთხვევები, ეჭვის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ  დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის საკითხს, არამედ, რეალურ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას.

შესაბამისად, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს

საქართველოს პროკურატურას:
დაიწყოს გამოძიება ტელევიზიის დირექტორის მიერ თანამშრომლების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და იძულების ფაქტებზე
 
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს:
გამოიყენოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და უზრუნველყოს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა
 
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და  საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს:
გამოხატონ მკაფიო პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.


 
[1] ჟურნალისტი ნათია ზოიძე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილეა აცხადებს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი დირექტორი გიორგი კოხრეიძე მისგან მოითხოვდა სამაუწყებლო არხის სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდა კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებით. https://netgazeti.ge/news/410578/  https://batumelebi.netgazeti.ge/news/242604/
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს
აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე.
28.07.2021
რომელი უწყება იძიებს ყველაზე მეტ კორუფციულ დანაშაულს?
გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ოდენობა მკვეთრად აღემატება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებული საქმეების რაოდენობას. 
28.07.2021
სამოქალაქო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მიმართავენ
გთხოვთ, გააგრძელოთ საქართველოს ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაცია და გააკეთოთ საჯარო განცხადებები ქვეყანაში დემოკრატიულ ჩავარდნებზე.
19.07.2021