სიახლეები
DRI: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს
21.05.2020
დღეს საქართველოს პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უერთდება კანონპროექტთან დაკავშირებით პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ წუხილს, რომ კანონპროექტი შეიცავს ადამიანის უფლებების დარღვევის დაუბალანსებელ რისკებს. აღნიშნული ცვლილებების განხორციელება გამოიწვევს ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს მიერ საკანონმდებლო ფუნქციების შეთავსებას და შეასუსტებს სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობაზე როგორც საპარლამენტო, ასევე, საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას.  
წარმოდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვნად აფართოებს საკარანტინო ღონისძიებათა განმარტებას. შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, საკარანტინო ღონისძიებად ჩაითვლება ღონისძიებები არა მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც გადამდები დაავადების შემთხვევასთან ჰქონდა შეხება, არამედ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.[1] ასევე, კანონპროექტით, საქართველოს მთავრობას ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება დაადგინოს იზოლაციის ან/და კარანტინის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში შემავალი დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ადმინისტრირების, საჯარო სერვისების მიწოდების კანონმდებლობისგან განსხვავებული დროებითი წესი.[2]
საპარლამენტო კონტროლის არარსებობა და საკანონმდებლო ფუნქციათა შეთავსება
კანონოპროექტის მიერ შემოთავაზებული ვერსიით, საქართველოს მთავრობას ეძლევა შესაძლებლობა დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისგან განსხვავებულად მოაწესრიგოს ან სხვაგვარად შეზღუდოს, მათ შორის, პირის მიმოსვლის, საკუთრების, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის ან შეკრების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული რეგულაციების შემოტანით კი, საქართველოს პარლამენტი ახდენს საკანონმდებლო უფლებამოსილებათა დელეგირებას საქართველოს მთავრობაზე, და ამ ნაწილში, ფაქტობრივად უარს ამბობს განახორციელოს მისი ძირითადი დანიშნულება - საკანონმდებლო საქმიანობა.
საქართველოს მთავრობისათვის აღნიშნული უფლებამოსილებათა გადაცემა, პარლამენტს წაართმევს შესაძლებლობას, თავად დაადგინოს კონკრეტული უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი, განსაზღვროს გამოსაყენებელი ღონისძიების აუცილებლობა და პროპორციულობა. კანონპროექტის აღნიშნული სახით მიღება მნიშვნელოვნად შეასუსტებს შემზღუდავი რეგულაციების მიღებამდე საზოგადოებრივ კონტროლსაც, ვინაიდან პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისაგან განსხვავებით, საზოგადოებას ფაქტიურად არ გააჩნია სამთავრობო სტრუქტურების საქმიანობაზე, და მათ მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებაზე ზედამხედველობის ადეკვატური მექანიზმები.
უფლებამოსილების გადამეტების საფრთხეები და არაპროპორციული ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობა
კანონპროექტი უშვებს უფლებათა არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას. პარლამენტის უფლებამოსილებათა დელეგირებით, ჩნდება სამთავრობო სტრუქტურების მიერ უფლებამოსილებათა ბოროტად გამოყენების რისკი, განსაკუთრებით, არსებული არასათანადო კონტროლის პირობებში.
ასევე მხედველობაშია მისაღები, რომ დღეს მოქმედი რეგულაციებით, იზოლაციის ან/და კარანტინის წესების დარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით,[3] ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.[4] მთავრობას კანონპროექტით ენიჭება უფლებამოსილება, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ჩაერიოს ადამიანის უფლებებში და გაწეროს არსებულისგან განსხვავებული კარანტინისა და იზოლაციის წესები. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, თუ რამდენად მკაფიო და განჭვრეტადი იქნება ნორმის ადრესატისათვის თუ რა ქმედება არის აკრძალული, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა უშვებს მთავრობის მიერ არსებული კანონმდებლობისაგან განსხვავებული (პარალელური) რეგულაციების დაწესების შესაძლებლობას.[5]
აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო ფუნქციების შეთავსების, უფლებამოსილების გადამეტებისა და არაპროპორციულად შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენების საფრთხის პირობებში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი შეიცავს შემოთავაზებული რეგულაციების ბოროტად გამოყენების საფრთხეს.  

 

[1] საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/450) მუხლი 1 (1 ,,მ’’)

[2] იქვე, მუხლი 1 (2 ,,ბ’’)

[3] საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - მუხლი 4210

[4] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - მუხლი 2481

[5] საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, ილია ნაკაშიძის, ვლადიმერ კახაძის, ზურაბ ხაჩიძის, კობა ნაკაიძის და დიმიტრი მხეიძის საკანონმდებლო ინიციატივა (N07-3/450) მუხლი 1 (2 „ბ“)

DRI: ცხინვალში რუსეთის გავლენა კიდევ უფრო იზრდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ფაქტობრივი „დამოუკიდებლობა“ კიდევ უფრო ფორმალური ხდება.  სამხრეთის ოსეთის ე.წ. პარლამენტი აპირებს ცვლილებები შეიტანოს  კანონებში „იარაღის შესახებ“ და „გარკვეული ტიპის საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“.
25.05.2020
DRI: ოკუპირებულ ახალგორში პანდემიასთან ბროლისთვის რეკომენდირებული წესები სისტემატიურად ირღვევა
DRI-ის ინფორმაციით ოკუპირებულ ახალგორში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ წესებს, ბოლომდე არავინ იცავს, რაც  რეგიონში ინფექციის უკონტროლო გავრცელების რისკებს ზრდის.
18.05.2020
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს მედიის გაკონტროლების დაუფარავ მცდელობად აფასებს
DRI ეხმიანება აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნავს, რომ კრიტიკული აზრის მქონე თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის დაუსაბუთებელი და არაერთჯერადი პრაქტიკა საფრთხეს უქმნის აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას.
13.05.2020