ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (თვაურები, ოძისი)
26.06.2020
ივნისის დასაწყისში საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლები თვაურები და ოძისი მოვინახულეთ.

სოფელი თვაურები

თვაურები კასპის მუნიციპალიტეტში, ლამისყანის თემში, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. სოფელი კასპიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. თვაურები ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც ამ დროისთვის რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აქ მოხვედრა მხოლოდ ქართული პოლიციის საგუშაგოს გავლითაა შესაძლებელი, რომელიც სოფლის დასაწყისში მდებარეობს.

თვაურები ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. სოფელი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით და კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით.

2002 წლის საყოველთაო აღწერის[1]  მიხედვით, სოფელში 140 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი 81 ადამიანი ცხოვრობს.  აქედან, მოსახლეობის  88,9%-ს ოსები, ხოლო 9,9%-ს ქართველები შეადგენენ.[2] ადგილობრივების თქმით, სოფელში 40 კომლია დარჩენილი, აქედან, დიდი ნაწილი საპენსიო ასაკისაა. სოფელში სკოლა და საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. სოფელს აქვს ამბულატორია, თუმცა არ გააჩნია  აფთიაქი და სასურსათო მაღაზია. ლამისყანაში პირველადი მოხმარების საგნების და პროდუქტების შესაძენად ადამიანებს დაახლოებით 4 კილომეტრის გავლა უწევთ.

ადგილობრივების გადმოცემოთ, სოფელმა ომის შემდეგ  საძოვრები დაკარგა. მავთულხლართებთან ახლოს მდებარე მიწებს კი უსაფრთხოების გარანტიების არქონის გამო ვერ ამუშავებენ. სოფლის მაცხოვრებლები პრაქტიკულად ერთადერთ შემოსავალს ხეხილის ბაღებიდან იღებენ. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომამდე ახალგორის ბაზარზე პროდუქტი გაჰქონდათ, რაც ახლა შეუძლებელია. გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ მავთულხლართებმა ისინი ახლო ნათესავებს ჩამოაცილა, რასაც განსაკუთრებულად განიცდიან.

სოფელში მოსახლეობა  შიდა გზების გაუმართაობას და სარწყავი ჭების დაბინძურებას უჩივის, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მნიშვნელოვნად აფერხებს.

სოფელი ოძისი
 
ოძისი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მჭადიჯვრის თემში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ოძისი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, სოფლში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. სოფლის ბოლოს ქართულ საპოლიციო საგუშაგოსთან ერთად, ე.წ. საკონტროლი-გამშვები პუნქტი „მოსაბრუნი“ მდებარეობს, რომელიც ამჟამად დაკეტილია. სწორედ ამ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ეძლეოდათ ახალგორელებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში  513 ადამიანი ცხოვრობს.[3] ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად სოფელში დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფება.

სოფლის მაცხოვრებლები ყველაზე მეტად უმუშევრობაზე და დასახლებაში ახალგაზრდებისთვის ნაკლებად პერსპექტიულ გარემოზე ჩივიან. ძირითად პრობლემად სასმელ წყალს და მის ხარისხს ასახელებენ. გაუმართავია სოფლის შიდა გზებიც. იმ პრობლემებს შორის, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ადგილობრივებმა სარიტუალო დარბაზის არქონაც დაასახელეს, რომელიც, დაახლოებით 10 წელია შენდება, თუმცა საბოლოო სახე ჯერ არ აქვს მიღებული.

ოძისში არ არის აფთიაქი და მაღაზია. როგორც გვითხრეს, პურის შეძენა რამოდენიმე სახლში კერძოდ არის შესაძლებელი. საკვები პროდუქტის ან პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად, ოძისელებს გვერდით მდებარე სოფელში უწევთ სიარული.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ თვაურების მსგავსად, ოძისიც ზღვის დონიდან 750 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს, სოფელი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით არ სარგებლობს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სტატუსის მინიჭების საკითხი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა უკვე განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხი დროში არ გაიწელოს და სწრაფად მოხდეს დასახლებისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება.


* * *
პროექტი „ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა „საზღვრის“ წინა ხაზზე“ ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული წვლილის“ ფინანსური მხარდაჭერით.
 
[1] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II.
[2] მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014) https://www.geostat.ge/index.php/ka
[3] იქვე.
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების შეკრებისა და მანიფესტაციის მონიტორინგი საქართველოში
ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები საქართველოში 2012 წლიდან გააქტიურდნენ.
06.07.2020
ულტრამემარჯვენე აქტივისტების ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუების ანალიზი
ანალიზი ეყრდნობა თორმეტი ულტრამემარჯვენე აქტივისტის მონათხრობს. საკუთარ აქტივიზმზე და იდეოლოგიაზე საუბრისას რესპონდენტები მეცნიერულ ტერმინებს და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს იყენებენ.
02.07.2020
ანგარიშის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.
25.06.2020