ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები (ფახულანი, ტყაია, ლია, რიყე, ხურჩა, ორსანტია)
22.07.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის გუნდის წევრებმა ივლისის დასაწყისში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ის სოფლები მოვინახულეთ, რომლებიც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრება.

ფახულანის თემი

ფახულანის თემი, რომელიც ოთხ სოფელს (ფახულანი, ქალაღალი, წყოუში, ჭველე) აერთიანებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. აქ მოხვედრა მხოლოდ ქართული საგუშაგოს გავლის გზითაა შესაძლებელი, სადაც სამართალდამცავები მგზავრთა დოკუმენტაციას ამოწმებენ, ვიზიტის მიზანს აზუსტებენ და შემსვლელთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლს იტოვებენ.
სამართალდამცველების სიფრთხილეს საფუძველი აქვს. მიმდინარე წლის მაისში, რუსმა სამხედროებმა ფახულანი-საბერიოს შორის არსებული მავთულხლართების განახლება დაიწყეს - ძველი, დაზიანებული ბოძები ახლით შეცვალეს და მავთულხლართები გამოცვალეს. შეუიარაღებელი თვალისთვის ადვილი შესამჩნევია გამყოფი ზოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები. 
2002 წლის საყოველთაო აღწერის[1] მიხედვით, ფახულანის თემში 3828 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი - 1320.[2] ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად, ოთხივე სოფელში, დაახლოებით 700-მდე კომლია.
დასახლების ბოლოს, საბერიო-ფახულანის ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი მდებარეობს. პანდემიის საბაბით დაწესებული შეზღუდვების ამოქმედებამდე, ამ პუნქტის გავლით, ყოველდღიურად ასობით ადამიანს ეძლეოდა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა. ამჟამად გამშვები პუნქტი დაკეტილია.
ფახულანის თემის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა. სახნავ-სათესი მიწების დიდი ნაწილი ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაიკარგა. ამჟამად აქ მაცხოვრებლების შემოსავალის ძირითად წყაროს თხილი წარმოადგენს, რომელსაც აზიური ფაროსანა ანადგურებს. წუხან, რომ თხილის შეწამვლა ძირითადად საკუთარი ხარჯით უწევთ და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება საკმარისი არაა. ხშირია შინაური ცხოველების დაკარგვის ფაქტები. გვითხრეს, რომ თუ საქონელი გამყოფი ხაზის მიღმა აღმოჩნდება, „გამოსასყიდად“ გარკვეული თანხის გადახდა უწევთ.
თემს არ გააჩნია გაზმომარაგების ქსელი, რის გამოც მოსახლეობა ზამთრის სეზონზე შეშით თბება. ფახულანში, როგორც სასმელი, ასევე, სარწყავი წყლის მუდმივი პრობლემაა. მართალია, დასახლებაში 5-6 მაღაზიაა, მაგრამ არაა აფთიაქი. გვითხრეს, რომ ყოველდღე ელიან ახალი ამბულატორიის გახსნას, რომელიც, მართალია, აშენდა, მაგრამ დღემდე დაკეტილია.
ფახულანის მოსახლეობა განსაკუთრებულად სასაფლაოს ნაწილის ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს მოქცევას განიცდის. „საზღვრის“ სიახლოვიდან კარგად ჩანს, უშუალოდ გამყოფ ხაზს მიღმა მოქცეული საფლავი, რომელიც „ვიზიტორებისგან დასაცავად,“ რკინის ჯაჭვით და ბოქლომითაა დაკეტილი.
ჩვენს კითხვაზე, რის შეცვლას სთხოვენ ადგილობრივ ან ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოკითხულებმა სოფლის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერის („მწოლიარე პოლიციელის“) განთავსებაზე შუამდგომლობა გვთხოვეს.


სოფელი ტყაია
ტყაია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 125 მეტრზე მდებარეობს. სოფელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. სოფელში შესვლა თავისუფლადაა შესაძლებელი.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ტყაიას მოსახელობას 1332 ადამიანი შეადგენდა, 2014 წლის მონაცემებით კი, სოფელში 683 ადამიანი ცხოვრობს.
ჩვენს მიერ გამოკითხულმა ადამიანებმა სოფლის ძირითად გასაჭირად სარწყავი წყლის არასტაბილურიმიწოდება დაასახელეს. მათი განცხადებით, ზაფხულში მაღალი ტემპერატურის გამო სარწყავი არხი შრება, რაც ხელს უშლისსასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამართულ წარმოებას.
სოფელს არ გააჩნია აფთიაქი და ამბულატორია. მაღალია ახალგაზრდების მიგრაცია.

სოფელი ლია
სოფელი ლია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდი–ჯვრის საავტომობილო და სარკინიგზო გზის გასწვრივ, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. სოფელი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. სოფელში გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 2081 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი - 1523. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სოფელში ძირითადად ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.
სოფელს არ აქვს გაზმომარაგება. მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო თხილია. ამბობენ, რომ ნაყოფს ფაროსანა ანადგურებს, თუმცა, პარაზიტის წინააღმდეგ ბრძოლაში მუნიციპალიტეტის დახმარებაც აღნიშნეს.
გამოკითხულები სასოფლო-სამეურნეო მიწის რეგისტრაციის არქონასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც გვესაუბრნენ. გვითხრეს, რომ ამის გამო მოსახლების ნაწილი, რომელსაც მიწა დარეგისტრირებული არ აქვს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების ვაუჩერებს ვერ იღებს.

სოფელი რიყე
სოფელი რიყე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდის ცენტრიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ესაზღვრება ტერიტორიას, რომელსაც ამჟამად რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ. სოფელში გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რიყეში 3265 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი - 1552. ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად სოფელში დაახლოებით 800 კომლია.
სოფელს გააჩნია გაზმომარაგების ქსელი, სოფელს აქვს საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ფუნქციონირებს მაღაზიები, აფთიაქი და ამბულატორია. მოსახლეობა ძირითად პრობლემად უმუშევრობას და ახალგაზრდების მაღალ გადინებას ასახელებს.

სოფელი ხურჩა
სოფელი ხურჩა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ზუგდიდიდან 16 კილომეტრში, მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს მდებარეობს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლდება. სოფლის გეოგრაფიული საზღვარი მდინარე ხურჩის წყლის მიღმა მდებარეობს. თუმცა, ადგილობრივებს მდინარის გადაკვეთის შესაძლებლობა წართმეული აქვთ. როგორც სოფლის მაცხოვრებლებმა გვითხრეს, რუსი სამხედროები ე.წ. სასაზღვრო ზოლს მკაცრად აკონტროლებენ - „თუ ადრე 2-3-ჯერ დადიოდნენ, ახლა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ დადიან.“
სოფელში შესვლა ქართული პოლიციის საგუშაგოს გავლის შემდეგაა შესაძლებელი, სადაც სამართალდამცავები მგზავრების დოკუმენტაციას ამოწმებენ და აზუსტებენ ვიზიტის მიზანს. საგუშაგოს გავლის შემდეგ, სოფელში გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.
2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ხურჩაში 463 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი - 535. ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად სოფელში დაახლოებით 90 კომლია. მათ შორის, დაახლოებით 38 ოჯახი კვლავ უშედეგოდ ითხოვს 1993-1998 და 2008 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის სრულყოფილად ანაზღაურებას.
ხურჩა ბუნებრივად მცირემიწიანია. ამას ემატება ისიც, რომ ოკუპაციის შედეგად სოფელმა სახნავ-სათესი მიწები და საძოვრები დაკარგა, რის გამოც მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას პრაქტიკულად ვერ ახორციელებს.
სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, სასკოლო ასაკის ბავშვები კი სოფელ ნაბაკევში მდებარე საშუალო სკოლაში დადიან. ხურჩაში მრავალი წელია დგას ამბულატორიის შენობა, რომელიც არ ფუნქციონირებს. სოფელში არ არის ექიმი და მხოლოდ ექთნის იმედად არიან.
ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ სოფელი პრაქტიკულად სრულ იზოლაციაში მოაქცია და გააჩერა. დაიხურა ადგილობრივი მცირე ბიზნესი, კაფე და სწრაფი კვების ობიექტი, უმუშევრად დარჩა დაახლოებით 40-მდე ტაქსის მძღოლი. ადგილობრივები სოფელში უპერსპექტივო გარემოზე საუბრობენ და სინანულით აღნიშნავენ, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ ალტერნატივად არაფერი შესთავაზა. ფიქრობენ, რომ თუ გზა არ გაიხსნა, მათაც  მოუწევთ სოფლის დატოვება. ამბობენ, რომ მუდმივად აქვთ დაუცველობის განცდა. „მოსახლეობის აქ დარჩენას პოლიტიკური დატვირთვა აქვს“ - გვიხსნიან და წუხან, რომ ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლება ადგილზე დასარჩენად არანაირ პერსპექტივას არ სთავაზობს.

უპერსპექტივობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როდესაც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა გაჩერდა. „ავტობუსის მძღოლს ზუგდიდიში ათი კაცის საყიდლების სია მაინც მიაქვს და ავტობუსის გაჩერებამ ყველაზე აუცილებელი პროდუქტების გარეშე დაგვტოვა“ - გვეუბნება ადგილობრივი და იმასაც დასძენს, რომ ხურჩა ავტობუსების სასაფლაოა, სადაც მხოლოდ ყველაზე გაუმართავ და მოუწესრიგებელ ტრანსპორტს უშვებენ.


სოფელი ორსანტია
სოფელი ორსანტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. სოფელი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში 4499 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის მონაცემებით კი - 2052. ადგილობრივების განცხადებით, ამჟამად სოფელში დაახლოებით 700 კომლია.

ორსანტიაში გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი. 2017 წლამდე სოფელში ე.წ. ორსანტია-ოტობაიას გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. ორსანტიას და ოტობაიას მოსახლეობას მჭიდრო ნათესაური კავშირები აქვთ და გამშვები პუნქტის ჩაკეტვას განსაკუთრებულად განიცდიან. ამის გამო იმატა ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტებმა. 
სოფელში იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. ადგილობრივები ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებენ.
 
[1] საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II, ხელმისაწვდომია http://census.ge/ge/2002-results
[2] მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014)https://www.geostat.ge/index.php/ka
„რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა ანგარიში „რუსეთის ფედერაციის სახმედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში / სამხრეთ ოსეთში და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე“.

21.09.2020
მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობა გალის და ახალგორის რაიონებში
განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
31.08.2020
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების მიმოხილვა
წინამდებარე მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარების მოკლე ანალიზს.
31.08.2020