სიახლეები
საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ირაკლი ბებუას საქმესთან დაკავშირებით
12.10.2020
საქართველოს მთავრობას
 
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებებში
ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთოს)
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს
საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიურ მისიებს
 
 
საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასა და მის რელევანტურ უწყებებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს მოგმართავთ თხოვნითა და მოწოდებით, თქვენი მანდატის ქვეშ, მიიღოთ ყველა სათანადო ზომა ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით და ხელი შეუწყოთ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი გადმოყვანის პროცესს.
 
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 30 სექტემბერს[1] დააკავეს კულტურის სახლის წინ აფხაზური დროში დაწვის ფაქტზე. ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა სავარაუდოდ de facto  ხელისუფლების სამართალდამცავ ორგანოებთან დაკითხვაზე იმყოფება, თავად ადასტურებს აფხაზეთის დროშის დაწვის ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ მას აფხაზებთან საწინააღმდეგო არაფერი აქვს და პირიქით, ის ამ ორი ხალხის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა და დროშაც სწორედ მათი  დაყოფის მიმართ პროტესტის ნიშნად დაწვა სიმბოლურად.  
 
30 სექტემბერსვე ირაკლი ბებუა აფხაზეთის de facto სამართალდამცავმა უწყებებმა დააკავეს. იმავე დღეს ირაკლი ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს de facto მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც ის თითქოსდა საკუთარი საწოლში ბალიშის ქვეშ ინახავდა. 
 
ოკუპირებული აფხაზეთის de facto ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას de facto რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, მათ შორის, სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფას, რომელიც 1 წლამდე პატიმრობით ისჯება, ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას  დამამძიმებელ გარემოებებში, რომელიც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს და იარაღის უკანონო შენახვას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
 
ირაკლი ბებუას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს და დღემდე სოხუმის იზოლატორში რჩება. ირაკლი ბებუას ოჯახს მასთან შეზღუდული კომუნიკაცია აქვს და მის მიმართ მოპყრობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სანდო ინფორმაციას ამ დრომდე არ ფლობს. ირაკლი ბებუას სავარაუდოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი და მისი ეფექტიანი დაცვის საკითხი ასევე პრობლემური შეიძლება გახდეს. 
 
ირაკლი ბებუას ოჯახი 1993 წლიდან აფხაზეთიდან დევნილია. 2016 წელს ირაკლი დაბრუნდა გალში ხანდაზმული ბებიის მოსავლელად და თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების არარსებობის გამო.  აღსანიშნავია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, მას ქრონიკული დაავადებები აქვს და გალში ჩაკეტვის შემდეგ, თითქმის 4 წელი არ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
 
ირაკლი ბებუას უკანონო დაკავება განსაკუთრებით ყურადსაღებია საქმის პოლიტიკური კონტექსტის და სენსიტიურობის გამო. სოციალურ ქსელებში დაკავებულ ირაკლი ბებუას მიმართ მძიმე კომენტარები კეთდება, ნაწილი მისი სასტიკი დასჯის მოთხოვნას აყენებს. 
 
უკანონო დაკავებები და დაკავების დროს არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა საოკუპაციო რეჟიმებს ახასიათებს. ამგვარ გარემოებებთან კავშირში არაერთი მძიმე საქმე გვახსოვს, მათ შორის, de facto სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმე, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის  სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკული შემთხვევები.
 
პრობლემურია აფხაზეთის ციხეებში არსებული მდგომარეობა და არასათანადო პირობები იქ მყოფი პატიმრებისთვის, რომლებიც ბაზისურ უფლებებსა და სათანადო საცხოვრებელ პირობებს არიან მოკლებულნი პენიტენციალურ დაწესებულებებში. ციხის მძიმე და არაადაპტირებული პირობები მძიმე დაავადებების გავრცელების მაღალ რისკებს შეიცავს და პირადი ცხოვრების დაცვის და პატივისცემის მინიმალურ გარანტიებსაც არ ქმნის. [2]
 
ოკუპაციის პირობებში სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების შეზღუდულობა ქმნის სრული დაუსჯელობის და უმოქმედობის განცდას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით საერთაშორისო აქტორების ჩართულობას.
 
ირაკლი ბებუას საქმის კონტექსტის, მასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნითა და მოწოდებებით 
 
საქართველოს მთავრობას
 
  • გამოიყენოს აფხაზეთის de facto ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ფორმალური და არაფორმალური ფორმატები და ყველა დიპლომატიური მექანიზმი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და გადმოცემის მიზნით;
  • უზრუნველყოს სათანადო ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზომების მიღება მის გადმოცემამდე ირაკლი ბებუას უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მიზნით;
  • მიიღოს პრევენციული პოლიტიკური ზომები, რომ ირაკლი ბებუას საქმე არ გახდეს გალში მცხოვრები ქართველების შევიწროების კიდევ ერთი საფუძველი.
 
 
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს
 
  • მიიღოთ სათანადო პოლიტიკური, დიპლომატიური და ადმინისტრაციული ზომები დაკავებული ირაკლი ბებუას სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით.
  • განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხელი შეუწყონ დაკავებული ირაკლი ბაბუას კომუნიკაციას ოჯახთან და მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლისა და მონიტორინგის პროცესს.
 
 
ხელმომწერი ორგანიზაციები
 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
პლატფორმა სალამი
მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი
 
 
 
[1] შენიშვნა: 30 სექტემბერს აფხაზური საზოგადოება და de facto ხელისუფლება ომში გამარჯვებას აღნიშნავს, მაშინ როცა 27 სექტემბერი საქართველოში გლოვის და სოხუმის დაცემის დღედ აღინიშნება.
 
[2] Human Rights in Abkhazia Today Report by Thomas Hammarberg and Magdalena Grono, July 2017.
DRI: ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების ახალი პოლიტიკაა.

21.10.2020
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ცხინვალის რეგიონში დამძიმებულ ეპიდსიტუაციას ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააძლიეროს მოლაპარაკებები ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმთან.
19.10.2020
DRI: აქტივისტთა კარვების დემონტაჟი დემონსტრანტთა უფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას წარმოადგენს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები 5 ოქტომბერს პარტია „გიორგი ვაშაძე -  სტრატეგია აღმაშენებელი“  წევრების მიერ გამართულ აქციას დააკვირდნენ.

06.10.2020