სიახლეები
DRI: ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება
21.10.2020
ახალგორს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის საფრთხე ემუქრება. ამის მიზეზი დე ფაქტო ხელისუფლების ახალი პოლიტიკაა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის(DRI) ხელთ არსებული ინფორმაციით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსაბრუნის გამშვები პუნქტის დროებით გახსნას გეგმავს. თუმცა ამ „ჰუმანურ“ აქტს ცალმხრივი დანიშნულება აქვს. ადგილობრივებისთვის გზა მხოლოდ თბილისის მიმართულებით გაიხსნება. მოსახლეობას  უკან დაბრუნების უფლება ე.წ. საზღვრის საბოლოოდ გახსნამდე აღარ ექნება. თუმცა, ამ ეტაპზე ისევ უცნობია, როდის გაიხსნება „საზღვარი“ ორმხრივად.
  
გამშვები პუნქტის ცალმხრივად გახსნის შესახებ მოსახლეობისთვის ოფიციალური ინფორმაცია არავის მიუწოდებია, თუმცა ახალგორის რაიონულ ადმინისტრაციას უკვე დაევალა პროცესის ორგანიზება. ადმინისტრაციის წარმომადგენლები გეგმავენ სპეციალური სიების შედგენას. ახალგორიდან წასვლა რაიონში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. უცნობია, რამდენი დღით გეგმავს დე-ფაქტო ხელისუფლება გზის გახსნას, თუმცა ცნობილია, რომ ეს პროცესი ზამთრის დადგომამდე უნდა დასრულდეს.

ახალგორის ადგილობრივი, ძირითადად, ქართული მოსახლეობისგან დაცლის პროცესი ნაწილობრივ უკვე დაწყებულია. ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელსაც სამედიცინო დახმარების მისაღებად თბილისში გადმოყვანა ესაჭიროებოდა, ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციამ პრობლემა არ შეუქმნა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის შესაძლებლობა მისცა, თუმცა რაიონიდან წასვლამდე გადაადგილების საბუთი - ე.წ. „პროპუსკი“ დაატოვებინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ სახლში ვეღარ დაბრუნდება.

ახალგორის მოსახლეობა 2008 წლის შემდეგ მეორედ დგება საკუთარი საცხოვრებლის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით ახალგორში, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარეობა ნეიტრალური აქტორების მხრიდან მუდმივ რეჟიმში დაკვირვებას მოითხოვს.

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, გააქტიურონ ძალისხმევა:
 
  • რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის საწარმოებლად და დაკვირვების ანგარიშების ღიაობის უზრუნველსაყოფად, რათა კონფლიქტის ყველა მხარეს და საზოგადოებებს ქონდეთ ნეიტრალური მხარის მიერ დანახული პრობლემების და მათზე მსჯელობის შესაძლებლობა.
  • გააქტიურონ ძალისხმევა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებას:
  • ახალგორში არსებულ კრიზისთან დაკავშირებით, შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება კონფლიქტით დაზარალებული და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის შემცირების ღონისძიებები;
  • გააქტიუროს ძალისხმევა ოკუპირებული ტერიტორიებიდან (როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართულებით, ასევე, უკან) გადაადგილების თავისუფლების რეჟიმის გამარტივების მიზნით.
ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

27.11.2020
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.

16.11.2020
DRI: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია

DRI წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.

12.11.2020