სიახლეები
DRI: 2020 წლის 8 ნოემბრის აქციაზე დაკვირვების ოქმი
10.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2020 წლის სექტემბრიდან აკვირდება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური შინაარსის საპროტესტო აქციებს. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ორგანიზაციის მონიტორები ასევე აკვირდებიან, რამდენად იცავენ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები Covid-19-ით ინფიცირების პრევენციასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.
 
2020 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეკრებას ორგანიზაციის ორი მონიტორი აკვირდებოდა, რომლებმაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
 
აქციის მონაწილეებმა შეკრება დღის 2 საათიდან დაიწყეს. 3 საათისთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. თავდაპირველად შეკრება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
 
აქციის მიმდინარეობისას ძირითადად დაცული იყო Covid-19-ის პრევენციისკენ   მიმართული რეგულაციების ნაწილი. მომიტინგეთა აბსოლუტური უმრავლესობა ატარებდა პირბადეს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არასწორად. ორგანიზატორები რეგულარულად მოუწოდებდნენ მონაწილეებს პირბადეების გამოყენების აუცილებლობისკენ, მისი სწორი ფორმით ტარების მნიშვნელობასა და დისტანციის შეძლებისდაგვარად დაცვისაკენ. თუმცა, დემონსტრანტთა რაოდენობიდან გამომდინარე, დისტანციის დაცვა ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად შეუძლებელი იყო.
 
აქციის ორგანიზატორების მთავარი მოთხოვნები იყო ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომა. მათ შესასრულებლად, ოპოზიციამ ხელისუფლებას ფორმალურად საღამოს 8 საათამდე განუსაზღვრა დრო. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც ცხადი გახდა, რომ ხელისუფლება არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს,  ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკანორ მელიას მოწოდებით, აქციის მონაწილეები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობისაკენ გაემართნენ; უმეტესობა ფეხით, მცირე ნაწილი კი ავტომობილებით.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს 9:20 საათისთვის მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე გამოყენებული ჰქონდა წყლის ჭავლი ცესკოს წინ შეკრებილი დაახლოებით 250 ადამიანის წინააღმდეგ. როგორც დემონსტრანტებმა ჩვენს დამკვირვებლებს განუცხადეს, ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეთა უმრავლესობის მოსვლამდე, პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა, რასაც აქციის მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანება მოყვა. დემონსტრანტებმა წყლის ჭავლის საპასუხოდ, სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლის დაკვირვების ოქმიდან ირკვევა, რომ ერთ შემთხვევაში, აქციის მონაწილემ სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა.
 
სიტუაცია, მხოლოდ ადგილზე ოპოზიციის ლიდერებისა და მონაწილეთა ძირითადი ნაწილის მისვლის შემდეგ განიმუხტა. აქცია 22:00 საათიდან 00:00 საათამდე პერიოდში შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ცესკოს წინ დაახლოებით 5 000 ადამიანი იყო შეკრებილი. ვითარებას დაახლოებით 300 საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი არეგულირებდა.
 
მას შემდეგ, აქციის მონაწილეთა მისამართით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი) გამოყენება შეფასდა, როგორც არაპროპორციული და უკანონო ღონისძიება,  პოლიციამ აუდიო გაფრთხილება დაიწყო და აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ მოუწოდებდა; წინააღმდეგ შემთხვევაში კი, იუწყებოდა, რომ გაატარებდა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. გაფრთხილების მიუხედავად, მონაწილეებს შეკრების ადგილი არ დაუტოვებიათ. დაახლოებით 00:30 საათზე, დემონსტრანტების პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებთან მჭიდრო სიახლოვისა და პოლიციის მიმართ გამოხატული აგრესიის გამო, პოლიციამ კვლავ გამოიყენა წყლის ჭავლი, რამაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმები ე.წ. რობოკოპები დაიძრნენ ხალხის მიმართულებით. შედეგად, მონაწილეთა უმრავლესობამ ავტობანის მიმართულებით გადაინაცვლა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის  სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა  და აქციის 10-მდე მონაწილემ. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით, ჯამში 19 პირი დააკავა.
 
მოგვიანებით, ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ და 9 ნოემბერს, საღამოს 6 საათზე, საქართველოს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდეს. ამ მოწოდების შემდეგ აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტერიტორია დატოვა.
 
 
ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

27.11.2020
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.

16.11.2020
DRI: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია

DRI წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.

12.11.2020