სიახლეები
DRI: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია
12.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქმის არსებითი განხილვისას შემდეგი ხარვეზები გამოიკვეთა:
 
დაბალი მტკიცების ტვირთი და უფლებათა დაცვის არასაკმარისი სტანდარტები

საპატრულო პოლიციის მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილ ვიდეო მასალებში დროის მხოლოდ ის მონაკვეთი იყო ასახული, რომელიც სამოქალაქო აქტივისტთა დაკავების ფაქტებს შეიცავდა. ვიდეო მასალებიდან ცალსახად არ იკვეთებოდა დაკავების ოქმებით დადგენილი სამართალდარღვევის, მათ შორის, აქტივისტების მიერ წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები. პატრულ-ინსპექტორებს, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, სამხრე კამერებით გადაღებული არ ჰქონდათ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, ის ქმედებები, რაც აქტივისტების დაკავების საფუძველი გახდა. საქმის განხილვისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პატრულ-ინპექტორთა სამხრე კამერების ჩანაწერები მხოლოდ დაკავებულთა ავტომობილით გადაყვანის პროცესს ასახავდა, რასაც უშუალოდ სამართალდაღვევასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.
 
ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრული მტკიცებულებების გაზიარება სასამართლოს მიერ
 
პროცესზე დაკითხული სამართალდამცავების არათანმიმდევრული და ზედაპირული ხასიათის ჩვენებები, თავის მხრივ, არ შეესაბამებოდა ვიდეო მასალებში წარმოდგენილ მოვლენათა ჯაჭვს.
 
ალექსი მაჭავარიანის საქმეში სასამართლომ შეშის რამდენიმე ნაჭერი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სახიფათო საგნად მიიჩნია, რომელიც, სასამართლოს შეფასებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების მიზნით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო, სასამართლოს განცხადებით, ბოლო პერიოდში აქციების ცალკეულ მონაწილეთა მიერ შეშის ნაჭრების არამიზნობრივი, კერძოდ, პოლიციელთა წინააღმდეგ გამოყენების ფაქტი. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე დაკავებული სამართალდამრღვევად ცნო და  შემდეგი სახის სახდელები დაადო: ალექსი მაჭავარიანს და ნოდარ რუხაძეს 1000 და 1500 ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ, ხოლო გიორგი მჟავანაძეს 3 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
 
მოსამართლის ყურადღების მიღმა დარჩა გიორგი მჟავანაძის განცხადება პოლიციელთა მხრიდან ცუდად მოპყრობის შესახებ
 
სასამართლო პროცესზე გიორგი მჟავანაძემ პატრულ-ინსპექტორები მის მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულა, რაზედაც, ადვოკატთა განცხადებით, დაწყებულია გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე რეაგირება განმხილველი მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს, მოსამართლე თამარ მეშველიანი გიორგი მჟავანაძის მიმართ სავარაუდოდ ცუდად მოპყრობის დეტალებით არ დაინტერესებულა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ამ საკითხს დავის საგანთან არსებითი კავშირი არ ჰქონდა და ფაქტები გამოძიებას უნდა დაედგინა.
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციული თეორიები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აგრძელებს Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციული გზავნილების შესწავლას ონლაინ მედიაში.
11.12.2020
DRI – 28 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი ფაქტობრივად დახურულ სასამართლო სხდომაზე წარიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართული აქციის დროს დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესზე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებელი არ დაუშვა. 
08.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 28 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს.
30.11.2020