სიახლეები
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება
16.11.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები.
 
საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას, არსებობს ამ უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკი. ამიტომ, აუცილებელია, მოსამართლემ კრიტიკულად შეაფასოს როგორც საგამოძიებო ინტერესი, ასევე, კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს დააკმაყოფილოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა. სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს. მაგალითად, 2015 წელს სასამართლოში ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილი 362 შუამდგომლობიდან, 61 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წელს 1037 განხილული შუამდგომლობიდან, მხოლოდ 133 არ დაკმაყოფილდა.[1]
 
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ყოფნა, აუცილებელს ხდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას.
 
სწორედ ამიტომ, ანგარიშში განხილულია სახელმწიფო ინსპექტირის სამსახურის უფლებამოსილება, რომლის ერთ-ერთი ფუნქცია სწორედ ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლია, თუმცა აღნიშნულის ეფექტიანად განხორციელება სათუოა. პირველ რიგში, სააგენტოს საქმიანობაზე არასათანადო კონტროლი, შესაძლოა, განპირობებული იყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფართო უფლებამოსილებით  (ის ასევე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლს და საგამოძიებო მოქმედებებს). გარდა ამისა, სამსახურს არ აქვს მინიჭებული მთელ რიგ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობის სათანადო მექანიზმები. ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებით ინტერესთა კონფლიქტსაც იწვევს.  
 
ანგარიშში ასევე განხილულია ზედამხედველი მოსამართლის მანდატი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე საქმეებზე წარმოებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა ზედამხედველობას ახორციელებს. თუმცა მისი მანდატი იმდენად ვიწროა, რომ ზედამხედველობის მიღმა რჩება მთელი რიგი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეები.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ხედვებსა და საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ თავისი მანდატის განხორციელებისას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევისაგან თავის არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული პრობლემები, გამყარდეს ზედამხედველობის მექანიზმები და სასამართლომ მხოლოდ ობიექტური გზით დადგენილი საჭიროების შემთხვევაში მიიღოს განჩინება - ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ.

კვლევა „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები“ 
 
[1] საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდი, http://www.supremecourt.ge/farulebi
ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

27.11.2020
DRI: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 9 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა მიმართ დაუსაბუთებელია

DRI წარმომადგენლები 2020 წლის 9 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების ალექსი მაჭავარიანის, ნოდარ რუხაძის და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესებს დააკვირდნენ.

12.11.2020
DRI: 2020 წლის 8 ნოემბრის აქციაზე დაკვირვების ოქმი
8 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ შეკრებას ორგანიზაციის ორი მონიტორი აკვირდებოდა, რომლებმაც მოგვიანებით, აქციის მონაწილეების ნაწილთან ერთად, ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს.
10.11.2020