სიახლეები
DRI – 28 ნოემბერს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი ფაქტობრივად დახურულ სასამართლო სხდომაზე წარიმართა
08.12.2020
7 დეკემბერს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებელი, პროცესზე დასწრების სურვილის მქონე სხვა პირებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია მერაბიშვილმა 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართული აქციის დროს დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესზე არ დაუშვა. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი ფაქტობრივად დაიხურა.
 
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად,  სასამართლოში საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.[1] 2020 წლის პირველ დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საერთო სასამართლოებისთვის დამტკიცებული რეკომენდაციების თანახმად, უნდა შეიზღუდოს სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობა 2-მეტრიანი დისტანციის გათვალისწინებით და აღნიშნულის მიზნით მოხდეს სკამებზე შესაბამისი პირობითი ნიშნების (სტიკერების/ნახაზების) გამოყენება.[2] აღნიშნული რეკომენდაცია არ გულისხმობს სხდომაზე დასწრების სრულ აკრძალვას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და დემოკრატიული საზოგადოებაში ანგარიშვალდებული სასამართლოს ფუნქციონირების ფუნდამენტურ პრინციპებთან.
 
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები მნიშვნელოვანი დაბრკოლებების გარეშე ესწრებოდნენ ანალოგიური შინაარსის სასამართლო პროცესებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეს არ წარმოუდგენია არგუმენტები 7 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების სრულად დაცვის შეუძლებლობის შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო არაკანონიერი და დაუსაბუთებელი.
 
შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესების მონიტორინგისას, ასევე გამიკვეთა სხვა მნიშვნელოვანი გარემოებებიც. სასამართლო პროცესი დაიწყო რამდენიმე საათის დაგვიანებით. გარდა ამისა, დემონსტრანტებს არ ეცნობათ პროცესის დაწყების ზუსტი დრო,  ხოლო მათ მიერ წარმოდგენილი მოწმეები, Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საბაბით, არ დაუშვეს სასამართლო შენობაში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე და მისი წარმომადგენლები, მოწმეებთან ერთად 3-4 საათის განმავლობაში, დეკემბრის თვის სიცივეში, ღია ცის ქვეშ ელოდებოდნენ სასამართლო პროცესის დაწყებას.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ პოლიტიკური შინაარსის აქციების მიმდინარეობისას დაკავებულ დემონსტრანტთა სასამართლო პროცესების ფაქტობრივი დახურვა, განხილვის მიმართ არსებული საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესის მიუხედავად, ამცირებს მიმდინარე პროცესებისა და საჯარო ინსტიტუტების მიმართ ნდობას.  
 
[1] საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი
[2] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 1-ელი დეკემბრის რეკომენდაციები, ხელმისაწვდომია: http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-rekomendatsiebi/3748
 
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური გზავნილები და კონსპირაციული თეორიები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აგრძელებს Covid-19 პანდემიასთან დაკავშირებული კონსპირაციული თეორიების და დეზინფორმაციული გზავნილების შესწავლას ონლაინ მედიაში.
11.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 28 ნოემბერს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას ეხმიანება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 28 ნოემბერს პარლამენტის უკანა შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტს.
30.11.2020
ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

27.11.2020