ანგარიშები
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში
29.12.2020
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის დაკვირვების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია სასულიერო პირების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის და აქტიური აგიტაციის ფაქტები, რომლებიც სოციალური და ონლაინ მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.

ანგარიში ძირითადად მოიცავს 15 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასში ასახულია როგორც 15 ოქტომბრამდე, ასევე, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ განვითარებული მოვლენებიც.

დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა, რომ, ერთი მხრივ, საარჩევნო სუბიექტები ამომრჩევლებში ნდობის მოპოვებისა და არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად წინასაარჩევნო აგიტაციაში რელიგიური ორგანიზაციების, ყველაზე მეტად კი, მართლმადიდებლური ეკლესიის და მღვდელმთავრების გამოყენებას ცდილობენ. მეორე მხრივ კი, ადგილი ჰქონდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო (ან საწინააღმდეგო) შესაძლო აგიტაციას, ასევე ისეთ მოქმედებებს, რასაც ამომრჩეველის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, 2020 წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, მღვდელმთავრები პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას რვა შემთხვევაში დაესწრნენ. სასულიერო პირები ესწრებოდნენ პარტიის „ქართული იდეა“ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებასაც. 1-ლი ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით, ორგანიზაციის დაკვირვებით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის არანაკლებ რვა შემთხვევა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, დაახლოებით, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საარჩევნო სუბიექტების მიერ რელიგიური ორგანიზაციებისა და კონკრეტულ სასულიერო პირთა გამოყენების ფაქტებს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

რაც შეეხება 31 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდს, სასულიერო პირები უფრო მეტი თავშეკავებულობით გამოირჩეოდნენ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და მედია საშუალებების მიერ გაშუქდა სასულიერო პირების მხრიდან წინასაარჩევნო შესაძლო აგიტაციის არანაკლებ ხუთი შემთხვევა.

მოქმედი კანონმდებლობა სასულიერო პირების პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას არ არეგულირებს და არც მათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას კრძალავს, რაც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მაღალი ნდობიდან გამომდინარე,[1] ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ სასულიერო პირთა განწყობას ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია[2]. სასულიერო პირების მხრიდან ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის ალბათობა კიდევ უფრო დიდია, მაშინ, როდესაც აგიტაციას უშუალოდ ქადაგების დროს ხდება, რა დროსაც რთული გასამიჯნია, სასულიერო პირი მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოხატავს, თუ რელიგიური ორგანიზაციის სახელით საუბრობს.
მონიტორინგის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების აღმოფხვრისათვის, მიზანშეწონილია, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით დაიწყოს მსჯელობა წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირების მონაწილეობის საკანონმდებლო დონეზე დასარეგულირებლად. ასევე, აუცილებელია რელიგიურმა ორგანიზაციებმა და სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ წინასაარჩევნო კამპამნიაში მონაწილეობისაგან და პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ისინი ამომრჩეველთა ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ასევე მიიჩნევს, რომ მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური ორგანიზაციების როლთან და სეკულარიზმის პრინციპის არსთან დაკავშირებით.

რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში

 
[1] formulanews.ge (ვებ-გვერდი), Edison Research: ,,ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჯარს, ეკლესიას და NCDC-ის აქვს“, 12.10.2020, https://formulanews.ge/News/37947
[2] Democracy Research Institute - DRI / დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (ფეისბუქ-გვერდი), 20.11.2020,
https://www.facebook.com/Democracy.Research.Institute/videos/3440862355961711, [ბოლოს ნანახია: 29.11.2020]
ამოიცანი დეზინფორმაცია - სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგები (ოქტომბერ-ნოემბერი, 2020 წ.)
ანგარიში წარმოადგენს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიერ განხორციელებული სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზე დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია საშუალებების გზავნილები.
25.12.2020
DRI: სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა  და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

01.12.2020
Covid-19-თან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის ანტიდასავლური და პრორუსული გზავნილები
Covid-19-ის პანდემიის ფონზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე აქტიურად მიმდინარეობდა მკვეთრად პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციული კამპანია.
13.10.2020