სიახლეები
DRI მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ჯვრის სავარაუდო ქურდობის ფაქტზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება
29.01.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2021 წლის 27 იანვარს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაგის ციხე-სიმაგრეზე აღმართული ჯვრის ქურდობასთან დაკავშირებით. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა მიწის დამუშავების ნიადაგზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში ეთნიკურად აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ეპარქიას შორის დაპირისპირება.

26 იანვარს ფეისბუქ გვერდებზე ალილო მარნეულში და marneuli hujabi გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში „ბარბაროსულად“ მოპარული ჯვრის საზეიმოდ აღმართვა ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანის კურთხევით, 27 იანვარს იგეგმებოდა. პოსტებს მაღალი ონლაინ ინტერაქცია მოჰყვა. კომენტარების ველში შესამჩნევი იყო მკვეთრად ანტიაზერბაიჯანული, ეთნონაციონალისტური, რელიგიური ექსტრემიზმის და მუქარის შემცველი გზავნილები.

მარნეულში მიმდინარე მოვლენები გაშუქდა ულტრამემარჯვენე, ულტრანაციონალისტური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ონლაინ მედია პლატფორმაზე. 25 იანვრის ონლაინ გადაცემაში „ალტ-ანალიტიკა“ აღნიშნეს, რომ „აზერბაიჯანელები მარნეულში მონასტერს უპირისპირდებიან“. მარნეულში ჯვრის მოპარვისა და ხელახლა აღმართვას ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ქართული მარში“ და „ქართული იდეაც“ გამოეხმაურნენ. 28 იანვარს „ქართული იდეის“ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო გაგის ციხესიმაგრიდან, მინაწერით „მოიპარეს ჯვარი ურჯულოებმა“. „ქართული მარშის“ და „ქართული იდეის“ ლიდერები ირაკლი შიხიაშვილი და ლევან ჩაჩუა ჯვარის ხელმეორედ აღმართვისა და კურთხევის რიტუალს დაესწრნენ.  ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებებით გამოირჩეოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.  

DRI აღნიშნავს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ჯვრის მოპარვა ან რელიგიური მოტივით დაზიანება, შესაძლოა იყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ერთ-ერთი ინდიკატორი და სათანადო გამოძიებას საჭიროებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინცინდენტის ადგილზე დასახლებულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ფაქტი აღიქვა სიძულვილის მოტივით ჩადენილად.

კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც წინ უძღვოდა ჯვრის ქურდობას, სახელმწიფოს პასიური როლი შემაშფოთებელია. ხელისუფლების სათანადო რეაგირების გარეშე, ექსტრემისტული ნარატივებისა და რადიკალიზაციის გავრცელებამ, შეიძლება გააღრმავოს, გააფართოვოს და კონფლიქტში გადაზარდოს ადგილობრივ ეპარქიასა და ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას შორის არსებული დაპირისპირება.

ამავდროულად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი შეშფოთებით ადევნებს თვალს რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ექსტრემისტი  ჯგუფების მიერ აღნიშნული თემით მანიპულირებას,  და მიაჩნია, რომ მათი გააქტიურება სახელმწიფოს უმოქმედობის და მის მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგია. წლების განმავლობაში აღნიშნულ ჯგუფებს ქონდათ დაუსჯელად მოქმედების შესაძლებლობა.

გარდა ამისა, საქართველოში არ ხორციელდება ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციის პროგრამა, საზოგადოების ფართო ფენებს არ აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენციაში. იმის გათვალისწინებით, რომ რადიკალური ჯგუფების ექსტრემისტული ნარატივები რადიკალიზაციის ხარისხს გაუმართლებლად ზრდის, ამგვარი უმოქმედობა დაუშვებელია. შესაბამისი რეაგირების გარეშე, ექსტრემისტული ნარატივებისა და რადიკალიზაციის გავრცელება ხელს უწყობს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის რიცხვის გაზრდას  და შესაძლოა გახდეს კონფლიქტის მიზეზი.  

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, DRI მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • აწარმოოს გამოძიება 2021 წლის 27 იანვარს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციზე გაგის ციხე-სიმაგრეზე აღმართული ჯვრის ქურდობასთან დაკავშირებით;
  • მიიღოს ყველა საჭირო ზომა სათანადო მტკიცებულებების მოგროვებისა და სავარაუდო სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირებისთვის, ასეთის არსებობის შეთხვევაში;
  • გაანალიზოს რადიკალური ჯგუფების აქტივობები მარნეულის მუნიციპალიტეტში;
  • აღნიშნულ ანალიზზე დაყრდნობით, ხელი შუწყოს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციაში საზოგადოებივი ჯგუფების ჩართულობას.
რა ხდება გალში?
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს. 
03.03.2021
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.
01.03.2021
საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ
საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა.
23.02.2021