სიახლეები
DRI საქართველოს მოქალაქეთა გახშირებულ დაკავებებს კიდევ ერთხელ ეხმიანება
12.02.2021
11 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლა.

ბოლო წლებია, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, ფონად გასდევს „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება. გადაადგილების თავისუფლების მხრივ, ტრადიციულად მძიმეა ვითარება აფხაზეთის მიმართულებითაც. ჩორჩანა-წნელისის კრიზისმა და კოვიდ 19-ის პანდემიამ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

ამასთანავე, როგორც ცხინვალი, ასევე სოხუმი,  ეთნიკური ქართველების მიმართ სრულიად არასაჭირო, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისთვის დამაზიანებელ სიმკაცრეს იჩენს. ამგვარი მოპყრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას შემთხვევები. სრულიად აბსურდული ბრალდებით, გახელაძეს 12,  ხოლო ირაკლი ბებუას აფხაზური დროშის დაწვის გამო, 9 წელი მიუსაჯეს.

ეს ქმედებები, ოსებთან და აფხაზებთან მიმართებაში ქართულ საზოგადოებაში არსებულ განწყობებზე უაღრესად ნეგატიურად აისახება და აზარალებს სამშვიდობო, შედეგზე ორიენტირებულ, პირდაპირი დიალოგის პერსპექტივას ცხინვალთან და სოხუმთან.  

ამჟამად ცხინვალში, უკანონო პატიმრობაში, საქართველო 4 მოქალაქეა: გენადი ბესტაევი (მისჯილი აქვს 2 წელი), ლაშა ხეთერელი (1 წელი), რამაზ ბეღელური (2 თვე), ზაზა გახელაძე (12 წელი და 6 თვე). ასევე, ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე სანდრო ბერიანიძე იმყოფება. ხოლო აფხაზეთში, ერთი - ირაკლი ბებუა (9 წელი).

საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანაზე და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაზე, პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. თუმცა, თბილისა და სოხუმს, თბილისსა და ცხინვალს, თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებაც გააჩნიათ. მაგალითად, 2016 წელს, მხარეებმა რთული დიპლომატიური პროცესის შემდეგ, პატიმრები გაცვალეს. ეს ამბავი აჩვენებს, რომ ისეთი ინსტრუმენტების გამოყენების კვალდაკვალ, როგორიცაა: ცხელი ხაზის გააქტიურება, საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება და ა.შ. ხელისუფლება ნაკლებად სტანდარტული მეთოდების გამოყენებაზეც უნდა ფიქრობდეს.

უკანონო დაკავებებისა და გადაადგილების შეზღუდვის პრაქტიკა სტანდარტულად,  დამახასიათებელია კონფლიქტებისთვის. მართლია კვიპროსის, მოლდოვისა და უკრაინის კონფლიქტები საქართველოს კონტექსტიდან განსხვავდება, თუმცა არსებობს საუკეთესო პრაქტიკაც, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მისდევენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას. დღეს, მათ ადგილზე დარჩენას, სახელმწიფოს შემდგომი უსაფრთხოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მართალია, ამ მიმართულებით ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა ამ ნაბიჯებს, ადგილობრივთა ცხოვრების ხარისხობრივი გაუმჯობესება არ გამოუწვევია. სამწუხაროდ, ამ რაიონებიდან ძლიერია მიგრაციული პროცესები. ამიტომ, ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს, ერთად მართებთ ამ საკითხზე მსჯელობა, ქმედითი ღონისძიებების გატარების მიზნით.
 
რა ხდება გალში?
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს. 
03.03.2021
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.
01.03.2021
საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ
საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა.
23.02.2021