სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ქობულეთში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება
15.02.2021
განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ ატარებს მტკიცებით ხასიათს და არსებული ფაქტების შეფასებას ემსახურება.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში მოქმედებს ბავშვის უფლებათა კოდექსი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, სამწუხაროდ, მათი პრაქტიკაში განხორციელება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის ცნობილი იყო სრულწლოვნობის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის შესახებ (სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 9 წლამდე), სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს სათანადო ზომები არ მიუღიათ. სრულწლოვანი პირი, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის 140-მე მუხლით წაუყენეს, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზნებისთვის დაზარალებულზე ვრცელდება მოწმისთვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. მოწმესთან დაკავშირებული წესები ითვალისწინებს მოზარდის გამოკითხვის პროცესში კანონიერი წარმომადგენლის ჩართულობასა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგის ჩართვასაც, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესს სოციალური მუშაკი ესწრებოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს აქვს კანონით მინიჭებული ვალდებულება, დაიცვას ბავშვი ძალადობის ყველა ფორმისგან, მათ შორის, ფიზიკური თუ სექსუალური ძალადობისგან. აღნიშნული საკითხი წესრიგდება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერალის) შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და განათლების მინისტრის  ერთობლივი ბრძანებით. ბრძანების მე-5 მუხლი განსაზღვრავს რეფერირების სისტემას, რომელიც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის გამოვლენას, ბავშვის მდგომარეობის შეფასებას, საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის განთავსებას მომსახურებაში ან მომსახურებებში, რომელიც ხელს შეუწყობს მის უსაფრთხოებასა და რეაბილიტაციას, შემთხვევის ზედამხედველობას.   სამწუხაროდ, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვისთვის მხარდამჭერი სერვისები სათანადოდ არ გაუწევია.

სახეზეა სისტემური პრობლემა - პასუხისგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების რაოდენობა მწირია და სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი იყოს. რაოდენობის სიმწირის გარდა, სახელმწიფო რესურსს არ იღებს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არ ხდება მათი სპეციალიზაცია.  შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს მრავალი მიმართულებით უწევთ მუშაობას, რაც ისედაც მწირი რესურსების უკიდურეს დეფიციტს განაპირობებს. სპეციალიზაციის არ არსებობა და ვიწრო პროფილური კვალიფიკაციის დაბალი დონე კი მუშაობის ხარისხზე აისახება. 

მსხვერპლისთვის დახმარების გაწევის პროცესში, მხოლოდ სოციალური მუშაკის შეფასება საკმარისი არ არის და აუცილებელია, მრავალფეროვანი, ხარისხიანი სერვისები, რომლებიც კონკრეტული ბავშვის კონკრეტულ საჭროებებზე იქნება მორგებული, იქნება ეს მატერიალური თუ სარეაბილიტაციო. ვინაიდან აღნიშნული სერვისები უკიდურესად მწირეა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული სერვისები სათანადოდ ვერ ჩაითვლება. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
  • პროკურატურას - დროულად და ეფექტიანად აწარმოოს გამოიძება
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს - დააყენოს იმ პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც დროულად და ეფექტიანად არ აწარმოეს გამოძიება
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს - გაატაროს სისტემური რეფორმა სოციალური მუშაკის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით. ასევე, დაამტკიცოს ძალადობაგამოვლილი ბავშვის დაცვის პროტოკოლი, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელი იქნება პოლიციისა და ყველა იმ პირისთვის, რომელსაც ძალადობის შემთხვევაში რეაგირებაზე ეკისრება პასუხისმგებლობა (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი)
  • საქართველოს მთავრობას - გადახედოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტს და მოახდინოს შესაბამისი ცვლილებები სისტემის ადეკვატური გაუმჯობესების მიზნით
  • მედიას - მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე,  დაიცვას სუიციდის გაშუქების სტანდარტი.
რა ხდება გალში?
საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის საჭიროებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება მართებს. 
03.03.2021
გადაიდგას ნაბიჯები აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგისთვის | მიმართვა ხელისუფლებას
საქართველოში სამშვიდობო პროცესებსა და კონფლიქტების სფეროში მომუშავე მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გადადგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება აფხაზურ საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პირებთან პირდაპირი დიალოგისკენ.
01.03.2021
საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ
საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა.
23.02.2021