სიახლეები
DRI: სამოქალაქო აქტივისტებისთვის კარვის გამართვაში ხელშეშლა უხეშად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას
23.02.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება 2021 წლის 19 და 21 თებერვალს, პარლამენტის წინ გამართულ შეკრებაზე სამოქალაქო აქტივისტებისთვის სიმბოლური კარვის გამართვაში ხელშეშლის ფაქტს, რასაც რამდენიმე პირის დაკავება მოყვა და მიიჩნევს, რომ: 1. დაკავებისას, პოლიციელები მოქმედებდნენ უკანონოდ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; 2. კარვის გაშლისთვის ხელშეშლა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 19 თებერვალს 25, ხოლო 21 თებერვალს 8 პირი დააკავეს. შსს-ს 21 თებერვლის განცხადებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად . . . აქციის მონაწილეებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, საკანონმდებლო ორგანოს წინ განათავსონ კარავი“. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განმარტავს, რომ აღნიშნულ განცხადებას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს არც ერთი საკანონმდებლო აქტი აქციის მონაწილეებს არ უზღუდავს უფლებას, თავის შეხედულებით განათავსონ დროებით კონსტრუქცია ისეთ ადგილას, რომელსაც თავად ჩათვლიან მიზანშეწონილად, თუ აღნიშნული ხელს არ უშლის საჯარო დაწესებულებების ფუნქციონირებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პირს „კანონით გარანტირებული აქვს უფლება, საჯაროდ და მშვიდობიანად გამოხატოს საკუთარი აზრი ქუჩის იმ ნაწილში და იმ ფორმით, რომელსაც თავად ჩათვლის მიზანშეწონილად. აზრის გამოხატვა არა მხოლოდ საუბრით, განცხადებებით, არამედ მდუმარე ფორმით ან დროებითი კონსტრუქციების აგებითაა შესაძლებელი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.“ იმავე გადაწყვეტილების თანახმად, კარვის გაშლა აკრძალულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, ხოლო მეორე მხრივ მიზანდასახულად აფერხებს ხალხის მოძრაობას.  

ღია წყაროებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ შეკრების მონაწილეები დროებითი, სიმბოლური კარვის გაშლას საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის მხრიდან ცდილობდნენ. ვინაიდან საქართველოს პარლამენტის შენობაში ძირითად შესასვლელად ძმები ზუბალაშვილების ქუჩიდან შესასვლელი ითვლება, საფუძველსაა მოკლებული იმის დაშვება, რომ პოლიცია პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფას ცდილობდა. გარდა ამისა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის სააპელაციო სასამართლოს ვიწრო განმარტების პირობებშიც კი, პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო სივრცეში კარვის განთავსება ხელს ვერ შეუშლიდა ხალხის მოძრაობას.

ამ მოსაზრების გამო, პოლიციის მოთხოვნა, შეკრების მონაწილეებს აეღოთ დროებითი კარავი, კანონიერად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მტკიცება, რომ დემონსტრანტები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. არანაკლებ შემაშფოთებელია აქტივისტების რიცხოვანების გათვალისწინებით შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის სამართალდამცველების მობილიზება აქციის მონაწილეთა დასაკავებლად.  

შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ შეკრების მონაწილეთა დაკავება იყო უკანონო და ცალსახად არაპროპორციული ღონისძიება, რომელმაც უხეშად ლახავს არა მხოლოდ შეკრებისა და გამოხატვის, არამედ კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქტივისტების თავისუფლების უფლებას. 
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

10.06.2021
„შავი სიები“ და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორში
მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 
08.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

04.06.2021