სიახლეები
საგანგებო განცხადება ნიკა მელიას დაკავების შესახებ
23.02.2021
დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს.
 
ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. 
 
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა.  დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.
შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს.
 
  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TIG
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი - DRI
  3. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
  4. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  5. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი
  6. საზოგადოება და ბანკები
  7. მედიის განვითარების ფონდი - MDF
  8. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
  9. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - GFSIS
  10. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
  11. ღია საზოგადოების ფონდი - OSGF
  12. ცენტრი “ემპათია”
  13. საფარი
  14. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
  15. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - EPRC
  16. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
  17. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC
  18. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UNAG
  19. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  20. მწვანე ალტერნატივა
  21. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD
  22. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - GYLA
  23. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR
  24. ლიბერალური აკადემია
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

10.06.2021
„შავი სიები“ და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორში
მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 
08.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

04.06.2021