სიახლეები
ინალ ჯაბიევის საქმე
09.03.2021
წლებია, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საერთაშორისო ორგანიზაციები უკიდურესად უარყოფითად აფასებენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2021 წლის ანგარიშში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თავისუფლების ხარისხი მაქსიმალური 100 ქულიდან 10 ქულითაა შეფასებული. შედარებისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთს ამავე რეიტინგით 40 ქულა აქვს, საქართველოს კი - 60 (საქართველოს ქულა არ ასახავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას). ბოლო პერიოდამდე, ადამიანის უფლებების უხეში და სისტემური დარღვევების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ფართო წრეებამდე ნაკლებად აღწევდა, რაც გასაკვირი არაა - იგივე ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ მედიას თითქმის მთლიანად აკონტროლებს დე ფაქტო ხელისუფლება. ოკუპირებული ტერიტორიები ხელმიუწვდომელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიებისთვისაც.

თუმცა, არსებობს გამონაკლისები. გასული წლის აგვისტოში, რამდენიმედღიანი დაკითხვის შემდეგ ცხინვალის საგამოძიებო იზოლატორში 30 წლის ინალ ჯაბიევი „გაურკვეველ ვითარებაში“ გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნარკოდამოკიდებული იყო და გარდაცვალება გულის უკმარისობამ გამოიწვია. ოფიციალური ვერსია დამაჯერებელი არ აღმოჩნდა ინალ ჯაბიევის ოჯახისა და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის. მათი აზრით, ახალგაზრდა კაცი იზოლატორში არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა.

მიუხედავად პირველადი ხისტი პოზიციისა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების ფონზე, დე-ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მთავრობის დათხოვნა მოუწია. თუმცა დაზარალებულის ოჯახი და პროტესტზე გამოსული მოსახლეობა, გენერალური პროკურორის ურუზმაგ ჯაგაევის გადაყენებასაც მოითხოვდა. მათი განცხადებით, მოქმედი პროკურორის პირობებში, საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებდნენ. ანატოლი ბიბილოვმა დემონსტრანტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.

საპროტესტო მოძრაობას დე-ფაქტო პარლამენტის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეუერთდა და გენერალური პროკურორის გადაყენებამდე საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა. ცალკეულ დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობის მიუხედავად (რამდენიმეზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ერთ-ერთს კრიმინალური „ავტორიტეტები“ ემუქრებოდნენ), მათ გადაწყვეტილება ამ დრომდე არ შეუცვლიათ. შედეგად, ე.წ. პარლამენტის მუშაობაში, რომელიც სულ 34 წევრისგან შედგება, დღემდე მონაწილეობას არ იღებს 14 დეპუტატი. დეპუტატებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის მიზნით პარლამენტს ცხინვალის ე.წ. პროკურატურამაც მიმართა. თუმცა, პარლამენტმა, მათ შორის, მმართველი პარტიის „ერთიანი ოსეთის“ წევრებმა, პროკურატურის შუამდგომლობას მხარი არ დაუჭირეს

პარალელურ რეჟიმში, ცხინვალის მთავარ მოედანზე, თითქმის ექვსი თვის განმავლობაში იმართებოდა მიტინგები. ინალ ჯაბიევის ოჯახის წევრები და მათი მხარდამჭერები მოედანზე გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამ მოვლენების კვალდაკვალ,  ინალ ჯაბიევის ხანდაზმულ მშობლებს და მეუღლეს ჯანმრთელების პრობლემები შეექმნათ. შედეგად, რამდენიმე დღის წინ, ოჯახმა მიტინგების გარკვეული პერიოდით შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი არ განმუხტულა.

ზემოთ თქმული ცხადჰყოფს, რომ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი, არამედ ეთნიკურად ოსი მოსახლეობის უფლებებიც ირღვევა და ეს პრობლემა წლიდან-წლამდე ღრმავდება. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ინალ ჯაბიევის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა; თუმცა აშკარაა, რომ თბილისს ამ მხრივ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებს. საქართველოს ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამბიცია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვა საკუთარი პოლიტიკის ქვაკუთხედი გახადოს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ოსების, აფხაზების, ისევე, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ყველა სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების უფლებების დაცვა და ადვოკატირება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად აქციოს. 

რუსული რბილი ძალა გალში?
აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. 
 
12.04.2021
კარანტინისთვის თავის არიდების მცდელობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო.
07.04.2021
DRI-ის ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 
 
05.04.2021