სიახლეები
DRI: TV-პირველში საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუშვებელია
11.03.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ   ტელეკომპანია პირველში საგამოძიებო მოქმედების (ამოღება) ჩატარების თაობაზე გაცემულ განჩინებას. DRI აღნიშნავს, რომ სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად შეზღუდავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლებას.

შემაშფოთებელია გენერალური პროკურატურის მიერ TV პირველის ეთერში გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყება კერძო კომუნიკაციების საიდუმლოების დარღვევის მუხლით და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მაშინ როდესაც სრულიად უგულებელყოფილია გავრცელებულ ჩანაწერებში მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე პირთა მიერ სავარაუდო დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედებები. რაც აღრმავებს საზოგადოებაში გაჩენილ ეჭვებს სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით მოქმედების თაობაზე.  

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სასამართლოს განჩინება გაცემულია არა 2021 წლის 6 მარტს, გადაცემაში გასული ინფორმაციის ამოღების თაობაზე, არამედ რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ TV პირველისთვის გადაცემულ (გაგზავნილ) ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობისა და აღნიშნული მოწყობილობის გადასაგზავნად გამოყენებულ კონვერტზე (ან სხვაგვარ შეფუთვაზე). აღნიშნული ფორმულირება, საქმის კვალიფიკაციასთან ერთად, ბადებს ეჭვს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონფიდენციალური წყაროს ვინაობის დადგენის მიზანი ამოძრავებს. ეს მსუსხავ ეფექტს იქონიებს სამომავლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე.
DRI აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულია ჟურნალისტის უფლება, არ გასცეს საკუთარი წყაროს ვინაობა. ჟურნალისტს ასევე არ ეკისრება პროფესიული საქმიანობისას მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მოწმედ გამოცხადებისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება,.[1] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, დაცულია არა მარტო ანონიმური წყარო, რომელიც ეხმარება პრესას საჯარო ინტერესის მქონე საკითხებზე ხალხის ინფორმირებაში, არამედ აღნიშნული ინფორმაციის მომპოვებელი/გამავრცელებელი ჟურნალისტიც.[2]

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 9 მარტის განჩინება არის დაუსაბუთებელი, და იქონიებს მნიშვნელოვან მსუსხავ ეფექტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ პოლიტიკური თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გაშუქების ფაქტებზე.
 
[1] საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტი
[2] Nordisk Film & TV A/S v. Denmark (dec.), no. 40485/02; ასევე, Nagla v. Latvia no. 73469/10
 
 
 
რუსული რბილი ძალა გალში?
აფხაზეთში, მარტის ბოლოს საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა სამი თვის განმავლობაში დაგვიანებული ხელფასები მიიღეს. 
 
12.04.2021
კარანტინისთვის თავის არიდების მცდელობას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში სამი ადამიანი დაიხრჩო.
07.04.2021
DRI-ის ანგარიში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებული 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. 
 
05.04.2021