ანალიზი
DRI დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ არსებულ კანონპროექტს ეხმიანება
15.06.2021
2021 წლის თებერვლიდან DRI ახორციელებს პროექტს „უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირებას  და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიესალმება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ინიციატივას, პარლამენტში „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ კანონპროექტის  წარდგენასთან დაკავშირებით და გამოთქვამს სურვილს და მზადყოფნას, ითანამშრომლოს კანონპროექტის ინიციატორებთან.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იზიარებს მოსაზრებას, რომ  ისეთი დახურული უწყებისთვის, როგორიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის მინიჭება, გაუმართლებელია. 

ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებული იყო 2020 წელს,[1] თუმცა მე-10 მოწვევის პარლამენტმა პროექტის განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.[2] DRI იმედს იტოვებს, რომ მიუხედავად კანონპროექტის განხილვაზე უარის თქმისა, ნეპოტიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს.

მიუხედავად კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არსებული პროგრესისა, გასატარებელი რჩება მთელი რიგი რეფორმები კორუფციის რისკების შესამცირებლად. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში გამოვლენილია არაერთი მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული დანაშაულის ფაქტი,[3] რასაც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან  სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ საკანონმდებლო ორგანო, რეალურად შეაფასებს არსებულ რისკებსა და გამოწვევებს და დაიწყებს მუშაობას უკვე არსებული კანონპროექტის გაუმჯობესებაზე, რომელშიც შემდეგი საკითხები იქნება გადაჭრილი:

სააგენტოს ფართო დისკრეციული უფლებამოსილებით აღჭურვა და სათანადო რესურსებით უზრუნველყოფა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიესალმება კანონპროექტის სულისკვეთებას, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის მქონე ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კანონპროექტით გაიწეროს სააგენტოს თავმჯდომარის არჩევის ისეთი პროცედურა, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იქნება საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობა.  

კომპეტენციების დუბლირებისა და პარალელური საგამოძიებო სისტემების შექმნის თავიდან აცილება

დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს პარალელურად, კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.[4] სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ავლებს მკვეთრ ზღვარს, თუ რომელმა ორგანომ კონკრეტულად რა სახის დანაშაული უნდა გამოიძიოს.[5] აღნიშნული, თავის მხრივ, ქმნის უფლებამოსილებათა დუბლირების და არაეფექტიანი გამოძიების რისკებს.[6] 

მიუხედავად იმისა, რომ სუს-ის მიზანია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კვლევა ცხადყოფს, რომ უწყების ძირითადი რესურსები წვრილმანი კორუფციული დანაშაულის აღმოფხვრისკენაა მიმართული,[7] რასაც ასევე უწყების წლიური ანგარიშებიც ადასტურებს.[8] შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ სუს-ის რესურსი მიმართული იყოს მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი დანაშაულების გამოძიებისკენ, უსაფრთხოების სამსახური იძიებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც თავისი არსით, საპოლიციო გამოძიების სფეროს მიეკუთვნება.

წარმოდგენილი კანონპროექტი საგამოძიებო უფლებამოსილების დუბლირების რისკებს არ გამორიცხავს და ამ მხრივ, დახვეწას საჭიროებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, საგამოძიებო უფლებამოსილების დუბლირების თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია:
  • ახალი, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება აღიჭურვოს კორუფციის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების ექსკლუზიური უფლებამოსილებით (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კონკრეტული კორუფციული დანაშაული ჩადენილია სააგენტოს თანამშრომლის მიერ);
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობიდან ამოირიცხოს კორუფციული დანაშაულის გამოძიება.
 
ანგარიშვალდებულების სათანადო მექანიზმების დანერგვა

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი, ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოს შექმნას თან ერთვის უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების რისკები, ამიტომ აღნიშნულისგან თავის დასაცავად აუცილებელია, კანონმდებლობით განისაზღვროს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა/ კონტროლის მექანიზმები, კერძოდ:
  • საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ხელმძღვანელის ვალდებულება, საქმიანობის ანგარიში, სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებთან ერთად პერიოდულად (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) წარუდგინოს საკანონმდებლო ორგანოს; [9]
  • შეიქმნას დამოუკიდებელი ჯგუფი (რომელიც დაკომპლექტდება დეპუტატების, დამოუკიდებელი ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან), რომელსაც ექნება უფლებამოსილება ზედამხედველობა გაუწიოს სააგენტოს. თავის მხრივ, განისაზღვროს აღნიშნული ჯგუფის ვალდებულება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მოამზადოს შესაბამისი დასკვნა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება.
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს გამჭვირვალობისა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაღრმავებლად, განისაზღვროს სააგენტოს ვალდებულება, უზრუნველყოს საქმიანობის დეტალური ანგარიშების საჯაროობა.



[1] ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ საქართველოს კანონის პროექტი,  N 07-3/484/9
[2] იხ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, 04/02/2021, https://matsne.gov.ge/ka/document/view/5094661?publication=0 , იხ. https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/268097?fbclid=IwAR11Xcsuf0bkeyvgbrQCYG-y07lYZ2AYLvDvFjkQHiJTlu8XOTR0vFJQM-s
[4] საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს N3 ბრძანება;
[5] საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება - სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ
[6] უფრო ვრცლად იხილეთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კვლევა - ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“, 2020 წელი , გვ.37-38, http://www.democracyresearch.org/geo/367
[7] უფრო ვრცლად იხილეთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის კვლევა - ,,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები“, 2020 წელი , გვ.25, http://www.democracyresearch.org/geo/367
[8] იხ. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 34-36 http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/151521/1-4905.pdf
[9] ანგარიშვალდებულების მსგავსი წესი მოქმედებს ლიეტუვაში, სადაც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშები და სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ ხედვები წარედგინება საკანონმდებლო ორგანოს, წელიწადში მინიმუმ ერთხელ. იხ. LAW ON THE SPECIAL INVESTIGATIONS SERVICE, Article 8 (3), https://www.stt.lt/data/public/uploads/2021/04/stt_istatymas_eng_2021_04_08.pdf
რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება.

20.07.2021
სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება
სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სუს-ი საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს.
29.06.2021
რატომ არ უნდა იყოს ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში
არსებული ანტიკორუფციული სისტემა ვერ ახერხებს აღმოფხვრას კორუფციის კომპლექსური ფორმები ქვეყანაში. იმ სფეროებიდან, სადაც დღეს კორუფციის მნიშვნელოვანი რისკები არსებობს, აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვები, პრივატიზაცია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და თანამდებობის პირების კავშირები კერძო ბიზნესთან.

 

17.06.2021