ანალიზი
რატომ არ უნდა იყოს ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში
17.06.2021
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შემავალი ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) წარმოადგენს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ძირითად სტრუქტურას. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებული საქმეების ოდენობა მკვეთრად აღემატება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა დეპარტამენტების მიერ ჯამურად გამოძიებული საქმეების რაოდენობას.[1] გამოძიებულ საქმეებში ხშირია წვრილმანი კორუფციული დანაშაულები.[2]
 
ამავე დროს, არსებული ანტიკორუფციული სისტემა ვერ ახერხებს აღმოფხვრას კორუფციის კომპლექსური ფორმები ქვეყანაში. იმ სფეროებიდან, სადაც დღეს კორუფციის მნიშვნელოვანი რისკები არსებობს, აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვები, პრივატიზაცია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და თანამდებობის პირების კავშირები კერძო ბიზნესთან.[3]
 
საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროკომისიის 2020 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად დაბალი და საშუალო დონის კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებებისა, საქართველოში სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის ელიტური კორუფცია.[4]
 
აღნიშნული მიმართულებით გაუარესებული ვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში არსებობა. ამ კუთხით აღსანიშნავია სამსახურის გამჭვირვალეობასთან, სამსახურის მიერ საპოლიციო ფუნქციების შეთავსებასთან, დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებული პრობლემები.
 
ჩამოთვლილი მიზეზების გამო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) ანტიკორუფციული რეფორმების მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში, საქართველოს ხელისუფლებას მისცა რეკომენდაცია, ანტიკორუფციული სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოფის თაობაზე. რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა.[5]

 
საპოლიციო ფუნქციების შეთავსება და უფლებამოსილების გადაჭარბების რისკები
 
უსაფრთხოების სამსახურებს ფართო სადაზვერვო, ანალიტიკური და ხშირ შემთხვევაში საგამოძიებო უფლებამოსილებები აქვთ, რაც, საიდუმლოების მაღალ ხარისხთან ერთად, ართულებს მათ კონტროლს და ქმნის სივრცეს თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაცია ხაზს უსვამს უსაფრთხოების სამსახურებსა და პოლიციას  შორის ფუნქციების აღრევის თავიდან არიდების მნიშვნელობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და არასასურველი კონკურენციის გამოსარიცხად.[6] რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების საქმიანობა უნდა შეეხოს არა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი კონკრეტული საფრთხეების აცილებას, არამედ გლობალურ, ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე საფრთხეებს, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოს არსებობის და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ. 
 
ამის საპირისპიროდ, დღეს, საქართველოში არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების მიხედვით, რიგ შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ კონკრეტული ქმედების  (მათ შორის კორუფციული დანაშაულის) გამოვლენა ავტომატურად ნიშნავს, რომ იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გამოსაძიებელია. რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკას. მითითებული რეგულაცია უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მკაცრად რეგლამენტირების ნაცვლად, მას დაუსაბუთებლად ფართო მანდატს ანიჭებს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს შეიცავს.
 
გარდა ამისა, როგორც პრაქტიკა მოწმობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში მყოფი ანტიკორუფციული სააგენტო (დეპარტამენტი) ხშირად იძიებს საქმეებს, რომლებიც თავისი არსით სახელმწიფოს უსაფრთხოებას ან ეკონომიკას მომეტებულ საფრთხეს არ უქმნის. ეს, ერთი მხრივ, იწვევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსების გაუმართლებელ ხარჯვას, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს. არსებული რეგულაციები რესურსების არარაციონალურ გადანაწილებაზე, ფუნქციების დუბლირებასა და ზოგადად, სისტემის არაეფექტიანობაზე მიუთითებს.[7]


ნაკლები გამჭვირვალეობა
 
გაეროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მე-10 მუხლი ხაზს უსვამს კორუფციასთან მებრძოლი უწყების ღიაობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობას.[8] ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა საიდუმლოების მაღალი ხარისხით ხასიათდება. სამსახურის წლიური ანგარიშები ძირითადად, დახურულ ფორმატში განიხილება. ინფორმაციის ის ნაწილი კი, რაც საჯაროვდება, როგორც წესი, მწირია.
 
შესაბამისად, კორუფციასთან მებრძოლი უწყების ერთ-ერთ ყველაზე დახურული სტრუქტურის შემადგენლობაში ყოფნა ხელს არ უწყობს მისი საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობას. უწყების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა    საზოგადოების უნდობლობას იწვევს.
 

ანგარიშვალდებულება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე
 
კანონმდებლობის მიხედვით, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე. თუმცა, როგორც არაერთმა კვლევამ აჩვენა, საკანონმდებლო ორგანო თითქმის არ იყენებს რეგლამენტით მინიჭებული მექანიზმებს სამსახურის გაკონტროლებისათვის.[9] მიუხედავად იმისა, რომ სუს-ი ვალდებულია წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, მისი 2020 წლის საქმიანობის ანგარიშში (წინა წლების ანგარიშების მსგავსად), კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მხოლოდ რამდენიმე გვერდი ეთმობა, რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის სრულყოფილ შეფასებას.[10]
 

დამოუკიდებლობა
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის არჩევის არსებული წესი არ უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პოლიტიკურად მიუკერძოებელი და მმართველი პოლიტიკური ძალისგან დამოუკიდებელი პირის არჩევას. რაც ხელისუფლებას აძლევს ბერკეტს, გავლენა მოახდინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შესაბამისად, ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობაზე.
 



[1] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები, 2020, გვ. 22
[2] იქვე, გვ. 17
[3] საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო, ანტიკორუფციული სააგენტოები, საერთაშორისო გამოცდილება და რეფორმის ვარიანტები საქართველოსათვის, 2014 გვ.20
[4] European Comission  ,  Association Implementation Report on Georgia 2020, P. 7
[5] Anti-Corruption Reforms in Georgia, Fourth Round of Monitoring of the Istanbul Anti-Corruption Action Plan, 2016, P.121
[6] Committee on Legal Affairs and Human Rights, Control of Internal Security Services in Council of Europe Member States, Doc. 1402. Guideline B (3) იხ. http://assembly.coe.int/nw/xml/XRef/Xref-XML2HTMLen.asp?fileid=16689&lang=en
[7] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები, 2020, გვ.24
[8] United Nations Convention against Corruption, 2003, Article, Article 10
[9] დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, "საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები და მათი მნიშვნელობა,“ 2020 წელი http://www.democracyresearch.org/files/67%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98%20%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98.pdf
[10] საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/151521/1-4905.pdf
რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება.

20.07.2021
სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება
სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სუს-ი საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს.
29.06.2021
DRI დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ არსებულ კანონპროექტს ეხმიანება

DRI იზიარებს მოსაზრებას, რომ  ისეთი დახურული უწყებისთვის, როგორიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის მინიჭება, გაუმართლებელია. 

15.06.2021