ანგარიშები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა
22.06.2021
ანგარიში მოიცავს ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვების შედეგებს 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით. მასში გაანალიზებულია მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ტენდენციები და გამოკვეთილია ძირითადი მიგნებები.

2021 წლის განმავლობაში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, შესამჩნევი გახდა საქართველოს საზღვრების გარედან მომდინარე დეზინფორმაციული ნარატივებით საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკური სომხებისა და აზერბაიჯანელების რადიკალიზაციის მცდელობა. დეზინფორმაციას ყველაზე ხშირად ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფები ავრცელებდნენ.
 
არასრულყოფილი და ნაკლოვანი პოლიტიკა მულტიეთნიკურ რეგიონებში

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სახელმწიფოს არასრულყოფილი და ნაკლოვანი პოლიტიკა მულტიეთნიკურ რეგიონებში. ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, სათანადო ყურადღება არ დაეთმო გაგის ციხეზე ჯვრის მოპარვის და შემდგომ თავიდან აღმართული სიმბოლოს დაზიანების ფაქტებზე შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოძიებას. ნაცვლად ამისა, შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით (ქურდობა) დაიწყო, ხოლო ხელმეორედ აღმართული ჯვრის დაზიანებაზე - საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).

აღნიშნულ შემთხვევებში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სათანადო ყურადღება არ დაეთმო სისხლის სამართლის საქმეში შესაძლო სიძულვილის მოტივის გამოკვეთასა და გამოძიებას. ნაცვლად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებისას სრულად უგულებელყო შეუწყნარებლობის მოტივის არსებობის არაერთი ინდიკატორი.

მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოიკვეთა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების არაერთი მცდელობა  წაეხალისებინათ დაძაბულობა დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასთან. ჯგუფების წარმომადგენლები და მათი ლიდერები, პირადად ჩადიოდნენ ამ რეგიონებში, ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას ან/და მოვლენების გაშუქებას ექსტრემისტული ნარატივების ჭრილში. 17 მაისს, დმანისში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ ჩასული „ქართული მარში“ ძირითადად ესკალაციის წახალისებით იყო დაკავებული. ულტრანაციონალისტური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ონლაინ მედია პლატფორმამ კი მოვლენა ცალმხრივად, ეთნიკური დაპირისპირების ჭრილში გააშუქა. ჯგუფის ლიდერებმა მიუთითეს, რომ „ეთნიკურად აზერბაიჯანელი მუსლიმი მოსახლეობა წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნის ერთიანობისათვის და აუცილებელია ანალოგიური ერთიანობა ქრისტიანმა, ქართველმა მოსახლეობამაც გამოიჩინოს.“
დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 17 მაისის განცხადებაში ფაქტობრივად დაადასტურა დაინტერესებული მხარეების არსებობა, რომლებიც დაწყებული საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ეთნიკურ დაპირისპირებაში ხელოვნურად გადაზრდას ცდილობდნენ. აღნიშნულის მიუხედავად, ამ ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია.
 
მულტიეთნიკურ რეგიონებში სახელმწიფოს პასიური როლი და არსებული პრობლემების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ხელს უშლის სოციალურ ერთიანობასა და ინტეგრაციას, ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფების დაპირისპირებას და საპასუხო თავდასხმების პროვოცირებას. ხელისუფლების სათანადო რეაგირების გარეშე, ექსტრემისტული ნარატივებისა და რადიკალიზაციის გავრცელება, აღრმავებს ადგილობრივ თემებს შორის დაპირისპირებას და ქმნის ესკალაციის სერიოზულ საფრთხეებს.

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის დისკრედიტაციის მცდელობები

გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფები ცდილობდნენ სენსიტიურ თემებზე მანიპულირებით გაეზარდათ საკუთარ მხარდამჭერთა რიგები. ამ კუთხით აღსანიშნავია ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების საქმიანობა ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით. 23 მაისს, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის თბილისში გადმონაცვლების შემდეგ, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები პერმანენტულად ესწრებოდნენ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციებს, სადაც შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობის და ლგბტ თემის წარმომადგენლებს. აღნიშნულმა ინციდენტებმა ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობისგან მხარდამჭერების ნაწილის დისტანცირებას შეუწყო ხელი, უზრუნველყო დისონანსის შეტანა მხარდამჭერთა რიგებში და სამოქალაქო საზოგადოებაში მოძრაობასთან დაკავშირებით კრიტიკული შეხედულებები გააჩინა.


* * * 
ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობიდან გამომდინარე რისკების და საფრთხეების გათვალისწინებით, ამ ჯგუფებზე დაკვირვება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განსაკუთრებული ინტერესის სფეროში რჩება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გასული წლის მიწურულიდან ასევე აკვირდება ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების აქტიურობის სოციალურ ქსელებში.
 
 
 
DRI: საარჩევნო სუბიექტები წინასაარჩევნო კამპანიაში სასულიერო პირებს და რელიგიურ თემატიკას იყენებენ
სოციალურ ქსელებში საარჩევნო სუბიექტების ოფიციალურ გვერდებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სასულიერო პირების მხარდაჭერით მანიპულირებენ. 
15.09.2021
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
ეკონომიკური სიდუხჭირე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა ძირითადი წუხილია.
03.09.2021
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებები
2020 წლის განმავლობაში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მაცხოვრებლების პრობლემები და საჭიროებები გამოავლინა. 
12.07.2021