ანალიზი
სუს-ში სახელმწიფო რესურსი არამიზნობრივად იხარჯება
29.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) მონიტორინგს. სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სუს-ი საპოლიციო ფუნქციებს ითავსებს. შესაბამისად, არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო რესურსი.

* * * *
2015 წელს, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქმნებოდა, არასამთავრობო სექტორის მიერ გამოითქვა კრიტიკა სტრუქტურაში ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციისა და ფუნქციების დუბლირების გამო. შსს-მ კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია, ვინაიდან, მათი განცხადებით, სუს-ის ფუნქციას წარმოადგენდა პრევენცია სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში, ხოლო პოლიციის ამოცანა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა იყო. შესაბამისად, სუს-ის საქმიანობა არ შეეხებოდა „მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოშობილი კონკრეტული საფრთხეების აცილებას, არამედ გლობალურ, ქვეყნის ფარგლებს გარედან მომდინარე ინტერესებს და მცდელობებს, მიმართულს სახელმწიფოს არსებობის და მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ“.[1]

* * * *
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით, სადაზვერვო უფლებამოსილებით აღჭურვილი სამსახურების სამუშაო მიმართულებას შეადგენს, მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი შემდეგი დანაშაულები: 
  • ტერორიზმი;
  • სახელმწიფოსა და მისი კონსტიტუციური ორგანოების ფუნქციონირებისათვის საფრთხის შექმნა;
  • ტერორიზმისაკენ მოწოდება/ წახალისება
  • ექსტრემისტული/სეპარატისტული ორგანიზაციების მიერ განხორციელებული, სახელმწიფოს ერთიანობის/უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველი აქტივობები.
* * * *
საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ სუს-ის მიერ გამოძიებულ საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა უმრავლესობა არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის.

იმის საილუსტრაციოდ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი საქმიანობა ფუნდამენტურ რევიზიას საჭიროებს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთმანეთს შეადარა ესტონეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოძიებული საქმეები: 
 
  • 2020 წლის 3 ნოემბერს ტარტუს საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული  ტარტუს მერის ყოფილი მოადგილე განსაკუთრებით მასშტაბური პროცედურული დარღვევებისათვის. 
  • 2020-2021 წელის განმავლობაში (თებერვლის ჩათვლით) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო 75 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის:

    • თაღლითობის 9 ფაქტზე (სსკ-ის 180-ე მუხლი)
    • მითვისება ან გაფლანგვა (სსკ-ის 182-ე მუხლი) – 2 სისხლის სამართლის საქმე
    • ქონებრივი დაზიანება მოტყუებით (სსკ-ის 185-ე მუხლი) - 1 სისხლის სამართლის საქმე
 
* * * *
საქართველოს ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის მიერ (OECD-ACN) მიცემული რეკომენდაცია, სუს-იდან ანტი-კორუფციული სააგენტოს გამოყოფის შესახებ.[2]


ესტონეთის და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების მიერ გამოძიებული საქმეების სრული სია იხილეთ აქ  

 
 
 
[1] შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 14 ივლისის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://police.ge/ge/shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/8481 წვდომის თარიღი: 18.05.2021
 
[2] OECD-ACN Anti-corruption reforms in Georgia, 4 th round of monitoring of the Istanbul Anti-Corruption Action Plan, 2016.  
რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება.

20.07.2021
რატომ არ უნდა იყოს ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში
არსებული ანტიკორუფციული სისტემა ვერ ახერხებს აღმოფხვრას კორუფციის კომპლექსური ფორმები ქვეყანაში. იმ სფეროებიდან, სადაც დღეს კორუფციის მნიშვნელოვანი რისკები არსებობს, აღსანიშნავია სახელმწიფო შესყიდვები, პრივატიზაცია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება და თანამდებობის პირების კავშირები კერძო ბიზნესთან.

 

17.06.2021
DRI დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ არსებულ კანონპროექტს ეხმიანება

DRI იზიარებს მოსაზრებას, რომ  ისეთი დახურული უწყებისთვის, როგორიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის მინიჭება, გაუმართლებელია. 

15.06.2021