სიახლეები
რომელი უწყება იძიებს ყველაზე მეტ კორუფციულ დანაშაულს?
28.07.2021
საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებს რამდენიმე უწყება იძიებს. DRI-იმ შეისწავლა სუს-ის და საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის (ორი წამყვანი ანტიკორუფციული უწყების) მიერ კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების დაწყების სტატისტიკა.

ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების ოდენობა მკვეთრად აღემატება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებული საქმეების რაოდენობას. მაგალითისათვის, 2020 წელს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში კორუფციასთან დაკავშირებულ 169 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.[1] შედარებისათვის, ამავე პერიოდში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო 66 სისხლის სამართლის საქმეზე. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა გასულ წლებში:  2017 წელს - სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტომ გამოძიება დაიწყო 62 საქმეზე, პროკურატურამ 474-ზე; 2018 წელს, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო - 71, ხოლო პროკურატურამ - 638 საქმეზე; 2019 წელს, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მაჩვენებელი იყო - 91, პროკურატურის კი - 655 საქმე.[2] 

ამ ფონზე, საგულისხმოა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საქართველოს გენერალური პროკურატურის საბიუჯეტო დაფინანსებას.[3] თავის მხრივ, სუს-ის დეპარტამენტებს შორის, ანტიკორუფციული სააგენტო ყველაზე მეტ სისხლის სამართლის საქმეზე იწყებს გამოძიებას.

შესაბამისად, გამოდის, რომ სუს-ის  ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) მიერ გამოძიებული საქმეების რაოდენობა მკვეთრად ჩამოუვარდება სამჯერ უფრო ნაკლები დაფინანსების მქონე გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებულ, კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობას. 
 
2018-2021 წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან საქართველოს პროკურატურამ აუდიტის 106 ანგარიში მიიღო,  რის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო 91 სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის,  საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 73 სისხლის სამართლის საქმეზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო 17 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება დაიწყო მხოლოდ 1 სისხლის სამართლის საქმეზე.[4]

ხსენებული საქმეების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ 50 პირის, მათ შორის, 23 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო, რომელთა შორისაც იყვნენ ქალაქის მერი, ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და მოადგილე, მუნიციპალიტეტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები და ა.შ.

ანალოგიურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018-2020 წლების ანგარიშებში მითითებულია, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული იქნა არაერთი საჯარო მოხელე, მათ შორის: მერიის წარმომადგენელი, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს დეპუტატი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

შეჯამების სახით, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახური, მიუხედავად სამჯერ დიდი დაფინანსებისა,  საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან შედარებით, გაცილებით მცირე რაოდენობის საქმეებზე იწყებს გამოძიებას. ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მიერ გამოძიებული საქმეები, მათ მიერ პასუხისგებაში მიცემული თანამდებობის პირების, გამოძიებული საქმეების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, იდენტურია, რაც ბადებს კითხვებს - რა კრიტერიუმის მიხედვით ხდება კორუფციული დანაშაულის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში მოქცევა? ან რა გამართლება აქვს ანტიკორუფციული სააგენტოს არსებული სახით ფუნქციონირებას?   


ინფოგრაფიკი - კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დაწყებული გამოძიებები



 
[1] საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის ანგარიში, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/page/default/saprokuroro-sabWosTvis-wardgenili-angarishebi, გვ. 32
[2] საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების/შეწყვეტის, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესახებ სტატისტიკის წარმოება მხოლოდ 2020 წელს დაიწყო. გასული წლების კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების სტატისტიკის განსაზღვრისას, DRI-იმ იხელმძღვანელა შემდეგი პრინციპით: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, როგორც წესი გამოძიებას იწყებს სკ-ის შემდეგი მუხლებით განსაზღვრულ დანაშაულებზე - 1641-ე, 180- ე; 182-ე, 194-ე, 220-ე, 221-ე, 332-ე, 333-ე, 337-ე, 338-ე, 339-ე, 3391-ე, 340-ე, 341-ე, 355-ე მუხლები. შესაბამისად, 2017-2019 წლებში, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიებული ანტიკორუფციული საქმეების რაოდენობის განსაზღვრისთვის, სწორედ ამ მუხლების საფუძველზე დაწყებული გამოძიების რაოდენობა დავთვალეთ.
[3] 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ხელმისაწვდომია: https://mof.ge/5261, ასევე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი იხ: https://www.mof.ge/5355
[4] ინფორმაცია 2018-2021 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ, 2021, გვ. 21 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36qU9w8 (ბოლოს ნანახია 08.07.2021)
 
24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

20.09.2021
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. 
17.09.2021
DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების  ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. 
16.09.2021