გამგეობა
უჩა ნანუაშვილი
დირექტორი
უჩა ნანუაშვილი არის DRI-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ის არის საერთაშორისო სამართლის, პოლიტიკურ მეცნიერებათა და ადამიანის უფლებათა სპეციალისტი. იგი არის ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRIDC) დამფუძნებელი და პროექტის დირექტორი. 2012-2017 წლებში უჩა ნანუაშვილი იყო საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი). სხვადასხვა დროს იგი იყო გლობალური ინიციატივა ფსქიატრიაში გამგეობის წევრი, თბილსის ადამიანის უფლებათა სახლის გამგეობის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი, ორგანიზაცია Amnesty International-ის თბილისის საინიციატივო ჯგუფის კოორდინატორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 2000 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად და 2000-2004 წლებში იყო ლექტორი. იგი არის 60-ზე მეტი მოხსენებისა და პუბლიკაციის ავტორი ადამიანის უფლებათა საკითხებზე.
ნათია კაციტაძე
გამგეობის წევრი
ნათია კაციტაძე DRI-ს გამგეობის წევრი და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორია. იგი არის საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სპეციალისტი. 2013 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში და 2015-2017 წწ. იყო საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი; 2007-2013 წწ. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ სტრატეგიული სამართალწარმოების პროექტის კოორდინატორი/მთავარი იურისტი. 2010-2012 წწ. იყო საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის (NPM) წევრი. წარმოადგენდა მომჩივანთა ინტერესებს, მათ შორის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულ მოსახლეობას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილ ათეულობით საქმეში. 2009–2010 წწ.-ში აკადემიური საქმიანობის გამოცდილება ჰქონდა კავკასიის სამართლის სკოლაში. 2008 წლიდან აქტიურადაა ჩართული აფხაზურ და სამხრეთ ოსურ მხარეებთან მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის/გადაწყვეტის სხვადასხვა ინიციატივებსა და ფორმატებში.
თამარ ხიდაშელი
გამგეობის წევრი
თამარ ხიდაშელი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებში. 2015-2016 წლებში იყო მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2008-2010 წლებში იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას. 2011-დან 2015 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის კოორდინატორი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის გუნდის ლიდერი. სხვადასხვა დროს იყო ეუთოს, ევროკავშირის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს და გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე. თამარ ხიდაშელი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის დამფუძნებელი და პირველი ეროვნული კოორდინატორია. 2013-2015 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიის წევრი.