სიახლეები
ცხინვალში პოლიტიკურ ოპონენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
31.08.2021
2021 წლის აგვისტოში, ცხინვალში ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ალან ბეკოევს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბეკოევი უკანასკნელი დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებისას, დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო სუბიექტად არ დაარეგისტრირა. წლების წინ ის იყო დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდამჭერი და მისი შტაბის უფროსი. გარდა ამისა, ბეკოევი ცხინვალში ჯამბულატ თედეევის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლება.

ალან ბეკოევზე ჯგუფური თავდასხმა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სოციალურ ქსელებში მის პოლიტიკურ აქტიურობასთან; დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარეზე მის მიერ დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარის შემდეგ მას სამთავრობო სტრუქტურებიდან ნაცნობები დაუკავშირდნენ და ურჩიეს, უსაფრთხოების მიზნით ცხინვალი დროებით დაეტოვებინა. ბეკოევი ერთი თვის განმავლობაში ვლადიკავკაზში იმყოფებოდა. ცხინვალში მეგობრის საფლავის მოსანახულებლად ორი დღით ჩამოსულს კი თავს დაესხნენ. მის ავტომობილს, რომელშიც ის თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა, გზა მანქანებით გადაუჭრეს, საიდანაც 15-მდე შეიარაღებული პირი გადმოვიდა, მათ შორის, ორი სახელმწიფო დაცვის წევრი (გვარად ი. და კ.).  მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ბეკოევს დაჩოქება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ამ ყველაფრის ვიდეო-გადაღებას კი მობილური ტელეფონის კამერით აპირებდნენ. მას შემდეგ, რაც ბეკოევმა ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, ის სასტიკად სცემეს. სახელმწიფო დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, მის ფეხებთან რამდენიმეჯერ გაისროლა.

ბეკოევის ცემის ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა მისი დახმარება ვერავინ გაბედა. ბეკოევი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომობილში და სახელმწიფო დაცვის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მისი სასტიკი ცემა გააგრძელეს. ნაცემი ბეკოევი სახლში მოგვიანებით გადაიყვანეს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ალან ბეკოევი ამჟამად ვლადიკავკაზში მკურნალობს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გმობს ალან ბეკოევის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის უფლებების გაუარესებულ მდგომარეობას. ამავდროულად, მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარეებს და თანათავმჯდომარეებს, განხილონ ეს საკითხი უახლოეს სხდომაზე, რათა ალან ბეკოევს მიეცეს საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების შესაძლებლობა.
24 წლის ანრი ატეიბა აფხაზეთის იზოლატორში სავარაუდოდ ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

12 აგვისტოს გაგრის რაიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში 1996 წელს დაბადებული ანრი ატეიბა უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ახალგაზრდა 14 სექტემბერს გარდაიცვალა.

20.09.2021
გალში რუსული რბილი ძალა გააქტიურდა
2017 წლიდან გალის მოსახლეობა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემების წინაშე დგას. იმის გამო, რომ მათი უმრავლესობა უარს აცხადებს საქართველოს მოქალაქეობის დათმობაზე, ვერც აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას იღებენ. 
17.09.2021
DRI-იმ საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარული მოსმენებისა და ჩანაწერების გასაჯაროების  ფაქტებზე საქართველოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა. 
16.09.2021