ანგარიშები
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები
03.09.2021
ეკონომიკური სიდუხჭირე ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მაცხოვრებელთა ძირითადი წუხილია. აქ ოჯახების ყოველთვიური შემოსავალი საუკეთესო შემთხვევაში 400 ლარს არ აღემატება, მინიმუმ კი, 45-100 ლარია. ამ ყველაფერს, ხშირ შემთხვევაში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაც ემატება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში და ქვემო ჭალაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში და ქარელის მუნიციპალიტეტის საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდნენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკორინთლოსა და ქვემო ჭალაში ადგილობრივებისთვის მთავარი პრობლემა სარწყავი სისტემის არარსებობა, ფინანსური სიდუხჭირე და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილებია. ქვემო ჭალისგან განსხვავებით, სოფელ საკორინთლოს პრობლემებს  სკოლისა და საბავშვო ბაღის არ არსებობა ემატება. სოფლებს არ აქვთ ამბულატორია, აფთიაქი, სასურსათო მაღაზია და ტრანსპორტის მოსაცდელი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯარიაშენი მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. მცირემიწიანობის პრობლემას მეზობელ სოფელთან სადაო საძოვარიც ემატება, რომელიც, როგორც ამბობენ, ჯარიაშენს ეკუთვნოდა, თუმცა, ცალკეული პირების ინტერესის გამო, სარგებლობას ვეღარ ახერხებენ.

ძირითად პრობლემებს დაუცველობის განცდაც ემატება. ჯარიაშენს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისგან ტრაქტორით გავლებული ხნული ყოფს, ამიტომ მაცხოვრებლების აზრით, აქ პოლიციის საგუშაგოს არსებობა აუცილებელია. გარე განათება ახლახან გაკეთდა, თუმცა არასრულად. სოფლის ბოლოს მდებარე სახლამდე, რომელიც ოკუპანტების მიერ გავლებულ ხნულს ესაზღვრება, არც გზა მიდის და არც გარე განათების ბოძებია. სოფელში მოუწესრიგებელია გზები, ნაგვის ურნები ძირითადად დაზიანებულია. სოფელში ვიზიტორს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ნებაყოფლობითაა მიტოვებული.

ვიზიტის ფარგლებში ყველაზე მძიმე მდგომარეობა  ქარელის მუნიციპალიტეტის დევნილთა ჩასახლება საქაშეთში დაგვხვდა. უამრავ პრობლემას შორის, დევნილები ყველაზე მეტად იმაზე წუხან, რომ მათთვის განაწილებული და სარგებლობაში მქონე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, დაპირების მიუხედავად, საკუთრებაში ჯერ არ გადაუციათ.

საქაშეთის პრობლემების ჩამონათვალი ვრცელია. დასახლებას არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ართულებს სამედიცინო სერვისებზე, მედიკამენტებზე, განათლებაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ხელმისაწვდომობას. გაუმართავია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ერთსართულიანი სახლები მუდმივად დანესტილია. მოუწესრიგებელია შიდა გზებიც. ყველაზე მწვავე პრობლემა აქაც უმუშევრობაა. მაცხოვრებლების შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა. ამიტომ მცირემიწიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დასახლების მაცხოვრებელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების და საძოვრების პრობლემის მოგვარებაა.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები (სოფლები საკორინთლო, ქვემო ჭალა, ჯარიაშენი, საქაშეთის დევნილთა ჩასახლება)

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ და საქართველოს საპატრიარქო მჭიდროდ თანამშრომლობენ
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. 
18.10.2021
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა სოციალურ მედიაში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) შეისწავლა ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო რიტორიკა და ჯამში 625 მანიპულაციური ნარატივი  გამოააშკარავა.
01.10.2021
რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მონიტორინგი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში რელიგიური ორგანიზაციების და სასულიერო პირების აგიტაციაში მონაწილეობას აკვირდება. 
25.09.2021