სიახლეები
ირაკლი ბებუა უკანონო პატიმრობიდან 2029 წელს გათავისუფლდება
30.09.2021
ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული, თუმცა ბებუას ბრალი ხელოვნურად, თითქოსდა სახლში ხელყუმბარისა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ქონის გამო დაუმძიმეს და ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
 
ირაკლი ბებუა სტიქაროსანია, მას გალის რაიონში ახასიათებენ როგორც დადებით პიროვნებას. საჯაროდ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ირაკლი ბებუა, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება, იგი თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. პირიქით, მიიჩნევს, რომ არ უნდა აღინიშნებოდეს ეთნიკური ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა.[1]
 
ირაკლი ბებუას პატიმრობას და სასტიკად დასჯას დღემდე ლობირებენ ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ინფორმაციით, 2021 წლის 7 ივნისს გალის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ბებუა მოედანზე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ყოფილმა დე-ფაქტო შსს მინისტრმა ასლან კობახიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ადგილზე დავხვრეტდი, გალელებმა ლინჩის წესით უნდა გაასამართლოთ...“ .
 
დროშის დაზიანების ფაქტი აფხაზეთში 2017 წელსაც მოხდა. მაშინ გაგრაში მცხოვრებმა ეთნიკურად სომეხმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ შეურაცხყოფა მიაყენა აფხაზეთის დროშას და დაზიანების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა. აღნიშნულს  საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოყვა. ახალგაზრდამ და მისმა მამამ დროშის დაწვის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადეს, რაც საკმარისი სასჯელი აღმოჩნდა.[2]
 
ირაკლი ბებუას ოჯახის განცხადებით, უკანონო პატიმარს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხელი არ მიუწვდება სამედიცინო სერვისებზე და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. [3]
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.



[1] რადიო თავისუფლება, 2020, „ვრცელდება ცნობა, რომ გალში კაცი დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის გამო“, https://www.radiotavisupleba.ge/a/30867022.html
[2]კავკასიის ხმა, 2017,“Осквернение флага: что за скандалом“, https://www.ekhokavkaza.com/a/28253175.html
[3] ფორმულა ნიუსი, 2021, „ოჯახის განცხადებით, ირაკლი ბებუას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“, https://bit.ly/2ZzLZl9
 
საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა

კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.

20.10.2021
DRI-ის რეკომენდაციები ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს
12-13 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება.  DRI მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოებასთან და ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა. 
12.10.2021
ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს.
11.10.2021