სიახლეები
DRI: გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელს სპეციალური დასახლების სტატუსი უნდა მიენიჭოს
05.10.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების და საჭიროებების ადგილზე შესწავლა ცხადყოფს, რომ გამყოფ ხაზთან მაცხოვრებელ ადამიანებს მწვავე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებლებს, გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევთ ცხოვრება; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების ნაწილში ვერ სარგებლობენ გადაადგილების თავისუფლებით;  მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; სოფლების დიდ ნაწილში არ ფუნქციონირებს სკოლამდელი დაწესებულებები და სკოლები; დასახლებების ნაწილში დაზიანებულია შიდა გზები; მოსახლეობას აწუხებს მცირემიწიანობა; სოფლებში სარწყავი და სასმელი წყლის დეფიციტია; არ ფუნქციონირებს აფთიაქები და სამედიცინო პუნქტები; სოფლები ახალგაზრდებისგან იცლება. 
 
საჭიროა დამატებითი  ძალისხმევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად. ადგილობრივ დონეზე გასაწევ ძალისხმევასთან ერთად, მნიშვნელოვანია, საკითხის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე მოწესრიგება.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრის ერთ-ერთ  გადაწყვეტად, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭება მიაჩნია. სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე კი, მიზანშეწონილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ დადგენილი შეღავათები.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამყოფ ხაზთან მდებარე 116-ივე სოფლისთვის სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭების ინიციატივით უკვე მიმართა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა

კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.

20.10.2021
DRI-ის რეკომენდაციები ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს
12-13 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება.  DRI მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოებასთან და ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა. 
12.10.2021
ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს.
11.10.2021