განცხადებები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა
23.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ყურადღებით ადევნებს თვალს „ქართული მარშის“ და სხვა ჰომოფობიური ექსტრემისტი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების ლიდერთა მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენების ჩაშლას, კინოთეატრებში შეჭრას და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გეგმავენ და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ფილმის ჩვენების ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „სამინისტრო უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, თუმცა, მიიჩნევს, რომ სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია დაუსჯელობით წახალისებული[1] რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების გააქტიურება.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ საფუძველს, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ადამიანთა თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული საზოგადოება. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას შეახსენებს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც გამორიცხავს ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებას და ძალადობის გამოყენების მუქარას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც ლევან ვასაძის[2]სანდრო ბრეგაძის,[3] დიმიტრი ლორთქიფანიძის და გურამ ფალავანდიშვილის[4] განცხადებები პირდაპირ მიუთითებს ძალადობივი ქმედებების გამოყენების საფრთხეზე, შეუსაბამოდ გამოიყურება რადიკალური ჯგუფების გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირება.

მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს განცხადებისა, რომ ისინი ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება თავისი შინაარსით, სექსუალური უმცირესობისგან და მათი მხარდამჭერებისგან აგრძელებს მტრის ხატის შექმნას და მათ აგრესიის მთავარ სამიზნედ აქცევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  მოუწოდებს:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • შეისწავლონ რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების აქტივობები;
  • გაატარდეს სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები და მოხდეს შესაბამისი რაოდენობის საპოლიციო ძალების მობილიზება შესაძლო ძალადობის რეალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
  • აღნიშნული ჯგუფების ლიდერების ან მათი მხარდამჭერების მიერ განხორციელებულ ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში, გამოძიება წარიმართოს შემჭიდროვებულ ვადებში.
საქართველოს საპატრიარქოს:
  • განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ უმცირესობების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ვინაიდან საპატრიარქოს შეუწყნარებელი პოზიცია უმცირესობების მიმართ პირდაპირ აღიქმება რადიკალური ექსტრემისტი ჯგუფების მხარდაჭერად, რაც რეალურად აქცევს ძალადობის საფრთხეს.



[1] ლევან ვასაძის განცხადების თაობაზე საქართველოს სსკ-ის 223-ე მუხლით დაწყებული გამოძიება ამ დრომდე ჭიანურდება, რაც ახდენს ექსტრემისტული იდეოლოგიის მატარებელ პირების წახალისებას კვლავ ჩაიდინონ რადიკალური, კანონის საწინააღმდეგო ქმედებები.
[2]“გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რომელსაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობების დროს. იქ იმდენი ხალხი აპირებს მისვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ ვიძალადოთო, რა იცი, იქ რა მოხდება” - ლევან ვასაძე. 
[3]„ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“ - სანდრო ბრეგაძე, „ქართული მარშის“ ლიდერი.
[4] „პოლიცია თუ ხელს შეგვიშლის, ჩვენ პოლიციას შევუშლით ხელს“ - გურამ ფალავანდიშვილი, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ არაპროპორციულ ღონისძიებას უკანონოდ მიიჩნევს
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ეხმიანება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსაბამოდ დიდი ოდენობის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზაციას.
24.11.2019
იზოლაციაში მოქცეული ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 
20.11.2019
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას ეხმიანება
მიმდინარე  წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების  მიერ,  ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა. 
18.11.2019