სიახლეები
DRI-ის რეკომენდაციები ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს
12.10.2021
2021 წლის 12-13 ოქტომბერს ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს (DRI) მიაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში უმნიშვნელოვანესია ადამიანების უსაფრთხოებასთან და ძირითად უფლებებთან დაკავშირებული საკითხების წინა პლანზე წამოწევა. შესაბამისად, ორგანიზაცია მოლაპარაკების მონაწილეებს მოუწოდებს, სათანადო ყურადღება მიაქციონ იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტის გარეშე, უკიდურესად ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა.

აუცილებელია უკანასკნელ წლებში დაკეტილი ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა

აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ადამიანების თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად არაერთი ხელოვნური ბარიერია შექმნილი, გადაადგილებისთვის „აუცილებელი“ დამატებითი დოკუმენტაციის შემოღების და საკონტროლო-გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი და გრძელვადიანი დახურვის ჩათვლით. იმის გამო, რომ ამ დრომდე დაკეტილია ყველა გადასასვლელი პუნქტი, 2 წელია სამხრეთ ოსეთი თბილისს სრულიად მოწყვეტილია. ადამიანებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლების მისაცემად და ოჯახების გასამთლიანებლად, უახლოეს მომავალში უნდა გაიხსნას: ოძისი-მოსაბრუნის, პერევი-ქარძმანის, პერევი-სინაგურის გადასასვლელები. მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთის მიმართულებითაც. აფხაზეთი-სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული შვიდი ალტერნატიული გადასასვლელიდან, დღეს მხოლოდ ორი მუშაობს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია უახლოეს მომავალში კვლავ გაიხსნას: ხურჩა-ნაბაკევის, ორსანტია-ოტობაიას, თაგილონი-შამგონას, ლეკუხონა-ფახულანი, მუჟავა-ლეკუხონას გადასასვლელები.

ვაქცინაციის პროცესის მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი

ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის გაზრდა, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეების ინტერესებშია. გადაადგილების თავისუფლების გამარტივება ამ პროცესის დაჩქარებას შეძლებს.  აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებს, სურვილის შემთხვევაში, უნდა შეეძლოთ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა.

გალის და ახალგორის რაიონებში მოსახლეობას უნდა მიეცეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ქართველებისთვის შეზღუდულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. პრაქტიკა სისტემურია და ვლინდება ისეთ ქმედებებში, როგორებიცაა, ქართულ ენაზე განათლების მიღების მკაფიო აკრძალვა, სამუშაო ადგილზე ქართული ენის მასწავლებლების შევიწროება, სასწავლო პროგრამებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება.
 

მხარეებმა უნდა მიიღონ ზომები უკანონო დაკავებების აღსაკვეთად და დაკავებული პირების გასათავისუფლებლად

2020 წლის 30 სექტემბერს, გალში, ირაკლი ბებუა აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დააკავეს. აღნიშნული ქმედებისთვის მაქსიმალური სასჯელის სახით ერთწლიანი პატიმრობაა გათვალისწინებული. ირაკლი ბებუა ერთი წელზე მეტია სასჯელს იხდის. მხარეები მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე უნდა შეთანხმდნენ. უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს ცხინვალში დაკავებული გენადი ბესტაევიც. მხარეები უნდა შეთანხმდნენ უკანონო ბორდერიზაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის აუცილებლობაზე, რაც ხელოვნურად ზრდის ადამიანების უკანონოდ დაკავების რისკებს.     
                                       

საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების აუცილებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ადამიანის უფლებების მიმართულებით კონტროლის მექანიზმის აუცილებლობას ეთნიკური ქართველების მკვლელობებიც ცხადყოფს: 18 წლის დავით ბაშარულის საეჭვო გარემოებებში სიკვდილი 2014 წელს; 31 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობა 2016 წელს; არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა 2018 წელს; ირაკლი კვარაცხელიას საეჭვო გარემოებებში სიკვდილი 2019 წელს. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეთნიკური ქართველების გარდა, სამხრეთ ოსეთში სიცოცხლის მოსპობის, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო ინალ ჯაბიევი (2020 წელი), აფხაზეთში - ანრი ატეიბა (2021 წელი). არც ერთ საქმეში არ დამდგარა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ეფექტიანობას.

სამხრეთ ოსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მის საქმეში იკვეთება გადაადგილებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, სახეზეა დისკრიმინაციის სავარაუდო ნიშნები.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სოფელი აიბღას ფაქტობრივი და სამართლებრივი ანექსია

რუსეთის ხელისუფლების მიერ გაგრის რაიონის სოფელ აიბღას ანექსიის პროცესი უნდა შეჩერდეს. აუცილებელია საერთაშორისო აქტორებმა დააფიქსირონ საკუთარი  პოზიცია სოფლის ანექსიის თაობაზე.
 
* * * *
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდგომ შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წელის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან ერთად იყო მიღებული. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ს, ეუთოს, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლები.

 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა

კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.

20.10.2021
ახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის  ინფორმაციით, 2021 წლის 8 ოქტომბერს ახალგორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლის მიდელაანის მკვიდრი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 48 საათით დააკავეს.
11.10.2021
DRI: სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების ბრალი პოლიტიკური ხასიათისაა
DRI ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურის მიერ სამი პირის მიმართ წარდგენილი ბრალის კანონიერებას. 
08.10.2021