სიახლეები
DRI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმიანება
27.04.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშს. DRI კვლავ პრობლემურად მიიჩნევს ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირებას, საგამოძიებო და, განსაკუთრებით, კორუფციული დანაშაულის გამოძიების მანდატის მინიჭებას სადაზვერვო ფუნქციის მქონე სტრუქტურისთვის და სამსახურზე საპარლამენტო კონტროლის არასაკმარის მექანიზმებს.  

26 აპრილს, პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ წარადგინა. საპარლამენტო კონტროლის ამ უმნიშვნელოვანესი მექანიზმის არსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ანგარიში უშუალოდ სამსახურის უფროსმა წარადგინოს.[1]

ანგარიშის ზოგადი ნაწილის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში წარიმართა, რაც მანკიერ და საეჭვო პრაქტიკას წარმოადგენს, მაშინ, როდესაც სხდომაზე დამსწრე პირთა უმრავლესობას ისედაც არ აქვს  საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა.

წინა წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში „სუს-ი“) 2020 წლის ანგარიშის სტრუქტურა გაუმჯობესებულია, რაც წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს.

ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული დაჯგუფებების მიმართ გატარებული არასწორი პოლიტიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხემ ახალ, კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია.[2]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თავის ანგარიშებსა და განცხადებებში არაერთხელ უთითებდა სახელმწიფოს მიერ გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად რადიკალური იდეოლოგიის ჯგუფების გაძლიერებასა და აღნიშნულიდან გამომდინარე საფრთხეებზე,[3] რამაც დაუსჯელობით წახალისებული რადიკალური იდეოლოგიის ჯგუფების გააქტიურება გამოიწვია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, სახელმწიფოს მიერ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფების ლიდერების მიმართ დაწყებული გამოძიების გაჭიანურება, რაც ამ პირებს დიდი ოდენობით ძალების მობილიზებისა და ახალი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის შესაძლებლობას აძლევს. ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედებების შეფასებისას ხაზი უნდა გაესვას შემდგომ პრობლემურ ასპექტებს: 

ა) არასათანადო ნორმატიული ბაზა და განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა დევნის საფრთხე - წინა წლის ანგარიშებისგან განსხვავებით, 2020 წლის ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმს და უფრო დეტალურად არის აღწერილი ამ კუთხით რუსეთიდან მომდინარე საფრთხე. ეს უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია და დადებით შეფასებას იმსახურებს, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული იდეოლოგიის გაერთიანებები საქართველოში დეზინფორმაციის, რადიკალიზაციისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელების ძირითად წყაროს წარმოადგენენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული იდეოლოგიის საკანონმდებლო განმარტება.  სათანადო ნორმატიული ბაზის გარეშე, ამ ჯგუფების წარმომადგენელთა თვალთვალი და მათ მიმართ გამოძიების წარმოება, ქმნის კრიტიკული შეხედულების მქონე პირთა, მათ შორის, მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის საშიშროებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დეზინფორმაციისა და ეთნიკურ და ეროვნულ ნიადაგზე დისკრიმინაციის ფაქტებზე დაწყებული გამოძიებები მიმართულია არა ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფების და მათი ლიდერების, არამედ კრიტიკული მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.[4]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში იმის აღნიშვნა, რომ ჩამოთვლილი ქმედებებისთვის მოხდა კონკრეტულ პირთა მხილება, მაშინ, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებითი სტანდარტი, შესაძლოა, აღნიშნული ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურებოდეს და ეჭვქვეშ აყენებს სამსახურის დამოუკიდებლობას.

ბ) საზოგადოების არასაკმარისი ჩართულობა ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში - დადებით შეფასებას იმსახურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესების მცდელობა. ამის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოება არასაკმარისად არის ჩართული ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი  2019 წლიდან სასამართლოს მეშვეობით ითხოვს „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) განსაიდუმლოებას. აღნიშნული სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) გაცნობის გარეშე, შეუძლებელი იქნება სავარაუდო თანამშრომლობის სფეროების მიმოხილვა და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სტრატეგიის მიზნების შესრულებას და საზოგადოების ჩართულობას რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.[5] 

ანტიკორუფციული სააგენტო და ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ

სადაზვერვო უფლებამოსილების მქონე სტრუქტურის მიერ საგამოძიებო, განსაკუთრებით კი, ანტიკორუფციული ფუნქციების შეთავსება პრობლემურია, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული არასამთავრობო სექტორის მიერ. როგორც წესი, უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობას საიდუმლოობის მაღალი ხარისხი ახასიათებს, რაც მათზე დემოკრატიული კონტროლის/ზედამხედველობის შესაძლებლობას ამცირებს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურები მკაცრად უნდა იყვნენ შეზღუდულები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესის დაცვით და არ უნდა ეწოდნენ იმ საქმიანობას, რაც ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან მჭიდროდ არაა დაკავშირებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მითითებულია, რომ საჯარო დაწესებულებებში კორუფციის არსებობა რისკის ქვეშ აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.[6]   სუს-ის განმარტება, რომ ნებისმიერი კორუფციული დანაშაული ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს შეუსაბამოა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო ანტიკორუფციულ პრაქტიკასთან, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებთან.[7] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში ნათლად არის ილუსტრირებული, რომ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიებულ საქმეთა აბსოლუტური უმრავლესობა  არ შეიცავს რისკებს სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებისა და მისი ინტერესებისათვის.[8]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში ასევე არ ჩანს, თუ რა შემთხვევაში იწყებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას და რა შემთხვევაში იგზავნება საქმე სხვა სტრუქტურებში, საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით.[9] ერთ შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტი, რაც არ მიეკუთვნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას და მის კომპეტენციას ცალსახად სცდება.[10]
 
ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

ანგარიშის მიხედვით,   „საანგარიშო წლის განმავლობაში შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახელმწიფო ინსპექტორისთვის კანონმდებლობის შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდება და ინსპექტორის უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელი ყველა პირობის უზრუნველყოფა.“ ამ ზოგადი ინფორმაციის გარდა, ანგარიშში არაა მოცემული: რამდენჯერ, რა მეთოდების გამოყენებით ან რა სახით განხორციელდა ზედამხედველი ორგანოს მიერ სააგენტოს შემოწმება. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს ზედამხედველობას მხოლოდ კანონის შესაბამისად ჩატარებულ ფარულ-საგამოძიებო მოქმედებებზე. საგამოძიებო სტრუქტურების მიერ კანონის გვერდის ავლით პირადი მონაცემების მოპოვების პრევენცია და აღკვეთა ამ სამსახურის კომპეტენციას სცდება.

2020 წლის ანგარიშის მიხედვით, სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვით, მასზე სათანადო ზედამხედველობის პირობებში, ახორციელებს დაკისრებულ მოვალეობას, მაშინ, როცა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.[11]

მიუხედავად იმისა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელშია, ანგარიშში არაფერია ნათქვამი უკანონოდ მოპოვებულ ფარულ სატელეფონო და ვიდეო ჩანაწერებზე, რომლებმაც დროთა განმავლობაში პოლიტიკური ანგარიშსწორების სახე მიიღო.[12] 

კიბერუსაფრთხოება[13]

ანგარიშში საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერთავდასხმასა და რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის დაუფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის მიხედვით, კიბერუსაფრთხოება განიხილება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი, ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ. ქვეყანაში განხორციელებულ კიბერ-დანაშაულებზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს.[14]

კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია საქართველოს კანონპროექტის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესი აღნიშნული კანონპროექტის მიმართ ბუნებრივია, რადგან იგი სამსახურს ფართო და უკონტროლო უფლებამოსილებას ანიჭებს.[15] აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კანონპროექტი მეათე მოწვევის პარლამენტში განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობას არ მიუღია დადგენილება საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესახებ, ანგარიშში მისი მიღების აუცილებლობის შესახებ არაფერია ნათქვამი. 
 
დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,  DRI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია:
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორს შორის არსებული თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესება
  • სუს-მა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ მკაცრი და სამართლიანი მიდგომა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩამდენ პირთა მიმართ
  • ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული იდეოლოგიის საკანონმდებლო დონეზე განმარტება და აღნიშნული იდეოლოგიის დაჯგუფებების ლიდერთა მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების შემჭიდროვებულ ვადებში წარმართვა
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით, „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმა სრულად ან ნაწილობრივ განსაიდუმლოება
  • სუს-ისთვის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილების ჩამორთმევა (საკანონმდებლო ცვლილებებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ მხოლოდ ის საქმეები უნდა გამოიძიოს, რომლებიც თავისი არსით ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხის შემცველია)
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპარლამენტო ანგარიშებში ყურადღება გაამახვილოს უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე, ასევე, გამომწვევ მიზეზებზე, მისი მხრიდან რეაგირებაზე და მოგვარების შესაძლო გზებზე
  • სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშებში აისახოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რა სახით, რაოდენობით და რა მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას
  • კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის, შემუშავდეს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, არასამთავრობო სექტორისა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით.
 
 
[1] პარლამენტის დღეს მოქმედი რეგლამენტისაგან განსხვავებით, 2017 წლამდე არსებული დანაწესიდან გამომდინარე, ანგარიშის წარდგენის ვალდებულება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ჰქონდა.
[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში, გვ. 29
[6] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში, გვ.20
[7] DRI, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - კომპეტენციათა დუბლირება და პარალელური საგამოძიებო სისტემები, თბილისი, 2020, გვ.17-18, ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/geo/367
[8] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში, გვ. 34-36
[9] იქვე, გვ. 34
[10] იქვე, გვ. 36
[11] DRI, ,,ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას - რისკები და გამოწვევები,“ 2020, ხელმისაწვდომია: http://www.democracyresearch.org/geo/442
[12] იხ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადება, http://www.democracyresearch.org/geo/547
[13] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიში, http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/151521/1-4905.pdf 23
[14] 2020 წლის პირველ სექტემბერს განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო. იხ. https://police.ge/ge/saqartvelos-shinagan-saqmeta-saministros-gantskhadeba/13926
[15] იხ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადება - http://www.democracyresearch.org/geo/409?fbclid=IwAR234JvCDh5ZRN3X4i9RtrUijK9oxsTgxqRWA43MnBOJU0MXVZZUXqgIefo
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

10.06.2021
„შავი სიები“ და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორში
მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 
08.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

04.06.2021