სიახლეები
იდენტობის და საპასპორტო პოლიტიკა გალის რეგიონში
29.04.2021
გალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან დისტანცირებისთვის აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა და რუსეთის ადგილობრივი რბილი ძალის პოლიტიკის გამტარებელი ორგანიზაციები აქტიურად მიმართავენ იდენტობის პოლიტიკის ინსტრუმენტებს.

მიმდინარე კვირას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოხუმში, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტში მორიგ ჯერზე მოისმინეს ინფორმაცია გალში მცხოვრებ ქართველთა შორის ეთნიკური იდენტობის შესაძლო ცვლილების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა „სამურზაყანოელი აფხაზების საბჭოს“ თავმჯდომარის აკაკი ზვანბასგან მოდის. 15 აპრილს მან აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერს ვალერი კვარჩიას წერილით მიმართა, გაეიოლებინა აფხაზური ეთნიკური იდენტობის და აფხაზური მოქალაქეობის (პასპორტის) მიღება მათთვის, ვინც წერილის მიხედვით, 1930-1950-იან წლებში საბჭოთა რეპრესიების გამო აფხაზური გვარი ქართული დაბოლოებით შეიცვალა.

როგორც წერილიდან ირკვევა, „სამურზაყანოელი აფხაზობა“ (გალის, ოჩამჩირის და ტყვარჩელის მცხოვრებლები) 125-მა პირმა აღიდგინა, ამასთან, მათ არ უთქვამთ უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. იგივე წერილის მიხედვით, ეთნიკური კუთვნილების ანუ „ისტორიული ეროვნების აღდგენის“ თაობაზე კიდევ 600 მსურველი ელოდა დადებით პასუხს, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის გამო უარი ეთქვათ. „სამურზაყანოელი აფხაზების საბჭომ“ სწორედ ამიტომ მიმართა დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერს თხოვნით, განეხილათ უცხო ქვეყნის (ამ შემთხვევაში, საქართველოს) მოქალაქეობაში მყოფი ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის „ისტორიული ეროვნების“ აღდგენის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა.

აღნიშნული თხოვნის საფუძველზე, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა იმსჯელა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი მოქალაქეობის მდგომარეობის შესახებ კანონის აქტებში და სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებზე. როგორც ჩანს, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი აპირებს, ნება დართოს მსურველებს „დაიბრუნონ დაკარგული აფხაზობა“. მოსალოდნელია, ეს შესაძლებლობა მიეცეთ იმათაც, ვისაც ამჟამად აქვს საქართველოს მოქალაქეობა. როგორც წესი, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აფხაზური პასპორტის მქონეებს რუსული პასპორტის აღებაში ეხმარება. შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პასპორტი მნიშვნელოვანი მოტივატორი იყოს ამ პროცესში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, მიუხედავად ამ განხილვებისა, „ეროვნების ცვლის“ პროცესი სწრაფად არ მიდის და ე.წ. სამურზაყანოელი აფხაზების რაოდენობა ათასს არ აღემატება. ამის მიზეზი, შესაძლოა ის იყოს, რომ აქამდე აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა არ ჩქარობდა აფხაზობის მინიჭებას მსურველებისთვის. თავის მხრივ, არც გალელები ცდილობდნენ ამ „შესაძლებლობის“ გამოყენებას. თუმცა, რახან აფხაზეთში ამ საკითხზე მსჯელობა ახალი ძალით ახლახან გაიშალა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებიც მზადდება, არაა გამორიცხული გაიზარდოს „ისტორიული ეროვნების აღდგენის“ მსურველების რაოდენობა, მით უფრო, რომ ამის გამო საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა არ მოუწევთ.

აფხაზეთის მთავრობისგან შესაბამისი მზადყოფნა იკვეთება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს თქმით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელი საიდა ბუთბა შემხვედრი ინიციატივით გამოვიდა და მთავრობას შესთავაზა, აფხაზეთის დე-ფაქტო მეცნიერებათა აკადემიასთან ერთად შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აღირიცხება ის გვარები, რომლებიც საბჭოთა დროს „გაქართველდნენ“.

სამომავლოდ ამ პროცესში რუსული რბილი ძალის ჩართულობის კონტურებიც ჩანს. სოხუმში რუსული სათვისტომოს ხელმძღვანელმა რომან რიაზანცევმა „აფხაზეთ-რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობის პლატფორმა“ დააფუძნა, რომლის მიზანია იდეოლოგიურ და პროპაგანდისტულ საქმიანობაში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის მხარდაჭერა. ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმს დე-ფაქტო აფხაზეთის მმართველი პარტიის „ამცახარას“ პოლიტსაბჭოს წევრმა ზაურ ადლეიბამ მოაწერა ხელი. ორგანიზაციამ გალის რეგიონში საქმიანობა პრიორიტეტად გამოაცხადა, რადგან აქ ძლიერია „მოწინააღმდეგის“ (საქართველოს) გავლენა. უცნობია, კონკრეტულად რა მიმართულებით დაეხმარება „აფხაზეთ-რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეობის პლატფორმა“ დე-ფაქტო მთავრობას, თუმცა რუსული რბილი ძალის პროპაგანდის და იდეოლოგიური მუშაობის გააქტიურება აუცილებლად იქნება მოსალოდნელი გალელების განწყობების შესაცვლელად.
 
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

10.06.2021
„შავი სიები“ და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორში
მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 
08.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

04.06.2021