სიახლეები
„წერტილოვანი“ ტერორი ახალგორში
14.05.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში ახალგორში არსებულ ვითარებას. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ეფექტური კონტროლის არ არსებობის და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების სისტემატური უგულებელყოფის გამო, რთულია კონკრეტული პირების სახელების და ისტორიების გამჟღავნება, რის გამოც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მხოლოდ ზოგადი ცნობებით შემოიფარგლება.

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება აგრძელებს ახალგორში მცხოვრები განათლების და კულტურის სფეროს ქართველი წარმომადგენლების შევიწროებას და მათთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. ცალკეულ შემთხვევაში, გადაადგილების აკრძალვა მხოლოდ თბილისის მიმართულებით მგზავრობას არ ეხება და რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთაზეც ვრცელდება. აპრილში რუსეთის მიმართულებით გადაადგილება აუკრძალეს ქართველ მასწავლებელს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლებრივი დევნა საზოგადოებისთვის უცნობი საფუძვლით მიმდინარეობს.

თუმცა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით,  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა ზეწოლის ერთადერთი ფორმა არაა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების სამსახური ბოლო პერიოდში დაინტერესდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებითაც. ამ შემთხვევაში საქმე ეხება კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის არტეფაქტების თითქოსდა სამხრეთ ოსეთიდან გატანას, რის გამოც გამოკითხვაზე დაიბარეს კულტურის გამოცდილი მუშაკი.

დევნის და ზეწოლის ეს ორი ფაქტი, რომელიც ბოლო უახლოეს კვირებში ახალგორში მოხდა, დამაფიქრებელია იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეიძლება ისინი განვიხილოთ „წერტილოვანი“ ტერორის ტენდენციად, რომელიც ადგილობრივი ქართველი საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსი დევნის და ზეწოლის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია ახალგორელ პედაგოგს და სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს აქვს, რომლის სასამართლო პროცესი თოთხმეტთვიანი პაუზის შემდეგ წინა თვეში ისევ განახლდა.

2008 წლის ომის შემდეგ ახალგორის რაიონი პრაქტიკულად დაიცალა და მოსახლეობის ის მცირე ნაწილი, რომელიც იქ რჩება, ცხადია, თავისი კულტურული და განათლების უფლებების რეალიზების და მათზე ხელმისაწვდომობის მხრივ დამოკიდებულია ადგილობრივ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ინტელიგენციაზე. ამ უკანასკნელის გამოფიტვა და მისი წაშლა, ცხადია, ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის კულტურულ და საგანმანათლებლო უფლებებზე უარის თქმას ნიშნავს.
 
DRI იწყებს „ოდეერების“ გავლენის შესწავლას საჯარო და კერძო დაწესებულებებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს. სხვა საკითხებთან ერთად, DRI-ის ყურადღების ცენტრში ე.წ. „ოდეერებიც“ არიან.

10.06.2021
„შავი სიები“ და გადაადგილების შეზღუდვა ახალგორში
მაისის ბოლოს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ, ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 
08.06.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოფელ საყულიაში განვითარებული მოვლენების შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა.

04.06.2021