GEO   ENG
ანგარიშები
DRI ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსულ ჯგუფებსა და მედია საშუალებებზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს
12.07.2022
DRI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში წარმოადგენს სოციალური მედიის მონიტორინგის შედეგს, რომელშიც გაანალიზებულია 2022 წლის მაის-ივნისის პერიოდში ულტრამემარჯვენე ლიდერებისა და მედია საშუალებების ძირითადი გზავნილები და ტენდენციები; ასევე, შესწავლილია მათი დეზინფორმაციული დისკურსის მიმართულებები.

საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ და ონლაინ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის 463 შემთხვევა გააანალიზა. ანალიზმა ულტრამემარჯვენე ძალების დისკურსში სამი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა:

  1. ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის დაანონსების შემდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა
  2. ანტიდასავლური კამპანია, რომელმაც ახალი სიცოცხლე შეიძინა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული კრიტიკული რეზოლუციის[1] შემდეგ
  3. პროკრემლისტური რიტორიკა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
გასული პერიოდის მსგავსად, ულტრამემარჯვენე ლიდერები კვლავ აგრძელებდნენ სოციალური და ონლაინ მედია პლატფორმების აქტიურ გამოყენებას მცდარი საზოგადოებრივი განწყობების ჩამოსაყალიბებლად და მხარდამჭერთა მობილიზაციისთვის.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ერთი ფლანგი, სადაც „ქართული იდეა“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „ზნეობა“ არიან გაერთიანებული, ჰომოფობიური განწყობების გაღვივების გზით ცდილობდა დასავლეთის დისკრედიტაციას. მეორე ფლანგი - „კონსერვატიული  მოძრაობა“ და „ალტ-ინფო“ კი, ევროატლანტიკური ინსტიტუტების დემონიზაციის პარალელურად, აქტიურად აჟღერებდა ღიად პროკრემლისტურ ნარატივებს. მნიშვნელოვან ტენდენციად გამოიკვეთა იდენტობისა და ღირებულებითი შეუთავსებლობის ხაზგასმა საქართველოსა და დასავლეთს შორის. ამავდროულად, მართლმადიდებელი რუსეთი დასავლეთის საპირწონედ იყო წარმოდგენილი, რომელთანაც დიალოგის აუცილებლობას ულტრამემარჯვენე ჯგუფების აზრით, განაპირობებს როგორც კულტურულ/რელიგიური მსგავსება, ასევე, უსაფრთხოების გარანტიების მიღების საჭიროება.

კრემლისტური სადეზინფორმაციო კამპანიის მთავარ პლატფორმად რჩება „ალტ-ინფო“, რომელიც აქტიურად ეწევა ანტიდასავლურ და ჰომოფობიურ პროპაგანდას. საანგარიშო პერიოდში შესამჩნევი იყო „ქართული ოცნებისა“ და „ალტ-ინფოს“ იდენტური გზავნილები ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის შეფასებისას. ორივე ცდილობდა დასავლეთი წარმოეჩინა მხარედ, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად „საქართველოში მეორე ფრონტის“ გახსნას და ქვეყნის საომარ პლაცდარმად გადაქცევას მოითხოვს.

როგორც „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“, ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპარლამენტის რეზოლუცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ უსამართლოდ შეაფასეს და მისი კრიტიკული ტონი საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას დაუკავშირეს.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა  კონსტანტინე მორგოშიამ ტვ. „ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარში“ განაცხადა: „რეზოლუციის ნაწილი, რაც გაჟღერდა, ჩემი აზრით, სავსებით უსამართლოა, როგორც მედიის კუთხით, ასევე ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რომელსაც იმის გამო, რომ არ სურს ქართველ ხალხს დაუპირისპირდეს და ომის მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში, უწესებენ სანქციებს".

იდენტური გზავნილების შემცველი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს რეზოლუციის შეფასებისას საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნეს, რომ „ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით, ბიძინა ივანიშვილზე. დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს.“

 „ალტ-ინფოს“ ლიდერების ძირითადი ნარატივი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასთან დაკავშირებით, იმეორებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის რიტორიკას, რომელსაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა.“

საანგარიშო პერიოდში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების „ქართული იდეის“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და „კონსერვატიული მოძრაობა - ალტ-ინფოს“ აგრესიული რიტორიკის სამიზნე აღმოჩნდა „თბილისი პრაიდიც“. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადეს, რათა „არ დაეშვათ“ „გარყვნილების პროპაგანდა“ საქართველოში.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კვლავ თვალშისაცემი იყო საქართველოში ღიად პრორუსული და ულტრამემარჯვენე განწყობებით ცნობილი პოლიტიკური ძალების გააქტიურება რუსეთთან ურთიერთთანამშრომლობის „გაღრმავების“ მიმართულებით.

ვრცლად მაის-ივნისის თვეებში ულტრამემარჯვენე რადიკალური ჯგუფების ლიდერებისა და მედია საშუალებების ძირითადი დეზინფორმაციული გზავნილები შეგიძლიათ იხილოთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.


[1] ევროპარლამენტის რეზოლუცია კრიტიკულად აფასებს საქართველოს ხელისულებას და ხაზს უსვამს რეფორმების აუცილებლობას, რომელიც უნდა გაატაროს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის.


ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის პრევენცია საქართველოში
ულტრამემარჯვენე რიტორიკა  და ტენდენციები სოციალურ მედიაში (მაისი-ივნისი)

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024