GEO   ENG
სიახლეები
ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს ახალისებს
19.06.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს რომ „ქართული ოცნების“ ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება სიძულვილის ჯგუფების მიმართ, რაც წლების მანძილზე ძალადობის არაერთი ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებაში გამოიხატებოდა, 17-18 ივლისს კიდევ ერთხელ დადასტურდა. უფრო მეტიც, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ძალადობის პირდაპირმა და ირიბმა წაქეზებამ.

2023 წლის 17 ივნისს ბორჯომში სასტუმრო Eco Hotel-ის ტერიტორიაზე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ბანაკში, არასრულწლოვან მონაწილეებს ძალადობრივი და რადიკალური ჯგუფები დაესხნენ თავს. მოძალადეები ისროდნენ ქვებს, კვერცხებს და გამოირჩეოდნენ ბილწსიტყვაობით. მოძალადეთა ჯგუფებმა ქვები და საღებავები დაუშინეს პარტია „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ წევრის როკო მწყერაშვილის მანქანას. ბანაკზე თავდასხმის მომენტში, ადგილზე იმყოფებოდა  ხელისუფლების სატელიტი ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარაშვილი. მან მედიებთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ სწორედ მისი ორგანიზაციის მხარდამჭერები იმყოფებოდნენ აქციაზე და აღნიშნული საპატრიარქოსა და რელიგიის დაცვის მოტივით გაამართლა. საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.

საგანმანათლებლო ბანაკის ძალადობრივად ჩაშლის ინციდენტს წინ უძღოდა 17 ივნისს, გორში  პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმა. ოპოზიციონერ ლიდერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო გორის მაცხოვრებელმა სოსო მაისურაძემ, რომელმაც ფეისბუქ პოსტით განაცხადა, რომ „ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის.“

ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმას ერთ-ერთი პირველი ფეისბუქ პოსტით ვატო შაქარაშვილი  გამოეხმაურა, წაახალისა ძალადობა და აღნიშნა, რომ ზურა ჯაფარიძე ვეღარ შეძლებს ახალგაზრდების „მოწამვლას“ საკუთარი ტრენინგებით.

2023 წლის 18 ივნისს, ვატო შაქარაშვილის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა გააპროტესტეს „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია.  აქციაზე,  ვატო შაქარაშვილმა „ფრანკლინის კლუბი“ „ტერორისტულ დაჯგუფებად“  მოიხსენია

„ფრანკლინის კლუბი“ წარსულში არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკის სამიზნე. განსაკუთრებით კი, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ფონზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, არაერთი მადისკრედიტირებელი ეპითეტი გამოიყენა „ფრანკლინის კლუბის“ წევრების შესახებ. კერძოდ, მან „სატანისტებად და ექსტრემისტებად“ მოიხსენია აღნიშნული ორგანიზაციის წევრები და ბრალი დასდო პროვოკაციების მოწყობაში.  რადიკალურ დაჯგუფებად და უცხოური ძალების აგენტად მოიხსენია „ფრანკლინის კლუბი“ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.

17 ივნისს განხორციელებულ ორივე ძალადობრივ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ზურა გირჩი ჯაფარიძეზე თავდასხმის ფაქტს შსს იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა),  სემინარის ჩაშლისა და იქ მომხდარ ძალადობის ფაქტს კი 187-ე (სხვისი ნივთის განადგურება) მუხლით. საზოგადოებისთვის უცნობია, მუშაობს თუ არა გამოძიება ვატო შაქარაშვილის, როგორც ძალადობრივი დანაშაულების ორგანიზატორის პასუხისმგებლობის საკითხზე.

17-18 ივნისს, ქრონოლოგიურად განხორციელებული ძალადობრივი ინციდენტები, საპროტესტო აქციები და თავდასხმები, რომლებსაც უშუალოდ ხელმძღვანელობს ან ახალისებს სახელისუფლებო სატელიტი ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ლიდერი ვატო შაქარაშვილი, ღიად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. განსხვავებული აზრისთვის ძალადობის დაპირისპირება, არასრულწლოვანების დევნა და აგრესიული კამპანია სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების  წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას და მნიშვნელოვანი წინაღობაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:

  • შეწყვიტოს ძალადობრივი დაჯგუფებების ღია და ფარული მხარდაჭერა და ძალადობის, როგორც ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის იარაღის ინსტრუმენტალიზაცია;
  • უზრუნველყოს რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
  • უზრუნველყოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე და მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილე პირების გამოვლენა და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.





DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.
26.09.2023