DRI - ხელისუფლება სიძულვილის ჯგუფების ძალადობას ახალისებს
11.07.2023
2023 წლის 8 ივლისს „პრაიდ ფესტივალის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანს ლგბტ+ თემის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა არ წარმოადგენდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები 8 ივლისის აქციას მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. 2021 წლის 5 ივლისისგან განსხვავებით, შსს-მ უზრუნველყო სამართალდამცავთა უპრეცედენტო რაოდენობისა და დამატებითი ძალების მობილიზება. თუმცა, პოლიციელთა დიდი რაოდენობის მობილიზაციის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა სამართალდამცავთა უმოქმედობა და ხაზგასმით ლოიალური დამოკიდებულება ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებისა და დემონსტრანტების მიმართ.
პრაიდის დასკვნით ღონისძიებამდე გაცილებით ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული იყო ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების განზრახვის შესახებ, ჩაეშალათ „პრაიდი კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდს“ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მისცა.
7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „თბილის პრაიდის“ დახურული ღონისძიება მშვიდ ვითარებაში ჩატარდებოდა და სამართალდამცავები ყველა ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.
მიუხედავად აღნიშნული გარანტიებისა, ძალადობრივი აქციის დემონსტრანტებმა ლისის ტბის მიმდებარედ მარტივად გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ეფექტიანი, პრევენციული და სამართალდარღვევაზე მყისიერი რეაგირების ნაცვლად კი, პოლიციამ ფესტივალის მონაწილეები ტერიტორიას გაარიდა.
მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორებმა შეკრების საწყის ლოკაციაზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, ღიად განაცხადეს, რომ ყველაფრის ფასად ჩაშლიდნენ პრაიდ ფესტივალს, პოლიციას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია ლისის ტბისკენ მსვლელობით მიმავალი დემონსტრანტებისთვის. უფრო მეტიც, რამდენიმე ასეული სამართალდამცველი სამანქანო ესკორტით წინ მიუძღოდა მსვლელობას. პოლიცია თავად შეუძღვა ჩაშლილი ფესტივალის ტერიტორიაზე „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერ ზურა მახარაძესა და ძალადობრივი ორგანიზაციის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ ვატო შაქარაშვილს ფესტივალის ორგანიზატორთა ევაკუაციაში დასარწმუნებლად. სამართალდამცავთა ჯეროვანი რეაგირება არ მოჰყოლია არც შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ფესტივალის კერძო ტერიტორიის დარბევა და გაძარცვა დაიწყეს. ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით დაკავებულია მხოლოდ 2 პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ 8 ივლისს განვითარებული მოვლენები ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა და პირდაპირ კავშირშია 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების დაუსჯელობასთან, რომლებიც დაუბრკოლებლად აგრძელებენ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზებას და მართვას.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
შეწყვიტოს ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია და ძალადობრივი ჯგუფების ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერა
უზრუნველყოს რადიკალური ჯგუფების დამფინანსებლების და ორგანიზატორების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება
უზრუნველყოს 8 ივლისს მასობრივი და ორგანიზებულ ძალადობის ორგანიზატორების და მონაწილეების სამართლებრივი პასუხისმგებლობა
უზრუნველყოს ლგბტ+ ადამიანების უფლებებისა და უსაფრთხოების, მათ შორის, კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დაცვა.