GEO   ENG
სიახლეები
ნათია ბახტაძის მკვლელობა - ფემიციდი და ქალთა უუფლებობა აფხაზეთში
14.09.2023
2023 წლის 28 ივლისს ქალაქ გალში ეთნიკურად ქართველი, საქართველოს მოქალაქე ნათია ბახტაძე გაუჩინარდა. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი „ქორწინების მიზნით მოიტაცეს“. ნათიას გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში სოფელ ილორში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი ერთი კვირით ადრე გულრიფშიდან დაკარგული ახალგაზრდა ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად გარდაცვლილის ვინაობა დადგინდა, მის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები არ გახმაურებულა.  

ნათია ბახტაძეს ცხედარი დღემდე არ უპოვიათ. დე ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ბახტაძეს მკვლელობაში ბრალდებული ოჩამჩირის მკვიდრი აინაც ცვიჟბა. ცვიჟბამ მკვლელობა აღიარა და მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. მისი განცხადებით, ქალის უარი და ინფორმაცია ნათიას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ გახდა მკვლელობის მიზეზი.

აინარ ცვიჟბას მამა თამაზ ცვიჟბა რეგიონში გავლენიან პირად ითვლება. წარსულში თემურ ნადარაიას პირველი მოადგილე იყო გალის რაიონში; ამჟამად აღმოსავლეთ აფხაზეთში ფქვილის ბიზნესი აქვს. აფხაზეთში მკვლელობასთან დაკავშირებით ამოღებულ კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ 28 ივლისს, ნათია ბახტაძეს გაუჩინარების დღეს, მანქანა, სადაც სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი მოკლეს, თამაზ ცვიჟბას გასარეცხად მიჰყავს. თამაზ ცვიჟბა თან ახლდა თავის შვილს მაშინაც, როდესაც მკვლელობაში ბრალდებული რუსეთში მიმალვის მიზნით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. თამაზ ცვიჟბა ამჟამად დაკავებული არაა.

2023 წლის 31 აგვისტოს ნათია ბახტაძის დედამ ღია წერილი გამოაქვეყნა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, შსს მინისტრსა და ომბუდსმენს მიმართა. იამზე აგუმავა შვილის ცხედრის მოძებნას ითხოვს და წერს, რომ მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან: ჩემი ქალიშვილის მკვლელობიდან თვეზე მეტი გავიდა და ნათიას ცხედარი ჯერ არ არის ნაპოვნი. არ მჯერა, რომ ჩემი ქალიშვილის ცხედარი იქ არის, სადაც ეძებენ. მკვლელის ახლობლებმა ყველაფერი იციან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ისინი დაეხმარნენ მას ცხედრის მოშორებაში. გთხოვთ, დააკავოთ და დაკითხოთ აინარ ცვიჟბას ახლობლები, რადგან მან აღიარა, რომ დაურეკა მამას და თქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. ცხედრის დამალვა მარტო მას არ შეეძლო - დანაშაულის დამალვაში ახლობლები ეხმარებოდნენ. მათ გადაწყვიტეს ცხედარი დაემალათ და სადმე ტყეში დამარხეს, იმ იმედით, რომ დანაშაულისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ. გთხოვთ, მოიძიოთ ჩემი ქალიშვილის ცხედარი“, - ნათქვამია დედის წერილში.

აფხაზეთში ქალების უუფლებობასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, სადაც მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე საზოგადოებისთვის დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, ნათია ბახტაძეს საქმის ობიექტურად გამოძიებას შეიძლება ხელი შეუშალოს მოკლულის ეთნიკურმა წარმომავლობამ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ნათია ბახტაძის მკვლელობასთან და მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებული გარემოებები ნათლად წარმოაჩენს ქალთა უფლებების მიმართულებით არსებულს საგანგაშო მდგომარეობას აფხაზეთში, სადაც ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ქალთა და არასრულწლოვანთა მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით.  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს:

  • აფხაზეთის დე ფაქტო ომბუდსმენთან და აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოს ნათია ბახტაძის მკვლელობასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ ინფორმაციის საჯაროობა საქმეზე ობიექტური განაჩენის მიღწევის და სავარაუდო დამნაშავეთა დასჯის მიზნით
  • უზრუნველყოს ოკუპირებულ გალში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი
  • ქართულ და აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, დაგეგმოს და განახორციელოს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საბრძოლველად ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები.
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო

11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობა დენით  დღის განმავლობაში 2 საათი და 48 წუთის განმავლობაში ისარგებლებენ. 

13.12.2024
მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში დაუსაბუთებლად იბარებენ

სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ.

11.12.2024
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პირების იძულებით გამოკითხვებთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს.

11.12.2024