GEO   ENG
განცხადებები
საქართველოს ხელისუფლებამ ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიების გაგრძელების შესახებ რეზოლუციას მხარი უნდა დაუჭიროს
03.04.2024
2024 წლის 20 მარტს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიაზე ბელორუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის 2023 წლის ანგარიში მოისმინეს. უმაღლესი კომისრის ეს რიგით მესამე ანგარიშია, რომელიც 2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელორუსში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას შეეხება.

მინსკში დღესაც გრძელდება მშვიდობიან აქციებში მონაწილეობისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო პოლიტიკური მოტივით დევნა. ხელისუფლებამ რეგისტრაცია გაუუქმა ორასზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და დამოუკიდებელ პროფკავშირებს და მათი ასობით წევრი და თანამშრომელი დააპატიმრა „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“; 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია ვერ მოახერხა ვერცერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ.

შესაბამისად, გაეროს ადამიანი უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში წელსაც იმეორებს, რომ განსხვავებული აზრის გამო მოსახლეობის მასობრივი და სისტემატური დევნა და შევიწროება ისევ გრძელდება, და ამ წლების მანძილზე ჩადენილი დანაშაულები ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გაუტოლდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

დაკავების, დევნის თუ სხვა რეპრესიებისგან თავის დაცვის და ბელორუსიდან იძულებით განდევნილი მოსახლეობის რიცხვი ასობით ათასს აჭარბებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბელორუსის რამდენიმე ათეული ათასი მოქალაქე საქართველოში უკვე წლებია ცხოვრობს.

ბოლოს სამი წლის მსგავსად, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერობით კვლავ მოითხოვენ გაგრძელდეს ბელორუსში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლა დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ. გასულ წელს საქართველომ თავი შეიკავა მხარი დაეჭირა რეზოლუციისათვის  ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიების და დოკუმენტირების გაგრძელების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით საქართველო ბანგლადეშის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, მაროკოს და სამხრეთ სუდანის გვერდით აღმოჩნდა.

შემდეგი რეზოლუციისათვის კენჭისყრა 2024 აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და მათი მოკავშირეები მხარს უჭერენ ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოძიების და დოკუმენტირების გაგრძელებას 2024 წელსაც, რადგან მდგომარეობა ამ მხრივ კიდევ უფრო უარესდება.

ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ერთ-ერთ აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.

შესაბამისად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს ბელორუსში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოძიების და დოკუმენტირების გაგრძელების შესახებ რეზოლუციას. 
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
პოლიტიკური გავლენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და ანგარიშვალდებულების დეფიციტი

ბოლო პერიოდში შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სუსის პოლიტიზების საკითხი კიდევ უფრო აშკარა გახდა.

10.11.2025
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები კი გამოიყენება ქართულ  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

10.11.2025
საბოტაჟის საქმეზე ბრალდებით და პარტიების აკრძალვით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დემოკრატიული სამყაროდან იზოლაციის პროცესს აჩქარებს

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მწვავე შეფასების გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ ბრალი ოპოზიციურ ლიდერებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ მძიმე დანაშაულებზე წარუდგინა.

06.11.2025