GEO   ENG
სიახლეები
ტატუნაშვილის საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ
03.03.2018
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და ამ ტერიტორიებზე სიცოცხლის ხელყოფისა და თავისუფლების შეზღუდვის გავრცელებულ პრაქტიკებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი წარადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ, როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის მიმართულებით უკვე არაერთი წელია მასიურ ხასიათს ატარებს. ყოველწლიურად ასობით საქართველოს მოქალაქე ხდება ამ დანაშაულის მსხვერპლი, მათ შორის ქალები და ბავშვები. უმეტეს შემთხვევაში, გატაცებულები გარკვეული თანხის სანაცვლოდ თავისუფლდებიან, თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც გატაცებულები წლების განმავლობაში ტყვეობაში რჩებიან. მათი დაკავების პირობები როგორც წესი არის მძიმე და არაადამიანური, არაერთი დაკავებული საუბრობს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის გვამი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს. 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში მოკლეს საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია. 2018 წლის 22 თებერვალს ცხინვალის რეგიონში დაკავებული არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი პირი კი მართალია დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავებიდან გაათავისუფლა, თუმცა მათ ამ დრომდე არ ეძლევათ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება. 2017 წლის აგვისტოდან ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლება არ ეძლევა თამარ მეარაყიშვილსაც, რომლის წინააღმდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისფულებამ მედიაში გამოქვეყნებული სტატიებისა და მისი სამოქალაქო აქტივიზმის გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. სიცოცხლის მოსპობის ამ შემთხვევებს კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ დავით ბაშარულის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობისათვის დღემდე არავინ დასჯილა. 23 თებერვლიდან დღემდე არჩილ ტატუნაშვილის ცხედრისათვის ექსპერტიზის ჩატარებისა და გვამის გადმოსვენებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ გამოძიება რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტურად და ობიექტურად არც ამ შემთხვევაში წარიმართება. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, მას ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის არ არსებობის გამო ან არ შეუძლია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება ან/და არ გააჩნია მათ შორის, გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ეფექტური მექანიზმი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე. ევროპული სასამართლოს იურისპრუდენცია ასევე ითვალისწინებს de jure იურისდიქციის მქონე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს განახორციელოს ყველა გონივრული, მათ შორის, დიპლომატიური და სამართლებრივი ღონისძიება სადავო ტერიტორიაზე დარღვეული უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა დიპლომატიური არხი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პრაქტიკების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა და აღმოფხვრის მიზნით. ამასთან, ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად ,,ყოველ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციისა და მისი ოქმების ნებისმიერი სავარაუდო დარღვევის შესახებ''. ოკუპაციის შემდგომ წლებში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მასშტაბი და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოვლენილი გულგრილობა ამგვარი დავის გამოყენების მიზანშეწინილობას ქმნის. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არ არსებობის პირობებში, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო პოლიტიკური რეჟიმების თვითნებობისა და უკონტროლობის სივრცეებად იქცა, რაც ქმედით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს საქართველოსგან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და ამ რეგიონების მიმდებარედ ადამიანის უკანონო დაკავების, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება მასიურ ხასიათსა და რუსეთის ფედერაციის დადგენილი ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენს, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები უნდა გამოიყენოს.

ამიტომ, ხელმომწერილი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმი - სახელმწიფოთშორისი საჩივარი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებზე. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში მიმართოს ევროპულ სასამართლოს და კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს, რათა ა/წ 22 თებერვალს დაკავებული ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის, ასევე თამარ მეარაყიშვილის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ არჩილ ტეტუნაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ოჯახს.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024