ქართული რეალობისთვის მმართველი პარტიებისა და
საქართველოს საპატრიარქოს მჭიდრო თანამშრომლობა უცხო არ არის. თუმცა, ხელისუფლების
მხრიდან რელიგიური თემებით მანიპულირების მასშტაბების მკვეთრი ზრდა, რაც საბოლოო
ჯამში, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივით
დაგვირგვინდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 2000 წლის შემდეგ
ჩატარებული სხვა არჩევნებისგან მკვეთრად განასხვავებს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“
რიტორიკაში იმდენად გაძლიერდა ფსევდო რელიგიურ-ეროვნული სენტიმენტები,
რომ მმართველმა პარტიამ მთლიანად დაიკავა მანამდე მკვეთრად პრორუსული ულტრამემარჯვენე
ფლანგის ნიშა. ულტრამემარჯვენე ჯგუფების მსგავსად, 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნებში ხელისუფლებამ პოლიტიკურ ფოკუსში მოაქცია: ფსევდო-რელიგიური
ღირებულებები, „ოჯახის ინსტიტუტი“, გენდერული და სექსუალური იდენტობის საკითხები,
რაც, სავარაუდოდ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების
გადატანას ისახავს მიზნად.
იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო
კამპანია უპრეცედენტოდ გაჯერებულია რელიგიური თემებით, რასაც, თავის მხრივ,
შემხვედრი კეთილგანწყობილი ნაბიჯები მოყვა საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან,
მნიშვნელოვნად გაიზარდა საარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების ჩარევის
საფრთხე, რაც საქართველოს საარჩევნო კოდექსით აკრძალულია.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა სასულიერო პირების მხარდაჭერა ხელისუფლებისადმი,
რაც გამოვლინდა მრევლთან იმ თემებზე აპელირებით, რომელიც მმართველი
გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი „მესიჯბოქსია“, ესენია:
1.
სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის დისკრედიტაცია
2.
ომში ჩათრევის საფრთხე
3.
ანტიამერიკული და ანტიევროპული გზავნილები
4.
ოჯახური ღირებულებების დაცვა და ანტი-ლგბტ პროპაგანდა.
დემოკრატიის კვლევის ცენტრის დაკვირვებით, სასულიერო პირები ესწრებიან
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებს და მონაწილეობენ „ქართული
ოცნების“ დელეგატთა საარჩევნო შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე ინტენსიური გახდა „ქართული
ოცნების“ლიდერების ვიზიტები მართლმადიდებელ ტაძრებსა და სამლოცველოებში. ამ კუთხით
განსაკუთრებით აქტიური იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც 14
ოქტომბერს, სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს ამბიონიდან მიმართა.
ფსევდო რელიგიური
კანონების მიღების
გარდა, მმართველი გუნდი
მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის კეთილგანწყობის მოპოვებას საპატრიარქოსთვის სახელმწიფო საკუთრების და
საბიუჯეტო თანხების გადაცემითაც ცდილობს.
2024 წლის 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამი განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, საპატრიარქო სახელმწიფოსგან მიწის სამ ნაკვეთს მიიღებს; ორს პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად, ერთს კი – უსასყიდლო უზრუნველყოფის უფლებით, 99 წლის ვადით.
კიდევ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სასულიერო პირები ღიად უცხადებენ
მხარდაჭერას, ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსია,“
რომელიც საპარლამენტო არჩევნებში პროკრემლისტურ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოსთან“
ერთად მონაწილეობს. შეკრებებზე დასწრების გარდა, სასულიერო პირები პოლიტიკური ძალის საარჩევნოდ გახსნილ რეგიონულ
ოფისებსაც აკურთხებენ.
დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა
ერთ-ერთი ქადაგებისას, პირდაპირ
და ღიად მოუწოდა მრევლს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მხარდაჭერისკენ და განაცხადა:
„ალტ-ინფოს ბიჭები არიან მოვლენა ჩვენს ქვეყანაში.
ისინი ქადაგებენ ჭეშმარიტებას და მათ ერთადერთი სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. კულისებში
ერთმანეთთან ვსაუბრობთ, რომ არჩევნებზე ყველა ვხაზავთ 8 ნომერს, მაგრამ საჯაროდ ამის
გამოხატვას ვერიდებით. უნდა გვახსოვდეს, რომ ამგვარი მდგომარეობა არ არის ნორმალური.“
* * * * *
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა
და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არა აქვს რელიგიურ ორგანიზაციას. აგიტაციას წარმოადგენს
არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ გაკეთებული აქტიური
მოწოდება, არამედ გარკვეული ქმედებაც, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში
მონაწილეობა.[1]
შესაბამისად, აგიტაციად ჩაითვლება მღვდელმსახურთა დასწრება საარჩევნო ღონისძიებებზე.
ფორმალური თვალსაზრისით მღვდელმსახურები (მიუხედავად მათი ავტორიტეტის
და გავლენის ხარისხისა) გამოხატვის თავისუფლებით
სარგებლობენ და მათ აკრძალული არა აქვთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. საკანონმდებლო
აკრძალვა მხოლოდ რელიგიურ ორგანიზაციებსა და მათ ოფიციალურ წარმომადგენლებზე ვრცელდება. თუმცა ამგვარი განმარტება ვერ უზრუნველყოფს კანონმდებლის
მიზნის მიღწევას და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას.
დემოკრატიის კვლევის ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას რელიგიური
თემატიკით მანიპულირებისგან და საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს კანონმდებლობის
პატივისცემის სულისკვეთებით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს უზრუნველყოს სასულიერო პირების
ნეიტრალობა.
[1] საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2, ქვეპუნქტი ჰ1
ფსევდო რელიგიური ღირებულებები პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ფოკუსში (სასულიერო პირების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მონიტორინგის ანგარიში)
5 თებერვალს, ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღება დაუანონსა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, კანონმდებლობაში ცვლილებების
შეტანის გზით, რეპრესიული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრება დააანონსა.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის იურისტები განაგრძობენ მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებების დაცვას.