GEO   ENG
ანგარიშები
წინასაარჩევნოდ და კენჭისყრის დღეს გამოვლენილმა დარღვევებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა
22.11.2024

დემოკრატიის კვლევის ცენტრის დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ და კენჭისყრის დღეს მიმდინარე დარღვევების მასშტაბი, ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების სამართლიანობასა და ლეგიტიმურობას.

დემოკრატიის კვლევის ცენტრი წინასაარჩევნო გარემოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის დღიდან აკვირდება. თუმცა, ანგარიშში ასახულია როგორც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ისე კენჭისყრის დღის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიც. 

დაკვირვების შედეგად გამოვლინდა:

  • წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა პოლიტიკური პოლარიზაცია, რაც, მეტწილად,ქართული ოცნებისანტიევროპული განცხადებებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ე.წ. რუსული კანონი) კანონის მიღებით და არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო „დაპირებით“ იყო გამოწვეული.
  • ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ რიტორიკაში იმდენად გაძლიერდა ფსევდო რელიგიურ-ეროვნული სენტიმენტები, რომ მმართველმა პარტიამ მთლიანად დაიკავა მანამდე მკვეთრად პრორუსული ულტრამემარჯვენე ფლანგის ნიშა.
  • მმართველი გუნდი მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის კეთილგანწყობის მოპოვებას, საპატრიარქოსთვის სახელმწიფო საკუთრების და საბიუჯეტო თანხების გადაცემითაც შეეცადა. წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, საქართველოს საპატრიარქოს  ერთ ლარად გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობები.
  • არჩევნების დანიშვნის დღის შემდეგ მიღებული რამდენიმე საკანონმდებლო აქტის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათი მიღების მიზანი წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ფართო ჯგუფის კეთილგანწყობის მოპოვება  იყო.   
  • 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს საარსებო დახმარება დაახლოებით 47 ათასი ადამიანით მეტმა მიიღო. 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ რეკორდული რიცხვი - 682,739 ადამიანი შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობის ასევე რეკორდული - 18.5 %-ია. 
  • 2024 წელს, მუნიციპალიტეტების საკრებულოების აპარატებში 8.2%-ით გაიზარდა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა. შესაბამისად, საკრებულოების აპარატებში შტატებისა და ხელფასების საერთო მატების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით (თბილისის გარდა) მთლიანი სახელფასო ფონდი 16.5%-ით გაიზარდა
  • 2024 წელს თბილისის საკრებულოს აპარატს, მიუხედავად შტატების რაოდენობის შემცირებისა, სახელფასო ფონდი თითქმის 10%-ით გაეზარდა.
  • 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, მუნიციპალური ა(ა)იპ-ების მთლიანი სახელფასო ფონდი დაახლოებით 17%-ით, ხოლო სამუშაო ადგილების რიცხვი - 4.2%-ით გაიზარდა.
  • 2024 წლის აგვისტოდან ინტენსიური ხასიათი მიიღო სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების/პროგრამების ინიციირება/განხორციელებამ, რაც, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებად უნდა შეფასდეს.  
  • საანგარიშო პერიოდში ინიციირებული პროგრამები/ინიციატივები ძირითადად მიმართული იყო ახალგაზრდებზე. ხშირად, პროგრამების/ინიციატივების ნაწილი ფინანსური სარგებლის მიღებას ითვალისწინებდა, რაც თავის მხრივ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
  • წინასაარჩევნო პერიოდის ოფიციალურად დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით რვა მუნიციპალიტეტს სახელმწიფო ბიუჯეტში წლების განმავლობაში მორჩენილი 1 082 961 ლარი  გადასცა.  
  • საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. ანგარიშში, კენჭისყრის დღის ჩათვლით მომხდარი ძალადობის 30 შემთხვევაა განხილული.
  • 2024 წლის აგვისტოში სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
  • პარტიულ ღონისძიებებზე, ხელმძღვანელთა დავალებით არაერთხელ წაიყვანეს სკოლებისა და საბავშვო ბაღების პედაგოგები და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა სამუშაო საათებში სკოლის პედაგოგების პარტიულ ღონისძიებაში მონაწილეობის ფაქტებს, რაც კანონდარღვევას წარმოადგენს.
  • საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის დელეგატები მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და სახელისუფლებო პარტიას შორის და უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს საარჩევნო სუბიექტებს.
  • 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა კენჭისყრის შედეგების ლეგიტიმურობა.

·       წინასაარჩევნო პერიოდში ხუთი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ჯამური დაფინანსება 39 მილიონ ლარს აღემატებოდა, აქედან 16 მილიონ ლარზე მეტი „ქართულ ოცნებას“ შესწირეს.


2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება

ფსევდო რელიგიური ღირებულებები პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიის ფოკუსში და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური აქტორების წინასაარჩევნო კამპანია


დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024